ბოლოს და ბოლოს, გავიგეთ, თუ ვინ იდგა მზრუნველი სმს-ების უკან: “თბილად ჩაიცვი, მატყუარა ამინდებია”, “ჭამა არ დაგავიწყდეს”… შეტყობინებებმა ბევრს ოჯახის წევრები გაახსენა, სხვები იმას არკვევდნენ, ვინ იდგა დამაინტრიგებელი კამპანიის უკან, თუმცა, ასეა თუ ისე, მზრუნველმა პოსტერებმა ყურადღება ნამდვილად მიიქცია. 2 კვირიანი მოლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, გავიგეთ, რომ კამპანია “სანტემ” 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით განახორციელა და დეტალებზე კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს ნათია ჩალაძეს ვესაუბრეთ.

M: ვისაუბროთ კამპანიის კონცეფციაზე, რას მოიცავდა, რა იყო მიზანი?
სანტე 20 წლის გახდა, 20 წელი ცოტა დრო არ არის. ამ დროის განმავლობაში, ჩვენს პროდუქტებზე თაობები დაიზარდნენ. საიუბილეოდ, გადავწყვიტეთ შეგვეხსენებინა ჩვენი მომხმარებლებისთვის ოჯახური ზრუნვის საუკეთესო მომენტები და სახალისო პოსტერებითა და სმს-ების მეშვეობით, 2 კვირის განმავლობაში, მათთან ერთად გავიარეთ მთელი ბავშვობა, რომლის თანმდევი და ერთ-ერთი მზრუნველი მუდმივად იყო სანტეს რძის პროდუქტები.

M: რამდენ ადამიანს მისდიოდა სმს-ები?
თავდაპირველად , სმს-ების რიცხვი 1.5 მილიონით იყო განსაზღვრული, თუმცა, მომხმარებლების მხრიდან იმხელა გამოხმაურება მივიღეთ (ზოგი გულდაწყვეტითაც კი გვწერდა, ჩემზე რატომ არ ზრუნავთო), სმს-ების რიცხვი, ჯამში, 2.5 მილიონამდე გავზარდეთ.
M: რას გწერდნენ ფეისბუქ გვერდზე, კომენტარებში, როგორი იყო გამოხმაურება?
ჩვენდა სასიხარულოდ, გამოხმაურება ცალსახად პოზიტიური იყო. მომხმარებლების ნაწილმა სასიამოვნო განწყობა მოგვიწონა, სხვებს ნოსტალგიური მოგონებები გავუღვიძეთ, ბევრსაც უბრალოდ სახალისო პოსტები მოსწონდა, საერთო ჯამში, ვეცადეთ, კამპანიის ფარგლებში, ყველას ეპოვა მისთვის ნაცნობი ბავშვობის მოგონება და როგორც გამოხმაურებიდან ვიგებთ, მიზანი მიღწეულია.

M: რა იყო კამპანიის შედეგიანობის კრიტერიუმები და საერთო ჯამში, როგორ შეაფასებთ შედეგებს?
შეფასების კრიტერიუმი იყო ერთადერთი – რაც შეიძლება მეტ მომხმარებელში აღგვეძრა ის დადებითი ემოციები, რაც 20 წლიან უპირობო ზრუნვასთან არის დაკავშირებული. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ყოველდღიურად ვიღებდით ასობით სმს-ს, ათასობით კომენტარს, განსაკუთრებით დასამახსოვრებელი კამპანიის გამხელის წინა ღამე იყო, როცა მომხმარებლები გვიან ღამემდე გვწერდნენ და წუთებს ითვლიდნენ, #ვინვარმე-ს ვინაობის გამჟღავნებამდე.
M: რა იქნება შემდეგ? კამპანია დასრულდა, თუ კიდევ უნდა ველოდოთ სიურპრიზებს?
კამპანია ახლა დაიწყო, ჩვენი საიუბილეო აქტივობა წლის ბოლომდე გაგრძელდება, მომხმარებელს წინ კიდევ ბევრი სიურპრიზი ელის.













