Virgin – თუკი ამ ბრენდის შესახებ გსმენიათ, ვფიქრობთ, მის არაორდინალურ დამფუძნებელსაც იცნობთ. რიჩარდ ბრენსონმა, მეგობართან, ნიკ პაუელთან ერთად, ამ სახელწოდებით ბიზნესი ხმოვანი ფოსტის მიმართულებით წამოიწყო. ცნობისმოყვარეობამ და გამბედაობამ უბიძგა კიდევ უფრო გაეფართოვებინა თვალსაწიერი და პატარა ანტრეპრენერული გადაწყვეტილება მუსიკალურ მაღაზია Virgin Records-ად ტრანსფორმირდა.
ევოლუცია უწყვეტად მიმდინარეობდა ათწლეულების განმავლობაში. მაღაზიის გარდა, დამფუძნებლებმა ხმის ჩამწერი სტუდიაც ჩამოაყალიბეს, სახელწოდებით The Manor. მაიკლ ოლდფილდი, ალბომით Tubular Bells მათი პირველი კონტრაქტორი იყო და საკმაოდ პოპულარულიც გახდა. შემდეგ, Virgin Records-მა უამრავ ცნობილ ბენდთან ითანამშრომლა, The Sex Pistols-ით დაწყებული, The Rolling Stones-ით დამთავრებული და მსოფლიოს უდიდეს დამოუკიდებელ ლეიბლად იქცა.
1970-იანი წლების შემდეგ, დღემდე, Virgin-მა განვითარების არაერთი არაორდინალური ეტაპი განვლო. ჯერ, მოულოდნელად, მუსიკისა და მედიის სცენიდან, Virgin-მა დიდი ნახტომით გადაინაცვლა ავიაციაში და მიზნად დაისახა მგზავრებისთვის ფრენის უკეთესი გამოცდილება შეექმნა. მას შემდეგ, რაც 1984 წელს, საავიაციო ბაზარზე Virgin Atlantic გამოჩნდა, Virgin-მა საქმიანობის სფერო მნიშვნელოვნად გააფართოვა ტურიზმისა და დასვენების, ტელეკომუნიკაციებისა და მედიის, მუსიკისა და გართობის, ფინანსური სერვისების, ჯანდაცვისა და ველნესის მიმართულებით. დღესდღეობით, Virgin-ის ქოლგის ქვეშ 40 კომპანია ოპერირებს 35 ქვეყანაში და თავის გუნდში 60,000 ადამიანს აერთიანებს.
კომპანიის სახელწოდებაც არაორდინალურად შეარჩია მისმა დამფუძნებელმა და გამოუცდელობას გაუსვა ხაზი. სახელდება Virgin მოდის ფრაზიდან “We’re complete virgins at business”.
რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.