რატომღაც სამსახურის ინტერვიუებში ტყუილი ჩვეულ სტანდარტად იქცა და ამას მხოლოდ დასაქმების სურვილის მქონე ადამიანები კი არა, დამქირავებელი მენეჯერებიც აკეთებენ. ზოგი სულ იტყუება, ზოგი ხშირად, ზოგიც პერიოდულად… თუმცა ყველაზე გასაკვირი ის იყო, რომ ახალი კვლევის თანახმად, ეს კიდევ უფრო ხშირად ხდება განათლებულ, მაღალი ანაზღაურების მქონე კანდიდატების შემთხვევაში…
ახლა კი უშუალოდ ციფრებისკენ გადავინაცვლოთ — დასაქმებულთა 70% ამბობს, რომ რეზიუმეში ერთხელ მაინც მოუტყუებიათ, 37% კი აღიარებს, რომ ამას საკმაოდ ხშირად აკეთებს, თანაც Job Applicant Behavior Survey-ში 1900 ადამიანი მონაწილეობდა. მათ მესამედს სამოტივაციო წერილში, 80%-ს კი სამსახურის ინტერვიუების დროს მოუტყუებია.
ზემოთ რომ ვახსენეთ, განათლებული ადამიანები უფრო მეტად ამბობენ ტყუილსო, როგორც გამოვლინდა, ეს ხშირია მაგისტრის ან დოქტორის ხარისხის მქონე ადამიანებში: მათ 85%-ს რეზიუმეში, ხოლო 95%-ს სამოტივაციო წერილში მოუტყუებია. ამისგან განსხვავებით, კოლეჯის დიპლომის მქონე ადამიანებში ეს მაჩვენებლები 71%-სა და 83%-ს უდრიდა.
„ეს შემაშფოთებელია, ჩვენს კულტურაში მისაღები გახდა ტყუილი იმისათვის, რომ რაც გსურს, ის მიიღო. უბრალოდ ჩართეთ ტელევიზორი, ადამიანები სწორედ იმას აკრიტიკებენ, რომ ყველა ტყუის“, — განმარტავს სტეისი ჰალერი, კარიერის სტრატეგი.
Resume Builder-ის კიდევ ერთმა კვლევამ გამოავლინა, რომ ადამიანების უმეტესობა თავიანთი განათლების შესახებ იტყუება, რადგან იციან, რომ უკეთესი ანაზღაურების მქონე კომპანიები კოლეჯის ხარისხს მოითხოვს და ტყუილი ამ სამსახურის მისაღებად უღირთ…
მართალია, კომპანიების უმეტესობა აპლიკანტის მონაცემებს ზედმიწევნით შეამოწმებს მაგრამ, თუ ასე არ მოხდება, როცა სიმართლეს აღმოაჩენენ, მისი სამსახურიდან გაშვებაც მოუწევთ… თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს დამსაქმებლების ნაწილი დიპლომებს აღარ უყურებს, რადგან როგორც ჰალერი ამბობს, ისინი აცნობიერებენ, რომ რეალურად არ გჭირდებათ კოლეჯის ხარისხი, რათა წარმატებული იყოთ მრავალ საქმეში და ამისთვის, რეალური ცხოვრების გამოცდილებაც კმარა.
თუმცა მარტო სამსახურის მაძიებლები კი არა, დამსაქმებლებიც იტყუებიან — 10-დან 4-მა მენეჯერმა აღიარა, რომ კანდიდატისთვის დაქირავების პროცესში მოუტყუებია, რათა იგი კონკრეტულ პოზიციაზე დაეთანხმებინა… 20%-ს სამსახურის პასუხისმგებლობებზე უთქვამს ტყუილი, 39%-ს ზრდის შესაძლებლობებზე, 38%-ს კარიერულ განვითარებაზე და მეტიც, თუ 24% უმეტეს შემთხვევებში იტყუება, 6% ამას სულ აკეთებს. მეორე მხრივ, დამქირავებელთა 45% ამბობს, რომ ისინი მხოლოდ ზოგჯერ იტყუებიან, 25% კი ხშირად საერთოდ არ იტყუება.
მიუხედავად არსებული ფაქტებისა, სიმართლე ყოველთვის იჩენს თავს და სტატისტიკაც შესაბამისია — კანდიდატთა სულ მცირე 55%, რომელთათვისაც ტყუილი უთქვამთ, სამსახურიდან 3 თვის ვადაში წამოვიდა…