ტურისტული კომპანია VIP Line Travel – 2015 წლის 2 დეკემბრიდან არსებობს და ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კომპანიის მიზნობრივ აუდიტორიაზე ორიენტირებული რებრენდინგი შემოგვთავაზა. განახლებულ ლოგოსა და ვებგვერდზე კი მარკეტინგულმა სააგენტო Stujex – სტუჯექსმა იმუშავა, რომელიც თავის მხრივ, სარეკლამო ინდუსტრიაში, აგრეთვე, 2015 წლიდან გამოჩნდა. Stujex-ის დაფუძნების იდეაზე, მომსახურების დეტალებზე, VIP Line Travel-ის რებრენდინგის პროცესსა და კომპანიების სამომავლო გამოწვევებზე მარკეტერს Stujex-ის დამფუძნებელი თენგო ყაზიშვილი და VIP Line Travel-ის თანადამფუძნებელი ქეთი კვიციანი ესაუბრა:
M: როგორ გაჩნდა Stujex-ის დაფუძნების იდეა და შერჩეულ სახელს რა კონცეფცია აქვს?
თენგო ყაზიშვილი: რაც უნივერსიტეტში ჩავაბარე, მუშაობაც დავიწყე. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ მქონდა იდეები, რომლის განხორციელების საშუალება არ მქონდა სამსახურში, შესაბამისად, დაიბადა იდეა, გამეკეთებინა საკუთარი მარკეტინგული კომპანია. თავიდან მე და ჩემი მეგობარი ვიყავით და ვმუშაობდით მხოლოდ ვებზე, ვაკეთებდით საიტებს, ვწვალობდით და საბოლოოდ, მოვედით აქამდე. გვყავს თანამშრომლები, რომლებიც ზოგჯერ, მხოლოდ ენთუზიაზმზე მუშაობენ. მაგრამ კარგი ის არის, რომ ჩვენ გვაერთიანებს იდეა და არ ვჩერდებით, რაც არ უნდა რთული პერიოდი იყოს. სახელს რაც შეეხება, არ ითარგმნება, არ არის სხვადასხვა სიტყვების ნაზავი და ა.შ. უბრალოდ, ვიჯექი და ვფიქრობდი, ჰოდა, მოვიფიქრე, მომეწონა და დავარქვი სტუჯექსი.
M: რას სთავაზობთ კლიენტებს?
თენგო ყაზიშვილი: მარკეტინგული მიმართლების სრული სერვისი გვაქვს, თითოეული პროექტი ახალი გამოწვევაა ჩვენთვის, რომლის შესრულების შემდეგ კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ წარმატებისკენ და დამკვეთ კომპანიასთან მეგობრულ დამოკიდებულებას ვამყარებთ.
ბრენდინგი;
ციფრული მარკეტინგი;
სოციალური მედიამენეჯმენტი;
ვებდეველოპმენტი;
ვიდეოპროდაქშენი.
M: რაც შეეხება VIP Line Travel-ს, რას საქმიანობს კომპანია, რატომ გადაწყვიტეთ რებრენდინგი, რა ცვლილებები შეიტანეთ ბრენდის განახლების პროცესში და რატომ?
ქეთი კვიციანი: შიდა ტურები, გამყვანი ტურები, ავიაბილეთები, ტრანსფერი, სასტუმროების დაჯავშნა და სრული ტურისტული მომსახურება (სავიზო მომსახურებაც) გვაქვს, თუმცა ახლა ჩვენთვის პრიორიტეტულია შიდა და შემომყვანი ტურები.

თავდაპირველად, ბრენდის მიზანი იყო მაღალი ხარისხისა და მომსახურების გაწევა და ბაზარზე კონკურენტუნარიან ბრენდად პოზიციონირება. ძველი სახელი, ლოგო და კორპორატიული სტილიც შესაბამისი გამოვიყენეთ – მუქი ფერები და ოქროსფერი სოლიდური დეტალები, თუმცა როგორც დრომ გვაჩვენა, ჩვენი მომხმარებლებიდან აქტიური ახალგაზრდები უფრო ჭარბობდნენ და სააგენტოს რჩევით, გადავწყვიტეთ, ახალი სტილი და ვიზუალიც მათთან რელევანტური ყოფილიყო: მხიარული, თანამედროვე და ა.შ. სახელის შეცვლისგან თავი შევიკავეთ, თუმცა ვიზუალი რადიკალურად შევცვალეთ.

M: როგორი იყო მუშაობის პროცესი და როგორ გამოხატეთ ლოგოტიპით ბრენდის კონცეფცია?
თენგო ყაზიშვილი: იმის გათვალისწინებით, რომ სახელს არ ვცვლიდით, გვინდოდა, ძველი დეტალებიც შეგვენარჩუნებინა, ამიტომაც გვირგვინში გამოსახული მთა გამოვხატეთ ლოგოში + მზე – მეტი პოზიტივისთვის. მთა იმიტომ, რომ საქართველოსთან უფრო ახლოსაა და გვირგვინი vip-ს დავუკავშირეთ და ხაზოვანი ლოგოც შევქმენით დასახელებიდან გამომდინარე. გარდა ამისა, ჩვენ ძალიან გვიყვარს ოქროს კვეთის პროპორციების გამოყენება, რაც თვალისთვის უფრო მარტივად აღქმადსა და დახვეწილს ქმნის ჩვენს დამზადებულ ლოგოებს. საბედნიეროდ, თანამშრომლობა კარგად შედგა. ამჟამად, ვებგვერდის განახლებაზე ვმუშაობთ და სოციალური ქსელების ადმინისტრირებაშიც ვეხმარებით.
M: გრძელვადიანია თუ არა თქვენი პარტნიორობა და კამპანია თუ გაქვთ დაგეგმილი, რასაც უახლოეს მომავალში განახორციელებთ?
ქეთი კვიციანი: ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ერთობლივი თანაშრომლობით, სულ მალე გვექნება ახალი, თანამედროვე ვებგევრდი. გარდა ამისა, სტუჯექსი სოციალური მედიის ადმინისტრირებაშიც გვეხმარება და რადგან უცხოელებზე გასვლა გვინდა, სოციალურ მედიას მეტ ყურადღებას დავუთმობთ და instagram, twitter სხვა სოციალურ ქსელებშიც უფრო აქტიურად გამოვჩნდებით.