
როგორია ცხოვრება მუსიკით? როგორია, როდესაც ქმნი თვითგამოხატვისთვის და არა პოპულარობისთვის?! ჩვენ გიამბობთ ენთუზიასტ მუსიკოსზე, რომელმაც ტაბუირებული თემები შემოქმედებაში გააშიშვლა. შემოქმედება ჩარჩოების გარეშე, რომელიც იქმნება მათთვის, ვინც ეძებს გამოსავალს თავსმოხვეული სტერეოტიპებიდან. მაშ ასე, გაიცანით Vinda Folio.
M: ვინ არის ვინდა ფოლიო და რას აღნიშნავს ეს სახელი?
Vinda Folio არის ენთუზიასტი ემიგრანტი. ამ სახელში შინაარსი არ დევს. თუკი რომელიმე სიტყვას დიდხანს იმეორებ მანტრასავით, შინაარსი თანდათან გადის ყურადღების ველიდან. მხოლოდ ბგერები რჩება. ეს ფოკუსი პირველად რომ აღმოვაჩინე, ძალიან ჩამითრია. სხვადასხვა სიტყვებს “ვმანტრავდი”, მერე მივხვდი რომ ზოგიერთი სიტყვა ძალიან მელოდიურია, ზოგი საერთოდ არა. შემდეგ უკვე ჩემით ვაწებებდი ასოებს ისეთი თანმიმდევრობით რომ ჩემთვის საინტერესო წყობა გამომეყვანა. მოკლედ რომ ვთქვა, Vinda Folio ამ თამაშის შედეგია. ამ ყველაფერში ერთი სამწუხარო დეტალია, ანბანში F არ გვაქვს და ქართულად ვერ ვახერხებ მის დაწერას სრულყოფლად. დარწმუნებული ვარ, მომავალში ეს ბგერა დაემატება ჩვენს ანბანს. ფაქტია, რომ საუბრისას ამ ბგერას უკვე თითქმის ყველა იყენებს, რაც ადრე თუ გვიან, გრამატიკაში უნდა აისახოს. ბევრი ისეთი სიტყვა შემოვიდა, რაც ამ ბგერას შეიცავს, საუბრისას ვიყენებთ, ხოლო წერით ვერ ვწერთ. კონსერვატორები ამის ჯიუტად იგნორირებას ვერ შეძლებენ და როდესაც ეს მოხდება, “ერთი ასოთი მდიდრები” ვიქნებით.
M: მოგვიყევი შენი ბავშვობის ყველაზე დიდი მუსიკალური ინსპირაციის შესახებ…
ჰმ… ჩემს ბავშვობაში მუსიკა საერთოდ არ არსებობდა. ჩემმა სამშობლომ მხოლოდ ომი და უშუქობა დამიტოვა ბავშვობის მოგონებად. თბილისში რომ ჩამოვედი, “დაწყებითი” მუსიკალური განათლება კლასელებისგან მივიღე. ერთ-ერთ კასეტაზე, რომელიც კლასელმა მათხოვა Prodigy იყო ჩაწერილი, მოგვიანებით მოვისმინე ჯონ ფრუშიანტე, – ორივე დღემდე რჩება ინსპირაციად… და რა თქმა უნდა, ირაკლი ჩარკვიანი.
M: როგორია საქართველოში მუსიკოსის/პროდიუსერის ცხოვრება? შეიძლება ამ მიმართულებამ ცხოვრება უზრუნველყოს, თუ დამატებით გიწევს სხვა საქმის კეთება?
შესაძლოა, რომელიმე მუსიკოსი ცხოვრობდეს აქ მუსიკით, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, ეს ჩვეულებრივი მოვლენა არ არის ამ ქალაქში. ძალიან თუ მოინდომებს ვინმე და მთელ თავის ენერგიას დაუთმობს მუსიკით ფულის შოვნას, შესაძლოა მიაღწიოს კიდეც ამას, მაგრამ მე პირადად მირჩევნია ენერგია სხვა რამეში დავხარჯო თუნდაც იმაში რომ მშვიდად ვაკეთო მუსიკა, ვიდრე შევაკვდე “ფულის კეთებაზე” ფიქრს და ჩალიჩს.
ის, რასაც შენ “სხვა საქმის კეთება”-ში გულისხმობ, ჩემთვის რეჟისურაა, რომელიც ჩემი მთავარი პროფესიაა და შესაბამისად, არ ვუყურებ როგორც მოსაბეზრებელ სავალდებულო საქმეს. მუსიკა კი უფრო PlayStation-ის მსგავსი რამეა ჩემთვის. მუსიკის შექმნისას გონება ზუსტად ისევე ერთვება ამ პროცესში, როგორც გეიმერი თამაშში და ზუსტად იმავე სიამოვნებას ღებულობს, რომელიც გრძელდება ზოგჯერ მთელი დღე ან ღამე. უშუალოდ ამ პროცესს “გაყავხარ” და საერთოდ არ არის აუცილებელი, ბოლოს დასრულებული სიმღერა გამოგივიდეს.
M: ვინ არის შენთვის ბოლო წლებში გამოჩენილი საინტერესო ქართველი მუსიკოსი და რამ დაგაინტერესა მის მუსიკაში?
ელექტრონულ სცენას არ შევეხები, სადაც უკვე ბევრი კარგი არტისტი გვყავს. აკუსტიკურ სცენას რაც შეეხება, აქ ჩემთვის ფასეული და საინტერესოა ქართულ ენასთან ექსპერიმენტი: ურბანული რომანტიზმი, მუსიკალური ფრაზების ქართულ ხასიათი და ინსტრუმენტალის მელოდიურობა. “ელიტარულად მისტიური” სიბრძნე და ფსევდო-სიმბოლიზმი მეზიზღება. ენა უნდა იყოს გასაგები და არა პრიმიტიული. ამის კარგი მაგალითები ქართულ ჰიპ-ჰოპში უკვე გვაქვს.
ამ ეტაპზე, ჩემთვის “ზურმუხტისფერი ბედის ორდენი”, Kazzy Jazz და “ქართული ჰიპ-ჰოპის რეპ-ძრავა” ჩესტერი დგანან სიის სათავეში. იმედი მაქვს, ქართული ჰიპ-ჰოპის ეს ახალი ტალღა ახლო მომავალში უფრო მოძლიერდება.
… და კიდევ, ბექა კუნდალინი რომ არ ვახსენო, უბრალოდ, არ შემიძლია. მისი “ის ვინც” ჩემთვის არის ერთერთი საუკეთესო ქართული სიმღერა, რაც ბოლო ხანებში დაწერილა. უცნაური შინაარსით და მარტივი ენით. ბევრი არ გვაქვს ასეთი სიმღერა, რომლის მოსმენისას ტექსტში პარალელებსა და კავშირებს პოულობ შენს პირად გამოცდილებასთნ… შენს მარტოობასთან.
M: რამდენად წარმატებულად შეგიძლიათ ჩათვალოთ ეკო და ვინდა ფოლიოს პროექტი? უკვე 4 წელია, რაც ერთად გამოდიხართ, მაგრამ აქამდე რელიზი არ გქონიათ, პარალელურად, საკმაოდ ბევრი მსმენელი გყავთ, რით საზღვრავს ქართველი მუსიკოსი თავის წარმატებულობის ხარისხს?
ერთადერთი, რაც დღემდე გვამოძრავებს არის იმის გამოხატვა, რასაც ვგრძნობთ და ვფიქრობთ იმ გარემოზე, რომელშიც ვართ. მთელი ყურადღება გადაგვაქვს შინაარსზე და იმაზე, რომ ფრაზები ქართულ მელოდიურობას ატარებდეს. ამ ორ დეტალს ყველაზე მეტ დროს ვუთმობთ, ხოლო მუსიკალურად რა ჟანრი გამოვა, საერთოდ მეორეხარისხოვანია. ამ მხრივ, დიდი დოზით გვაქვს “პოხუიზმი”. უბრალოდ, მე და ეკოს ის გვეხმარება, რომ მუსიკალურ გემოვნებაში ძალიან ვემთხვევით ერთმანეთს და ნებისმიერ ჟანრს ჩვენთვის საინტერესო ფორმას ვაძლევთ.
მიზნად არ გვქონია ჩვენი სიმღერების უცხოურ ლეიბლებზე გამოშვება. ტექსტების შინაარსი, პირველ რიგში, ამ გარემოსთის არის განკუთვნილი და შესაბამისად, არც შეგვიწუხებია უცხო ლეიბლების ძებნით თავი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ახლახანს ფრანგული ლეიბლისგან (Talitres) წერილი მოგვივიდა, სადაც რელიზის გამოშვება შემოგვთავაზეს. ამ ეტაპზე, უნდათ, რომ ჩვენი ორი სიმღერა “შენ ანათებ” და “აგურით ხელში” გამოუშვან. ვნახოთ, რა გამოვა.
… თუმცა, მიუხედავად ამისა, “წარმატება” მგონი უფრო ის არის, როცა ჩვენი სიმღერები სამთო ქიმიასთან მდგარ სამარშრუტოებში ისმის. ან როდესაც ხედავ რომ “რაც მამას უნდა”, ვაგზლის მოედანზე ჯიხურებში, CD-ზე ჩაწერილი იყიდება, ხვდები, რომ ამ სიმღერამ ყველა ადრესატს მიაგნო. ე.ი. სადღაც იქ, “გაუტელევიზორებელ” სამყაროში, ადამიანები მზად არიან, გამოძვრნენ ამ მონოთეისტური მიდრეკილებების ტყვეობიდან (მონოთეიზმში კონკრეტულ რელიგიას არ ვგულისხმობ, არამედ ყველა მსგავსი ტიპის აზროვნების სტრუქტურებს) და იმ მანკიერი სივრციდან, რომელსაც ჩვენი მამების და დედების თაობა ამდენ ხანს ტკეპნიდა. ამ ადამიანებს სჭირდებათ მათი აბსტრაქტული შეგრძნებების ხელუხლებლად გახმოვანება ყოველგვარი პოლიტიკური მანიპულაციების გარეშე. ჩვენ არ ვქმნით რაიმე ტიპის ახალ, კომერციულად მომგებიან “პრო-X იდეოლოგიას”, როგორც ეს ხდება ხოლმე გარშემო, აქტივიზმის სახელით. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უბრალოდ შევძელით გაგვეხმოვანებინა და აღგვეწერა ის ატმოსფერო, რომელიც ადამიანებს ყელში ამოუვიდათ. იქნებ, გაცნობიერების ამ ფორმამ თავისი წვლილი შეიტანოს ამ საშინელი გიF-ის დასრულებაში.
აქვე მინდა ვახსენო ჩვენი მეგობრები: გიორგი ასანიშვილი, დავით გოგოლაძე, იგივე “ბურზუმა” და ბექა კუნდალინი, რომლებიც უანგაროდ გვეხმარებიან ჟღერადობის დახვეწასა და სიმღერების ჩაწერაში (ეს ორი ადამიანი, ფაქტობრივად, პროექტის წევრებივით არიან). ასევე საბა შენგელია, რომელიც “რაც მამას უნდა”-ს ვიდეოს ავტორია. რომ არა ეს ადამიანები, ამ საქმეს ჩვენით ვერ გავწვდებოდით. ენთუზიაზმისა და ამ ქვეყნის გულშემატკივრობის გარდა, მართლა არაფერი გვამოძრავებს.
M: რომელ ალბომს წაიღებდი იმ ადგილას, სადაც მხოლოდ შენ და მუსიკა იქნებოდით?
ალბათ გავგიჟდები სადმე რომ აღმოვჩნდე დიდი ხნით და იქ მხოლოდ ერთი ალბომით მქონდეს. მირჩევნია, მუსიკის საწერი აპლიკაცია მქონდეს ტელეფონში და ჩემით მივხედავ თავს.
თუმცა, იყო ასეთი შემთხვევაც, როცა წასული ვიყავი რამდენიმე თვით ქვეყნიდან და მთელი იმ დროის მანძილზე Foals – total life forever- ს ვუსმენდი. ამ ალბომმა საშინელი სიცივეები გადამატანინა.
M: რა აკლია ყველაზე მეტად ქართულ მუსიკალურ სფეროს, ბოლო წლებში რამდენიმე ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი გასცდა საქართველოს ფარგლებს, მაგრამ იმავეს ვერ ვხედავთ აკუსტიკურ მუსიკაში, როგორ ფიქრობ, რა არის ამის მიზეზი?
დღეს ელექტორნული მუსიკის გაზაფხულია თბილისში. მსმენელმა კლუბებში გადაინაცვლა და მუსიკალური სცენაც მათ გაჰყვა. კიდევ კარგა ხანს დარჩება ეს მდგომარეობა, ამიტომაც ადაპტაციაა საჭირო. აკუსტიკურ/ინსტრუმენტალურ მუსიკას სჭირდება მეტი ექსპერიმენტი ჟღერადობასთან და მისი კოზირის სწორად გამოყენება. დღეს ქართულ მუსიკალურ სფეროს აკლია ქართული ენა და გულწრფელობა.
M: და ბოლოს, დაუტოვე მარკეტერს ტრეკი ფლეილისტისთვის…
Von Spar – Scotch & Chablis