ბოლო პერიოდის ტენდენციებს თუ დავაკვირდებით, სულ უფრო აქტუალური ხდება რეტრო ესთეტიკა. უახლესი კვლევის ფარგლებში, ავსტრალიის ნიუკასლის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ძველებური ტიპოგრაფია ნოსტალგიას აღძრავს, რაც ე. წ. „ვინტაჟური ანემიის“ პრობლემას აგვარებს. სხვა სიტყვებით, ემოციურ კავშირს იწვევს იმ ესთეტიკის, მოდის, სტილის, დიზაინისა და კულტურული ელემენტების მიმართ, რომლებიც ვინტაჟურ ნიშნებს შეიცავს — განურჩევლად კონკრეტული ისტორიული პერიოდისა.
როგორც განმარტავენ, გამოკითხულ ადამიანთა უმეტესობა ვინტაჟურ ტიპოგრაფიას ანიჭებს უპირატესობას, ვინაიდან პროდუქტის უსაფრთხოების აღქმასთან მჭიდრო ემოციური ბმაა. უფრო კონკრეტულად, როდესაც ინდივიდებს გამოგონილი ბრენდების ვინტაჟურ ტიპოგრაფიას აჩვენებდნენ, უდიდეს ნაწილს ავტომატურად უყალიბდებოდა სანდოობის განცდა.
მიღებული შედეგების საფუძველზე, მარკეტერებმა ერთგვარი რჩევებიც განსაზღვრეს. როგორც ირკვევა, ვინტაჟური შრიფტის გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ ბრენდის დასახელების ან ვიზუალური იდენტობის ნაწილი მისი დაარსების წელიცაა — არ აქვს მნიშვნელობა 1920 იქნება თუ 2020. ასევე, ნაკლებად ეფექტიანი იქნება ფუტურისტული პროდუქტის შემთხვევაში.
„შესაძლოა, ვინტაჟური დიზაინის ელემენტების ჩართვა პროდუქტებსა და მარკეტინგულ ნაწილში სანდოობის განმტკიცების ძლიერი მექანიზმი იყოს. თუმცა ეს ვიზუალური ხრიკი ჯადოსნური ნამდვილად არაა — მხოლოდ პირველადი ეფექტის მომცემია. თუკი უსაფრთხოებაზე გაქვთ პრეტენზია, მართლა ასეთი პროდუქტი უნდა შექმნათ“, — წერენ კვლევის ავტორები.