9
ნოე
2018

„ვინტილატორი“ – ვინტაჟური ბუტიკი გარდერობისა და გარემოს გასანიავებლად

9 ნოე 2018

Startauperi
Startauperi


„ვინტილატორი“ ვინტაჟური სამოსის ბუტიკია, რომელიც მომხმარებელს 1950-1990-იანი წლების კაბებს, პიჯაკებს, ფეხსაცმელს, აქსესუარებსა და ნივთებს სთავაზობს. თავად ამბობენ, რომ ეს უფრო გარემოზე ზრუნვა და სოციალური პასუხისმგებლობაა და არა უბრალოდ მაღაზია, ჯერ ღირებულებები იყო და მათ გარშემო შეიქმნა ბრენდი.

შოკო ჩაჩუა („ვინტილატორი ერთ-ერთი დამფუძნებელი): ახალი სამოსის ან აქსესუარების შესაკერად, ნაჭრის გარდა, საკმაოდ დიდი რაოდენობით ენერგია და სხვადასხვა სახის ნედლეული იხარჯება; ბინძურდება გარემო, საფრთხე ექმნება მას – მაგალითად, ბამბისა და ტილოს სამოსი უარყოფითად მოქმედებს მცენარეთა სიცოცხლისთვის აუცილებელ ნივთიერებებზე. ამასთან, ახალი შეკერილი ტანსაცმლის ტრანსპორტირება დამატებით აბინძურებს გარემოს, მეორადი სამოსი გაცილებით ნაკლებს „მოგზაურობს“, რომ მომხმარებლამდე მოხვდეს. აი, ეს არის მთავარი ღირებულებები, რომელზეც სულ ვფიქრობთ და გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ზრუნავდეს გარემოზე, არ აბინძურებდეს ჰაერს, უფრთხილდებოდეს ბუნების რესურსებს.

M: ამიტომ გადაწყვიტეთ „ვინტილატორის“ შექმნა?

სწორედ ამ ფასეულობების გარშემო შეიქმნა „ვინტილატორი“. 2008 წლიდან მინდოდა, გამეკეთებინა ბუტიკი, სადაც სწორედ მეორადი, ვინტაჟური სამოსი გაიყიდებოდა. შემდეგ გავიცანი ელენე გავაშელიშვილი. გავაერთიანეთ ჩვენი იდეები და მიზნები და გაჩნდა “Vintylator“. ახლა ელენე უფრო კოლექციების შეძენით არის დაკავებული, მე მარკეტინგისა და „შოპინგის“ მიმართულების განვითარებაზე ვარ პასუხისმგებელი. ელენეს მანამდე ჰქონდა ონლაინ მაღაზია #vintagella და პროფესიული ბაერის [მყიდველი] თვალი. მისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, თითოეული ნივთი იყოს უნიკალური და გამორჩეული. რეალურად, ვინტაჟი მხოლოდ გემოვნების საკითხი არ არის, ეს არის სოციალური პასუხისმგებლობა, როცა ადამიანი არ არის დამოკიდებული თანამედროვე ტრენდებზე, ახალშეკერილ სამოსზე. ეს კი, საბოლოო ჯამში, იცავს გარემოს.

M: სად ყიდულობთ „ვინტილატორისთვის“ სამოსსა და აქსესუარებს?

ყველა მოდელი უნიკალურია და ძველი, ნამდვილი 50,60,70-იანი წლების კოლექციიდანაა. ვყიდულობთ ოჯახებიდან, კერძო კოლექციებიდან, სხვადასხვა წერტილებში. ვასუფთავებთ, ვაწესრიგებთ, თუ ხელის შევლება სჭირდება, ვაკეთებთ. კოლექციას 2 კვირაში ერთხელ ვაახლებთ.

M: რაც შეეხება ბრენდის ვიზუალურ მხარეს . . .

ეს გამეზას [გიორგი გამეზარდაშვილი – ილუსტრატორი, გრაფიკული დიზაინერი] შემოქმედებაა. სწორედ მან იზრუნა ჩვენი ბრენდის ვიზუალურ მხარეზე – ლოგო,  წარწერა, ფერები და ა.შ.

M: სახელი „ვინტილატორიც“ ბრენდის ღირებულებებს უკავშირდება?

აქ რამდენიმე ფაქტორია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მთავარ ფასეულობებთან, გარემოზე ზრუნვასთან, მის განიავებასთან  უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. ასევე, გვინდოდა, ვერბალურად ახლოს ყოფილიყო „ვინტაჟთან“, რადგან ვინტაჟური სამოსი სწორედ ჩვენი ღირებულებების გამოსახულებაა. თანაც, ვინტილატორი სწორედ 1950-იან წლებში გამოჩნდა, ამ პერიოდიდან იწყება ჩვენი კოლექციებიც. ასევე მნიშვნელოვანი იყო, სახელი მარტივად აღექვათ უცხოელებს. ჩვენი მომხმარებლების 70% სწორედ ისინი არიან.

M: „ვინტილატორს“ ჰყავს ბინადარი ჰუ ჭავეჭი . . .

ჰუ ჭავეჭი გახლავთ რობოტი, რომელიც ჩვენი ბრენდის მთავარი პერსონაჟია. ეს არის ინსტალაცია, მუცელში აქვს ვინტილატორი და აზრობრივი და ფუნქციონალური დატვირთვა გააჩნია – აგრილებს და ანიავებს სივრცეს. რა თქმა უნდა, იდეურად ჩვენს მთავარ გზავნილებს – „გაანიავე გარდერობი“, „გაანიავე გარემო“ – უკავშირდება. ეს პერსონაჟი ქეთი ბზიკაძემ და გუგა გეგეჭკორმა „ვინტილატორის“ ღირებულებებისა და ფასეულობების გარშემო შექმნეს. რაც შეეხება ინტერიერს, ამ კუთხით „ფუნდუკის“ დამფუძნებელი სანდრო წივწივაძე დაგვეხმარა.

M: როგორც ცნობილია, „ვინტილატორი“ მალე, მომხმარებელს ახალ კოლექციას შესთავაზებს . . .

ეს ახალი მიმართულება იქნება. ანუ, არ ვაპირებთ ერთჯერადი კოლექციის წარმოდგენას. ვქმნით ახალ ხაზს, ერთგვარ პეტიციას, რომლის საშუალებითაც ჩვენს სათქმელს მივიტანთ მომხმარებლამდე. მაგალითად, პირველ კოლექციას ვუკეთებთ „პრინტებს“ გზავნილებით: „მეორადი ჰაერი“, „ცარიელი პეტიცია“ და ა.შ. გვინდა, ადამიანებს ვუთხრათ, ჩაიცვან ვინტაჟური, მეორადი სამოსი, ანუ ხელმეორედ გამოიყენონ ერთხელ უკვე დახარჯული რესურსი, ენერგია, ნედლეული და ამით გაუფრთხილდნენ გარემოს, ბუნებას. როგორც გითხარით, ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია. ამ ხაზის ფარგლებში, წარმოვადგენთ სხვადასხვა კოლექციას და შევახსენებთ საზოგადოებას ყველა იმ პრობლემატურ საკითხს, რაც ასე აწუხებს ჩვენს ქალაქს, დაბინძურებული გარემო იქნება ეს თუ სხვა სოციალური საკითხი.

M: სამომავლოდ რას გეგმავთ?

ბუტიკი, რა თქმა უნდა, გააგრძელებს ფუნქციონირებას. გარდა ამისა, წლის ბოლომდე „ჩავუშვებთ“ Online მაღაზიას, რომელიც გათვლილი იქნება როგორც ქართული, ისე საერთაშორისო ბაზრისთვის.

განხილვა