საქართველო რომ ღვინის სამშობლოა, ჭეშმარიტება რომ ღვინოშია, ღვინო რომ ნეტარებაა და განსხვავებული სასმისით რომ ვსვამთ, ეს ყველაფერი უკვე საზეპიროდ გვაქვს…ეს კი არა, ღვინის ჩაიც კი გაგვისინჯავს, შესაბამისად, ალბათ, ბევრი ჩვენგანი ვეღარ წარმოიდგენდა ამ თემატიკაზე კიდევ რა შეიძლებოდა მოფიქრებულიყო ახალი და სხვებისგან განსხვავებული. თუმცა ორიგინალურ იდეებს რა გამოლევს და მუსიკოსმა, უფრო სწორად, როგორც თავად ამბობს: ყოფილმა როკსტარმა, მოქმედმა მარკეტერმა და დამწყებმა მეწარმემ, გიორგი სიბაშვილმა ღვინის სიყვარული ახლებური ფორმით გამოხატა. ამ ფორმას ჰქვია „ვინოპოლია”.
ცნობილი სამაგიდო თამაში „მონოპოლია” ყველას გემახსოვრებათ. მისი ქართული და ღვინის თემატიკას მორგებული ვარიანტია „ვინოპოლია”, რომელიც თანამედროვე ელემენტებსაც მოიცავს. ტრადიციული მონოპოლიის წესების გარდა, ვინოპოლიის რუკაზე შეხვდებით QR-კოდებს, რომლითაც მოთამაშეები ციფრულ სივრცეში გადადიან და თითოეულ ღვინოზე შეუძლიათ ინფორმაციის მიღება, ვიდეოტუტორიალის ნახვა ან ქართული მუსიკის მოსმენა, რაც კიდევ უფრო მეტად შეგიქმნით თამაშის განწყობას და ეშხშიც შეგიყვანთ.
როგორც იდეის ავტორი გვიყვება, თამაშის ინსპირაცია იყო არა სამაგიდო თამაშები ან ზოგადად ღვინო, არამედ ქართული სუვენირების დეფიციტი ბაზარზე. მაცივარზე მისაკრავი მაგნიტებისა და თიხის სასმისების გარდა ღვინის თემატიკით შთაგონებული სუვენირების შეძენა ნამდვილად დიდი თავსატეხია, ამიტომ ახლა, როცა საჩუქრის შეძენას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ, თქვენს ფანტაზიას ვინოპოლიაც დაუმატოთ – საჩუქარი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს, არც ქართველებს და არც საქართველოზე შეყვარებულ უცხოელებს. თამაშს აქვს როგორც ქართული, ისე ინგლისური ვერსიები. მისი ილუსტრაციები კი გიორგი Artman მაღრაძის (Young Lions Georgia 2023-ის გამარჯვებულის) შექმნილია.
„შექმნის ინსპირაცია იყო ჩემი პირადი გამოცდილება – უცხოელისთვის რამე კარგი, ნამდვილი ქართულის ჩუქების სურვილი. ღვინო და ყანწი ამ მეგობრებისთვის უკვე მანამდე ნაჩუქარი მქონდა და აღარ ვიცოდი, რა წამეღო. მერე დავფიქრდი, რა შეიძლება კიდევ არსებობდეს ღვინოსთან დაკავშირებით და გამახსენდა სამაგიდო თამაშები, მათ შორის, ყველაზე პოპულარული – მონოპოლია. მონოპოლიაში არის 26 შესაძენი აქტივი და იმწამსვე ჩამოვთვალე 26 სახეობის ქართული ღვინო, რადგან სინამდვილეში რამდენჯერმე მეტი გვაქვს. ასე რომ, პირველად ინგლისური ვარიანტის შექმნის იდეა გაჩნდა. შემდეგ, კონცეფციის ჩამოყალიბებისას, ვიფიქრე, რომ იმდენად კარგი და საგანმანათლებლო რაღაც გამოდიოდა, მხოლოდ ტურისტებსა და ემიგრანტებს კი არა, ვინოპოლია პირველ რიგში ყველა ქართულ ოჯახში უნდა იყოს.
კონცეფცია ქაღალდზე დაახლოებით თვე-ნახევარში შეიქმნა, პარალელურად შეირჩა ილუსტრატორი. მოვიაზრებდით უცხოელ არტისტებსაც, თუმცა გიორგი მაღრაძემ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ამის შემდეგ იყო ჩინეთში დამზადების პროცესი, რამდენიმე დემოვერსია და ლოგისტიკური აქტივობები. საბოლოო ჯამში, მივიღეთ თამაში, რომელიც საშუალებას გაძლევს, ერთ საათში ბევრად მეტი ინფორმაცია მიიღო და დაიმახსოვრო ქართული ღვინის შესახებ, ვიდრე ეს შეიძლება წლების გამავლობაში მოახერხო”, – გიორგი სიბაშვილი.
ვინოპოლიის შეძენა შესაძლებელია 8000 მოსავლის ქსელში, ალკორიუმის მოზრდილ ფილიალებში, VELI.store-ზე და თავად ვინოპოლიის სოციალური ქსელების გვერდებზე. დაინტერესებული მომხმარებელი მას მარტივად იპოვის გუგლში, ინსტაგრამზე და ფეისბუკზე. ასევე, საინტერესო კონტენტი იდება YouTube არხზეც.
როგორც ყველა სტარტაპს, ვინოპოლიასაც დიდი სამომავლო გეგმები აქვს. მთავარი გეგმა იმ ქვეყნებში გავრცელებაა, სადაც ქართული დიასპორა მრავლადაა წარმოდგენილი. სამაგიდო თამაში უკვე გაგზავნილია ნიუ-იორკში, სადაც ორ სხვადასხვა ღვინის ბარში მისულ სტუმრებს შეეძლებათ მისი გაცნობა. მოლაპარაკებები ასევე მიმდინარეობს ცნობილ „chamamama-სთანაც”.
„ამის გარდა, პროგრესი გვაქვს ბერლინის, ვარშავისა და ლონდონის მიმართულებითაც. შესაბამისად, ემიგრანტებს ექნებათ ნივთი, რომლის საშუალებითაც თავიანთ გარემოცვას ქართულ ღვინოზე მოუყვებიან”, – გიორგი სიბაშვილი.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი