in

Vintylator: „მალე შევნიშნეთ, რომ აქტივობების უმრავლესობა აცარიელებდა მაღაზიის ბიუჯეტს“

წლები, როდესაც მეორეული სამოსის მაღაზიებში მალულად დავდიოდით, ჯერ კიდევ არ მიფარებია თვალს. თუმცა, მნიშვნელოვნად შეიცვალა ამ ტიპის ნივთებისადმი სოციუმის დამოკიდებულება – სულ უფრო მეტი ადამიანისგან გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია გამოყენებული ნივთებისთვის ახალი სიცოცხლის ჩუქება და რა როლი აქვს ამას ეკოლოგიასა თუ მწვანე ეკონომიკაში. ამ ამბავმა მხრებში გამართა „ძველზმანების“ მოყვარულები და მეგობრებს მეორეული ვინტაჟური სამოსის ბუტიკური მაღაზია გაახსნევინა. სახელად „ვინტილატორი“ დაარქვეს, მის მუდმივ მასპინძლად კი, უცნაური რობოტი, უცნაური სახელით – ჰუ ჭავეჭი დანიშნეს. ასე შეუბერა „ვინტილატორმა“ და ბიზნესიც უცხო ჰორიზონტებისკენ შეცურდა. მაღაზიას, საიდანაც, 50-60-იანი წლების კაბების, პიჯაკების თუ ფეხსაცმლის ყიდვის ცდუნების გარეშე თავს ვერ დააღწევდით, მალე სხვა პროექტებიც დაემატა. ეტაპობრივად, „ვინტილატორი“ ეკოისტურ ბიზნესად პოზიციონირდა, რომელიც დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება გარემოს დაცვას.

ბიზნესის მწვანე მოდელი, მკაცრი კაპიტალიზმის ეპოქაში

ჰუ ჭავეჭი

შოკო ჩაჩუა, „ვინტილატორის თანადამფუძნებელი“: როგორც ხშირად გვიხსენებია, „ვინტილატორის“ ინტერესები მწვანე მომავლისკენაა და მისი ძირითადი მისიაც სწორედ სოციალურ, მწვანე მეწარმეობაზე დაფუძნებული მოდელი იყო. ამიტომ ჩვენ მუდამ ღრმად გვწამდა, რომ ჩვენ გარშემო ინდუსტრია უნდა განგვევითარებინა – საკუთარი მაღაზიის სივრცე კი სრულად ინსტალაციებს, პეტიციებს და ტრეინინგებს დათმობოდა. მოკლედ, დიდი გეგმებითა და ამბიციებით მოვიმარჯვეთ ხელში ჩვენი ძველზმანები, მეორეული ძვირფასეულობა და შევუდექით პროექტების განხორციელებას – ვატარეთ მარკეტები, ბევრ ახალ ბრენდს დავეხმარეთ განვითარებაში, მაგრამ მალევე შევამჩნიეთ, რომ ჩვენი მარკეტების, ტრეინინგებისა და აქტივობების უმრავლესობა აცარიელებდა მაღაზიის ბიუჯეტს, რაც პრინციპში, დაუშვებელია. საწარმო კი უნდა იყოს სოციალური, მაგრამ თუ არ აქვს შემოსავალი, ვერც ინდუსტრიას და ვერც საკუთარ თავს ვერ განავითარებს. მოკლედ, მოგვიწია აგვეღო პაუზა, დაგვევიწყებინა საყვარელი ადგილები და შეგვექმნა მომავალი, სადაც მეტი სპონოსორი და პარტნიორი გვეყოლებოდა. დავიწყეთ დაგეგმარება და ამ დროს, წამოგვეწია კიდეც კორონა.

პანდემიური სირთულეები

აი, აქ შეიძლება ითქვას ჩვენი რესურსები რაციონალურად გადავანაწილეთ. დრო დავუთმეთ რესურსებისა თუ გეგმების სწორად გადანაწილებას. მართალია, ჩვენი უზარმაზარი და ულამაზესი ფართის დათმობა მოგვიწია, მაგრამ სამაგიეროდ ზარალი არ გვინახავს და ონლაინ გაყიდვებსაც ოსტატურად შევუდექით. მოკლედ რომ ვთქვათ დრო დაგეგმარებასა და ფიქრში გავატარეთ, რის შედეგადაც შეიქმნა პროექტი #შეაკეთე, რომელიც რუბრიკის სახით გადის ფორმულას ეთერში და გვიზიარებს პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ძველმანები და ნივთები, რომლებიც უკვე აღარ გვჭირდება, ასევე გაფართოვდა #რაბაზარიას მარკეტები, ეს ორი მიმართულება და „ვინტილატორი“ პირველი და მეორე ფიქრიანი ტალღების შედეგად, ბევრ სიახლეს გპირდებათ.

ამაყი კონკურენცია

ყველაზე დიდი ყურადღება „ვინტილატორის“ ბაზრის მუდმივ განვითარებასა და მომხმარებლის ცნობადობის ამაღლებაზე იყო მიმართული, ნივთების ხელმეორედ გამოყენებას ვგულისმობთ. ხანდახან ასეთ დროს კონცენტრაცია იკარგება ხოლმე, გაიხედავ და ამჩნევ, რომ კონკურენტი პროექტი ამაყად კიაფობს სხვადასხვა სივრცეში. ჩვენც ხომ ეს გვინდოდა, სიხარულის შეგრძნება და სტიმული, რომ უკეთესები ვიყოთ, ერთმანეთში ირევა ხოლმე.

ბუღალტრული ქაოსი

ეს იყო აღრიცხვიანობა, სანამ ამდენი ტანსაცმელი გადავთვალეთ და ძველზმანად ჩამოვაყალიბეთ… მაგრამ მერე ბევრი სხვა ქვეყნის მაგალითი მოვიძიეთ, ფასწარმოქმნისა და აღწერის ოთხდონიან შრეზე ჩამოვყალიბდით, მას შემდეგ კი ვუბერავთ ისე როგროც „ვინტილატორს“, „რაბაზარიას“ და „შეაკეთეს’“ შეეფერება – ახალი პროეტქები კი იმედია ახალ პარტნიორებსაც მოაფრიალებს ჩვენთან.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

რამდენად გვჭირდება საოფისე სივრცე სამუშაოდ?

ჯაზი აქაურობას! – თბილისის ჯაზ-ფესტივალი ქალაქს დაუბრუნდა