in

Vinti – „სტარტაპ საქართველოს” გამარჯვებული პროექტი საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული რგოლებისთვის

Startauperi
Startauperi

კომპანია Vinti საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული რგოლებისთვის კომუნიკაციის გასამარტივებლად და ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად შეიქმნა. 2016 წლის „სტარტაპ საქართველოზე”, ივა კონტრიძემ, დავით ჭკუასელმა, თენგიზ ალფენიძემ და მინდია ჩუბინიძემ აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, 67000 ლარის ოდენობის დაფინანსება მოიპოვეს. „ვინტის” აპლიკაცია მაღალტექნოლოგიურ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს და გადაზიდვებში ჩართული პირების პირდაპირი კონტაქტის საშუალებას იძლევა, რის შედეგადაც, იზოგება დრო, ენერგია და ფინანსური რესურსები. თვე-ნახევარია, რაც აპლიკაცია ფუნქციურია, მას 200-მდე მომხმარებელი და ყოველდღიურად, გადაზიდვის მზაობის მქონე 70-მდე მანქანა ჰყავს. ამ ეტაპზე, „ვინტის” აქვს ორი მიმართულება: ვინტის საძიებო პლატფორმა და „ვინტი ასისტენტი”. თითოეული მათგანის მნიშვნელობასა და მიზნებზე მარკეტერი „ვინტის” ერთ-ერთ დამფუძნებელს – დავით ჭკუასელს ესაუბრა:

M: როგორ შეიქმნა Vinti და რა პრობლემების გადაჭრას ისახავდით მიზნად მისი შექმნით?
ივა და მე ვმუშაობდით სატრანსპორტო კომპანიაში, ივას 5 წლიანი გამოცდილება აქვს და მე – დაახლოებით, 2 წლიანი.  ყოველდღიურობაში, ჩვენ ვაწყდებოდით ძალიან ბევრ პრობლემას, რომელიც ასევე ექმნებოდა გადაზიდვის სფეროში ჩართულ ნებისმიერ რგოლს. ვფიქრობდით, როგორ შეიძლებოდა ეს პრობლემები გადაჭრილიყო. მინდია და თენგიზი არიან პროგრამისტები, გადავწყვიტეთ, ეს საქმე ერთად დაგვეწყო. ამ სფეროში ჩართულ ყველა კომპანიას აქვს პრობლემები გადაზიდვის პროცესში, ეს არის კომუნიკაციის, გამჭირვალობის, მაღალი ტარიფის პრობლემა და ა.შ. იდეა გაგვიჩნდა ერთი წლის წინ და დავიწყეთ მისი განვითარება. „სტარტაპ საქართველოსთვის” ბიზნეს გეგმის სახით ჩამოვაყალიბეთ ჩვენი იდეა და გავიმარჯვეთ.

M: „ვინტის” საძიებო პლატფორმაზე მოგვიყევით.. ვისთვისაა განკუთვნილი?
ვინტის საძიებო სისტება შედგება ვებგვერდისა და მობაილ აპლიკაციისგან, რომლებიც სატრანსპორტო სფეროში ჩართულ რგოლებს უმარტივებენ კომუნიკაციასა და ტვირთის გადაზიდვის პროცესს. ამ სფეროში 4 ძირითადი რგოლია ჩართული, ესენია: ერძო მძღოლები, სატრანსპორტო კომპანიები, ფორვარდერი კომპანიები (შუამავლები) და მეოთხე – იმპორტიორი კომპანიები.

https://www.youtube.com/watch?v=yk8FswlJdW4

 

M: კონკრეტულად, რა პრობლემების გადაჭრაში ეხმარება საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართულ რგოლებს თქვენი აპლიკაცია? 
კერძო მძღოლის პრობლემა არის შემდეგი – ის არის ერთი ადამიანი, რომელიც ყიდის საკუთარ სერვისსაც და შესრულებასაც. კერძო მძღოლი, რომელიც საერთაშორისო გადაზიდვებშია ჩართული, თავისი ავტო ტრანსპორტით მოძრაობს უცხოეთში, შესაბამისად, საკუთარი სერვისის გაყიდვასა და პოპულარიზაციაზე დიდ დროს ვერ ხარჯავს, მისი პრობლემა არის ის, რომ მას აქვს ცოტა ტვირთი. მაგალითად, შეიძლება წავიდეს გერმანიაში და იქ დარჩეს 3-4 დღე, იმის გამო, რომ უკან წამოსაღები ტვირთი ვერ იშოვოს, თითოეული ზედმეტი დღე კი დამატებითი ხარჯია მისთვის. ჩვენი აპლიკაციის მეშვეობით, მძღოლს, როდესაც უკვე მიდის უცხოეთში, შეუძლია იმ დღესვე მონიშნოს აპლიკაციაში, რომ პირობითად, დღეიდან ერთ კვირაში, მე ვიქნები ბერლინში და მყავს ასეთი მანქანა. როგორც კი მონიშნავს, რუკაზე გამოჩნდება წითელ წერტილად, რომ ამა და ამ დღეს, კონკრეტულ ადგილას, ის იქნება თავისუფალი. ხოლო, მეორე მხარე, რომელიც არის დამკვეთი, იმპორტიორი ან ფორვარდერი, ხედავს ამ მანქანას. სანამ ინდ. მეწარმე ჩავა გერმანიაში, შესაძლოა, უკანა სერვისი მას უკვე გაყიდული ჰქონდეს.
ავტო პარკის მფლობელის პრობლემატიკა პრინციპში ემთხვევა ინდ. მეწარმისას, განსხვავება ისაა, რომ მათ მფლობელობაში მეტი მანქანაა და ადმინისტრატორი ჰყავთ, რომელიც აგვარებს საკითხებს. ტვირთის ვერ მოძიების პრობლემა, უკანა გზაზე მათაც აქვთ. ადმინისტრატორისთვის ვებ პლატფორმაზე არის ცალკე გვერდი, რომელშიც მას მონიშნული ჰყავს თავისი მანქანები, აქვს ინფორმაცია მანქანის ადგილმდებარეობის შესახებ. მძღოლს არავინ აწუხებს და კომპანიის სერვისი უფრო სწრაფია.
ფორვარდერების შემთხვევაში მათი ინტერესია, რომ რაც შეიძლება მეტი პარტნიორი მოიძიონ და მეტი მანქანის შესახებ ჰქონდეთ ინფორმაცია, რა პრობლემასაც ეს აპლიკაცია უგვარებს. ფორვარდერები მუშაობენ საწყობებზეც და მნიშვნელოვანია მათთვის, მათ საწყობთან ახლოს იპოვნონ მანქანა, კლიენტს შესთავაზონ უკეთესი სერვისი, რაც ნიშნავს იმას, რომ სწრაფად იპოვნიან მანქანას, დაუდგენენ ფასს და ა.შ.
იმპორტიორ კომპანიებს დაახლოებით, ისეთივე პრობლემები აქვთ, როგორც ფორვარდერებს, უგზავნიან ძალიან ბევრ კომპანიას მოთხოვნის მეილს, შემდეგ ამ მეილებიდან ეძებენ სასურველ ტარიფს. ძალიან დიდ დროს ხარჯავენ იმაში, რომ მოიძიონ ტრანსპორტი. ისინი, ჩვენი აპლიკაციის მეშვეობით, პირდაპირ უკავშირდებიან გადამზიდს და შუალედური რგოლები არ თამაშობენ როლს ფასის გაზრდაში.

M: თვე-ნახევარია, რაც აპლიკაცია ფუნქციურია. საშუალოდ, რამდენი თავისუფალი მანქანა ჩანს „ვინტის” აპლიკაციაში დღის განმავლობაში და როგორი მაჩვენებელია ეს სხვა ქვეყნების მსგავს აპლიკაციებთან მიმართებაში?
საშუალოდ, 70-80 თავისუფალი მანქანა არის განთავსებული დღის განმავლობაში. თუ შევადარებთ „ვინტის” მსგავსი ტიპის უკრაინულ და რუსულ საიტებს, იქ, დღის განმავლობაში, არის  150-200 მანქანა რეგისტრირებული, რაც 10-12 წლიანი გამოცდილების შედეგად არის მიღწეული. ჩვენი საიტი, ახალბედობის კვალობაზე, კარგად მუშაობს, დარეგისტრირებულია დაახლოებით 200 მომხმარებელი.

M: როგორ გააცანით თქვენი პროექტი იმ კომპანიებსა და პირებს, ვინც დარეგისტრირდნენ თქვენს საიტზე ან იყენებენ აპლიკაციას? 
ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე, რაც სტარტაპ საქართველოდან მივიღეთ, ძირითადი თანხა მოვმართეთ ვებ დეველოპმენტზე, აპლიკაციის შექმნაზე, ასე რომ, მარკეტინგული გათვლები დიდად არ გვქონია. ჩვენ გვქონდა ადრე მათთან კონტაქტი, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე. უშუალოდ ვუკავშირდებით ყველა სატრანსპორტო კომპანიას, კარდაკარის პრინციპით, ყველასთან მივედით და გავაცანით. დანარჩენ შემთხვევებში უკვე გაყიდვების მენეჯერები დაგვეხმარნენ.

M: როგორია სერვისის გაწევის შედეგად მიღებული კომპანიის სარგებელი?
ამ ეტაპზე, აბსოლუტურად უფასოა ჩვენი პლატფორმის სერვისები. 2-3 თვე ეს არ შეიცვლება. სავარაუდოდ, რამდენიმე თვის შემდეგ, დავაწესებთ საწევრო გადასახადს.

 

M: რა სიახლეს სთავაზობთ კომპანიებს „ვინტი ასისტენტის”  სერვისით? 
ეს სიახლე საინტერესო არის იმპორტიორი კომპანიებისთვის, საქართველოში ამას, ჩვენ გარდა, არავინ აკეთებს. ჩვენ ვწევთ ლოჯისტიკის მენეჯერის აუთსორსინგს, რაც გულისხმობს იმას, რომ კომპანიებს, რომლებსაც არ ჰყავთ ლოჯისტიკის მენეჯერები, ან ჰყავთ და ფუნქციას არ ასრულებს. ჩვენ ვთავაზობთ ერთჯერად მომსახურებას, ვხდებით მათი თანამშრომლები, რაც გულისმობს ყველა იმ პროცესის შესრულებას, რასაც დააავალებდნენ თანამშრომელს. 3 კვირაა, რაც ეს პროექტი გავუშვით, გავაკეთეთ რამდენიმე გადაზიდვა, დაინტერესებაც ძალიან დიდია და ამ მიმართულებით, აგვყავს ახალი თანამშრომლები.

M: როგორია „ვინტის” სამომავლო გეგმები?
სამომავლოდ, იგეგმება საიტზე ტვირთის დამატების ფუნქციის ჩართვა. ტვირთმფლობელები განათავსებენ განცახდებას იმის შესახებ, რომ წამოსაღები აქვთ ტვირთი (კონკრეტული ინფორმაციით). ყველა დარეგისტრირებული კომპანია ნახავს ამ ინფორმაციას და ტვირთის მფლობელი მიიღებს შეთავაზებებს კომპანიებისგან, რაც კომფორტულია, ზრდის კონკურენციას და შესაბამისად, ამცირებს ფასებს.

როგორ დავძლიოთ ბარიერები სოციალურ ფენებს შორის? – AIME-ს ვიდეორგოლი

15 ივნისიდან – “გაყიდვების სტრატეგია” ფორტუნა აკადემიაში