22
Nov
2018

ქართული ვინტაჟი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით იყიდება – ფოტოხელოვანის ონლაინ მაღაზია Vintage Gal

22 Nov 2018

Startauperi
Startauperi


Vintage Gal თვითნასწავლი ფოტოხელოვანის, მარიამ სიჭინავას ონლაინ მაღაზიაა, რომელსაც „მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილში აქვს პროდუქცია გაგზავნილი“. ქართული ვინტაჟური ონლაინ მაღაზიის ამბავი 2014 წელს დაიწყო, როცა მარიამი სხვადასხვა ადგილს სტუმრობდა, „ბებიების ნაქონ და ნაფერებ“ კაბებს ყიდულობდა და ფოტოებს უღებდა. ამბობს, რომ მისი მომხმარებლების მხოლოდ 2%-ია ქართველი, Vintage Gal-ის პროდუქციას, ძირითადად, ამერიკაში ყიდულობენ. მეტიც:

იყო შემთხვევა, როცა შეკვეთის მიხედვით, შევქმენით ჯემპრები, რომლებიც ამერიკული ფილმის გადაღებისას გამოიყენეს“.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც Vintage Gal ახალ, პროდუქციის შექმნის ეტაპზე გადავიდა. ამჯერად, მარიამმა, ოჯახის დახმარებით, ონლაინ მაღაზიის პროდუქციის გამრავალფეროვნება გადაწყვიტა და განსხვავებული დიზაინის ნაქსოვი საცურაო კოსტიუმები თუ ჯემპრები დაამზადა. კითხვაზე, როგორ იქმნებაVintage Gal-ის ნაქსოვი პროდუქცია, მარიამი გვპასუხობს:

Vintage Gal-ის პროდუქციის შექმნაში ოჯახის წევრები მეხმარებიან. ჩვენ ვქმნით შესაძლებლობების მიხედვით, ანუ, იმის გათვალისწინებით, თუ რა პროდუქტი გვაქვს, მაგალითად, როგორი ძაფი და რის საშუალებას გვაძლევს ეს მასალა. ნაქსოვი პროდუქცია მთლიანად ხელით იქმნება. მოკლედ, სტილს მე ვარჩევ და ვარგებთ შესაძლებლობას. ეს არის ჩვენ მიერ შექმნილი დიზაინი…“

M: რაც შეეხება ფოტოგადაღებას. როგორც ვიცით, თქვენ იღებთ ფოტოებს Vintage Gal-ისთვის. განსხვავდება, თუ არა საკუთარი და სხვისი პროდუქტის ფოტოგადაღება ერთმანეთისგან. ან კომერციული და არაკომერციული ფოტოხელოვნებას შორის განსხვავებაზე რას გვეტყვით?
როცა Vintage Gal-ის პროდუქციას ვიღებ, მთელი პასუხისმგებლობა ჩემზეა. ეს არის მომენტი, რომელიც კომერციულ ფოტოგადაღებას განასხვავებს არაკომერციულისგან, რადგან აუცილებელია, პროდუქციის ფერი თუ ფორმა ჩანდეს ისეთი, როგორიც რეალურადაა. მთავარი ისაა, რომ ერთი ერთში უნდა ემთხვეოდეს ფერი. ეს არ არის მხოლოდ ვიზუალური მხარისთვის, აღმქმელთან კომუნიკაციისთვის, ეს არის იმისათვის, რომ მომხმარებელმა შეიძინოს პროდუქტი.

M: როგორც გვითხარით, თქვენი პროდუქციის დიდი ნაწილი უცხოეთში იყიდება. რა არხებს იყენებთ Vintage Gal-ის პროდუქციის საზღვარგარეთ რეალიზებისთვის?
ძირითადი არხები ფეისბუკი და ინსტაგრამია. სხვა მხრივ, ჩვენი პროდუქცია განთავსებულია რამდენიმე უცხოურ ონლაინ მაღაზიაში. ჩვენი მომხმარებლის 50-55% ამერიკიდანაა. პროდუქცია გაგვიგზავნია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დაწყებული სამხრეთ აფრიკიდან, დამთავრებული ფილიპინებით, სადაც ახლა ვაგზავნით. მსოფლიოს მასშტაბითა და მოდის მიმართულებით, რამდენიმე გავლენიანი მედია წერს ჩვენ შესახებ, მაგალითად, გასულ თვეს Who What Wear-მა საკუთარ მკითხველს 15 საუკეთესო საშობაო საჩუქარი ურჩია, მათ შორის ჩვენც აღმოვჩნდით.

M: ადგილობრივ ბაზარზე რას იტყვით? როგორი მდგომარეობაა საქართველოში ვინტაჟური მაღაზიების კუთხით და რა როლი გაქვთ თქვენ, ამ მიმართულებით?
Vintage Gal გავხსენი მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ იყო გავრცელებული ვინტაჟური მაღაზიების მიმართულება საქართველოში. მას შემდეგ, ბევრი შოპი გაიხსნა და დაიხურა, თუმცა, სიმართლე გითხრათ, დღეს ამ ყველაფერს ნაკლებად ვადევნებ თვალს, რადგან ჩემი მომხმარებლის მხოლოდ 2% არის ქართველი, ძალიან იშვიათად იყიდება ჩვენი პროდუქცია საქართველოში.

M: რაც შეეხება Vintage Gal-ის გეგმებს…
რამდენიმე იდეა გვაქვს და ალბათ, პროდუქცია გამრავალფეროვნდება, თუმცა, ჯერ ამაზე საუბარი არ მინდა. მთავარი ისაა, რომ არ მინდა სახე შეეცვალოს თვითონ მაღაზიას, მინდა ის კონცეფცია შევინარჩუნოთ, რაც ახლა გვაქვს.

განხილვა