7
Aug
2019

როგორ შეიქმნა პრინტი, რომელმაც ელექტრო სკუტერი მოიგო?

7 Aug 2019

“ისთ ფოინთის” პრინტ კონკურსი დასრულდა. ჟიურის რჩეული დიზაინ სააგენტო BRID-ის ნამუშევარი გახდა და მის ავტორებს საჩუქრად ელექტრო სკუტერი ერგოთ. ბრიფი გამომდინარეობდა იმ პრობლემიდან, რომ ბევრი ადამიანი, ტრანსპორტის შეძენისას, ნაკლებ ყურადღებას აქცევს მის ეკომეგობრულობას. კონკურსის მონაწილეების მიზანი იყო შეექმნათ პოსტერი, რომელიც საზოგადოებას ელექტრო ტრანსპორტის შეძენისკენ უბიძგებდა.

ელექტრო ტრანსპორტის საჭიროებას, ბოლო წლებში, სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა. “მწვანე პოლიტიკას” აქტიურ მხარდაჭერას უცხადებს თბილისის მერია, ხოლო “ისთ ფოინთი” ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც პარკინგის ტერიტორიაზე ელექტრო დამტენები განათავსა. კონკურსის მნიშვნელობაზე “ისთ ფოინთის” მარკეტინგის დირექტორი, თეიკო ლომინაძე, გვესაუბრა:

თეიკო ლომინაძე

“პირველ რიგში, გვიხარია, რომ ძალიან დიდი იყო ჩართულობა. ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა პრინტ კონკურსში და გამოაგზავნა თავისი ნამუშევარი. აქვე მინდა აღვნიშნო – თითოეულ პოსტერს ეტყობოდა, რომ იყო ნაფიქრი და დროც დაუხარჯავთ მის შექმნაში. ალბათ, ეს ყველაფერი განაპირობა ორმა ფაქტორმა: ერთი მხრივ, ახალგაზრდა თაობას უფრო მეტად აწუხებს ეს პრობლემა და ფიქრობენ, რომ მათ ხელშია ცვლილებები, მეორე მხრივ, ძალიან კარგი საჩუქარი თამაშდებოდა, ელექტრო სკუტერის სახით. ჩვენი მხრივ, ეს იყო კიდევ ერთი პატარა მცდელობა, რომ ამ საკითხის აქტუალობა კიდევ ერთხელ დაგვეყენებინა საზოგადოების წინაშე და წაგვეხალისებინა მისი პოპულარიზაცია.”

რაც შეეხება გამარჯვებულ ნამუშევარს, მასზე BRID-ის გუნდის სამმა წევრმა იმუშავა. კრეატივ და არტ დირექტორის როლი ია დარახველიძემ ითავა, დიზაინზე მარიამ თევზაძემ იზრუნა, ხოლო კოპირაიტინგზე – გივი ქემოკლიძემ. დეტალებზე ია დარახველიძე გვესაუბრა:

ია დარახველიძე

“წარმოვიდგინეთ სამყარო, სადაც მხოლოდ ელექტრო ტრანსპორტია და ბენზინგასამართი სადგურები არავის სჭირდება. აქამდე მიტოვებული სადგურები ძირითადად პოსტაპოკალიპტურ ფილმებში გვინახავს, სადაც ძალიან საშიში და დამთრგუნველია, თუმცა ელექტრომობილების სამყაროში ჩვენ მიტოვებულ ბენზინგასამართ სადგურზე გახარებული ია და ვარდი დავინახეთ. იმდენად მოგვეწონა და მოგვინდა აყვავებული სამყარო, რომ ბევრ სხვა იდეას შორის ეს გამოვარჩიეთ და როგორც ბოლოს აღმოჩნდა, სხვებიც არ დარჩნენ გულგრილი.”

M: რატომ არის მნიშვნელოვანი ელექტრო ტრანსპორტზე გადართვა?

მოცემულობაში, სადაც ჰაერის დაბინძურების 71% ავტომობილებზე მოდის, უფრო და უფრო ჭირს სუნთქვა დიდ ქალაქებში, კლიმატი უკვე შესამჩნევად შეიცვალა, ერთადერთი სწორი გამოსავალი არის უფრო ეკოლოგიურ და გარემოსთვის ნაკლები ზიანის მომტან ელექტრო ტრანსპორტზე გადართვა. რა თქმა უნდა, გადაადგილება ყველას გვჭირდება, მაგრამ ელექტრო ძრავის გამოყენებით, შეგვიძლია ამ დროს ნაკლებად დავაზიანოთ გარემო.

M: თქვენი აზრით რატომ გახდა ჟიურის რჩეული თქვენი ნამუშევარი?

რთული სათქმელია. ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ თითოეულ დეტალზე და ალბათ საბოლოოდ, ჟიურის ბევრი, ქულის დასაწერი, დეტალი დავახვედრეთ პოსტერზე.

M: როგორ შეაფასებდით ამ პროექტს?

ათიდან ათი… ქება-დიდების ერთ ნაწილს იმსახურებს საკონკურსო თემა, რადგან ეხება პრობლემას, რომელსაც მიუხედავად თავისი მნიშვნელობისა, ხშირად თვალს ვარიდებთ. ასევე ძალიან მოგვეწონა, რომ საკომუნიკაციო მედიად შეირჩა პრინტი, რადგან ჩვენ ძალიან, ძალიან, ძალიან გვიყვარს პრინტების კეთება. პრიზიც ძალიან სწორი და დამატებითი მოტივაციის მომცემი იყო.

კონკურსი შეაფასა ჟიურის წევრმა, თბილისის მერის მოადგილემ, სოფო ხუნწარიამ:

სოფო ხუნწარია

“საინტერესო ნამუშევრები შემოვიდა და რაც მთავარია, დიდი არჩევანი იყო. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ვიგრძნოთ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით. მიხარია, რომ კომპანიები მუშაობენ ამ საკითხის წახალისებაზე. თითოეული მოქალაქის ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯი, ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. ამიტომაც კონკურსი, რომელშიც ბევრმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების კუთხით, წინ გადადგმული ნაბიჯია. ბევრი კარგი ნამუშევრიდან საუკეთესოები იქნა ამორჩეული და მინდა მივულოცო მათ. თბილისი გახდება მწვანე და ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი #თბილისისთვის.”

განხილვა