დაფიქრებულხართ, რამდენჯერ ამბობთ დღის განმავლობაში „კი“-ს და „არა“-ს? ადამიანი მიდრეკილია ხშირად თქვას „არა“, რადგან მას აქვს მოულოდნელი „რაღაც“ ცუდი მოვლენის შიში, ან სულაც ჩაფლავებას არიდებს თავს, ან უბრალოდ იმიტომ, რომ „არა“-ს თქმა ბევრად მარტივია და მის შემდგომ საჭირო არანაირ ქმედებას არ ითვალისწინებს. ასევე, საინტერესოა ის მომენტი, რომ მსგავსი ადამიანები უამრავ მიზეზს პოულობენ იმისთვის, რომ გაამართლონ მათი მხრიდან უარის თქმა და საკუთარი თავიც კი დაარწმუნონ თავიანთი გადაწყვეტილების სისწორეში.
თუმცა, ფაქტია, ხშირად ადამიანები მსგავსი მიდგომის გამო ხელიდან უშვებენ შესაძლებლობებს – ისეთ შესაძლებლობებს, რომლებსაც შეუძლიათ, სასიკეთოდ შეცვალონ პიროვნების კონკრეტელი დღე, ან სულაც მთელი ცხოვრება.
შესაძლებლობა ზრდილობიანად აკაკუნებს ხოლმე კარზე, ისიც დრო და დრო. ის არასდროს გვიმტვრევს კარს. ეს გაკვეთილი ძალიან კარგად გაითავისა ჩვენი სტატიის გმირმა – სერ რიჩარდ ბრენსონმა. იგი ხშირად არათუ ელოდა დაკაკუნებას, იქით ამტვრევდა სხვის კარებს.
როცა რაიმე კარგ იდეას გთავაზობენ და არ იცი, როგორ გააკეთო, მაინც დათანხმდი და მერე ისწავლე თუ როგორ გააკეთო საქმე.
1950 წელი, ბლექჰიტი, ლონდონი. ივ და ედვარდ ბრენსონების ოჯახში დაიბადა შვილი – რიჩარდ ჩარლზ ბრენსონი. მამა იურისტი იყო, დედა – ბალერინა და სტიუარდესა, ასევე მას ჰქონდა გამოცდილება მეწარმეობის მხრივ, რამაც დადებითი გავლენა მოახდინა რიჩარდზეც.
რიჩარდსაც, სავარაუდოდ, მოუწევდა რაიმე პროფესიის არჩევა რომ არა მისი დაავადება – დისლექსია. მას უჭირდა კითხვა, წერა და ზოგადად დაბალი აკადემიური შედეგი ჰქონდა. სამაგიეროდ, თამამი იდეებით და ინიციატივებით გამოირჩოდა.
„შენ ან ციხეში ჩაგსვამენ ან მილიონერი გახდები“ – უთხრა მას სკოლის მთავარმა პედაგოგმა რობერტ დრაისენმა.
მან მიატოვა სწავლა – და ბიზნესში სცადა ბედი. ამ გადაწყვეტილებამ მთელი მისი ცხოვრება შეცვალა, ხოლო ბრიტანეთმა და შემდეგ უკვე მთელმა მსოფლიომ შეიძინა ანტრეპრენერი და ბიზნეს ლიდერი, რომელიც იქცა გამბედაობის, ენერგიულობის, შიშთან ბრძოლის მაგალითად და შთაგონების წყაროდ მოევლინა ყველა დამწყებ სტარტაპერს.
სხვათაშორის დრაისენის წინასწარმეტყველება ახდა, მხოლოდ იმ სხვაობით, რომ რიჩარდმა თითქმის ორივე მოასწრო, გახდა მილიონერი და კინაღამ ჩაჯდა ციხეში გადასახადების გაუხდელობის გამო, თუმცა – გადარჩა.
„Virgin“-ის დაბადება
„შენ ვერ ისწავლი სიარულს წესების მიყოლით, შენ იგი უნდა ისწავლო სიარულის ცდით და წაქცევით.“
რიჩარდმა ბიზნეს საქმიანობა საახალწლო ხეების გაყიდვით დაიწყო. პირველი წარმატება კი მას ჟურნალმა „Student”მოუტანა. 1968 წელს დაარსებული ჟურნალი მალევე გახდა პოპულარული და ისედაც მოტივირებულ ახალგაზრდა რიჩარდს მისცა დამატებითი მოტივაცია, შეექმნა რაღაც განსაკუთრებული.
ეს რაღაც განსაკუთრებული კი უკვე კარს იყო მომდგარი: 1972 წელს ბრენსონმა დაარსა კომპანია „ვირჯინ რეკორდსი“ – მუსიკის სტუდია და მაღაზია, სადაც მომხმარებელს შეეძლო საკმაოდ იაფად საყვარელი მუსიკის მოსმენა. სიტყვა „Virgin“ თარგმანში „ქალწულს“ ნიშნავს – სახელი სწორედ რომ ბრენსონის და მისი მეგობრების ბიზნესში გამოუცდელობას უსვამდა ხაზს. დიახ, მას არ ჰქონდა გამოცდილება, არც საბუღალტრო წარმოება ესმოდა კარგად – მეტიც, ალბათ საერთოდ არ იცოდა, თუმცა მას ჰქონდა ენთუზიაზმი, თავგადასავლების ძიების წყურვილი და, რაც მთავარია, რისკის აღების უნარი. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მას მომავალში „დოქტორი კი“ შეარქვეს.
“Screw it, Just Do It” (დაივიწყე ყველაფერი, უბრალოდ ადექი და გააკეთე) – ასე ჰქვია ბრენსონის ცნობილ წიგნს და ეს სიტყვები ყველაზე უკეთესად გადმოსცემს მის ხასიათსა და ბიზნეს ფილოსოფიას.
70-იან წლებში ბრიტანეთში ძალას იკრებს ჰიპური მოძრაობა, ახალგაზრდები აქტიურად ცდილობენ ბარიერების რღვევას, უარყოფენ მეინსტრიმს და თავისუფლებისკენ მიილტვიან.
სწორედ ამ დროს „Virgin Records”-ის პირველივე ნამუშევარი Mike Oldfield-ის Tubular Bells (1973) ბესტსელერი გახდა. შემდგომ კომპანიამ გააფორმა კონტრატი ჯგუფ Sex Pistol-თან , რასაც ვერავინ ბედავდა მათი არაორდინალური იმიჯის გამო. ამას მოჰყვა კონტრაქტები Peter Gabriel-თან და ლეგანდარულ The Rolling Stones-თან. ბრენდის დაარსებიდან 6 წელიწადში ბრენსონი უკვე მილიონერი იყო.
ბრიტანეთის „Virgin“-იზაცია
„რატომ?“ უნდა ჩანაცვლოს „რატომაც არამ?“
სწორედ ამ პრინციპით იხელმძღვანელა ბრენსონმა, როცა პუერტო რიკოდან ვირჯინიის კუნძულებისკენ მიფრინავდა – მისი ფრენა გადაიდო, ბრენსონი ადგა და ჩარტერული რეისი დაიქირავა. ასევე, 39 დოლარად შესთავაზა ფრენა სხვა „გადაგდებულ“ მგზავრებსაც. როცა ადგილზე ჩაფრინდნენ, ერთ-ერთმა მგზავრმა ბრენსონს უთხრა :

იგი ხედავდა შესაძლებლობებს იქ, სადაც სხვები ხედავდნენ რისკს. ასე შეიქმნა Virgin Atlantic – ავიაზეხები, რომელიც მალე მსოფლიოს ბევრ ქალაქში დაფრინავდა. ბრენსონს ძალიან უნდოდა, რომ მისი ავიახაზები ყოფილიყო ტრადიცულზე უფრო მეტად გემოვნებიანი, მიმზიდველი და სექსუალური.
სლოგანი იყო : „შენს ავიახაზებს ეს აქვს ან არა“,
შემდეგი ვიდეო დაგარწმუნებთ რომ მის ავიახაზებს „ეს“ ნამდვილად ჰქონდა.
რა ხდება ამის მერე?
ყველა ნორმალური ადამიანი ალბათ დატკბებოდა მისი მილიონებით და დარჩებოდა იმ სფეროში, რომელშიც წარმატებას მიაღწია. თუმცა, ბრენსონს ეგ არც უფიქრია.
„არ არსებობს იმაზე უფრო დიდი რამ, რომ შენს ცხოვრებაში და საქმეში, შენს მისწრაფებებს მიჰყვე.“
ამის მერე ბრენსონმა საკუთარ თავს დაუსახა ახალი გამოწვევები და ლამის ყველა ინდუსტრიაში შეიჭრა სადაც კი შეძლო : Virgin Cola, Virgin Vodka, Virgin Brides, Virgin Mobile, Virgin Trains, Virgin Galactic. ეს მცირე ჩამონათვალია იმ კომპანიებისა, რომლებმაც „ვირჯინ ჯგუფის“ სახელით დაიწყეს ოპერირება – დაწყებული საცალო სამომხმარებლო ბაზრიდან, გაგრძელებული მობილური და მედია ბაზრით, ტრანსპორტით და დასრულებული კოსმოსის გამოკვლევით. ”Virgin” იყო ყველაგან და ყველასთვის – თვითონ ბრენსონიც ყველაგან იყო თავის კომპანიებთან ერთად და თავხედურად ეჯიბრებოდა ინდუსტრიის გიგანტებს.
ზოგ შემთხვევაში დაამარცხა, ზოგში კი – თვითონ დამარცხდა. თუმცა, გული არ გაუტეხავს მისი მარტივი მიდგომის გამო:
„როგორც კი რაიმე იდეა აღარ არის წარმატებული და გასართობი, დროა, რომ შემდეგზე გადახვიდე. ცხოვრება ძალიან მოკლეა იმისთვის, რომ უბედური იყო. არ შეგრცხვეს საკუთარი წარუმატებლობების, შენ სწავლობ საქმის კეთებით და საკუთარი მარცხით.“
ადამიანი მარკეტინგი
„მოხვდი გაზეთების პირველ გვერდზე, თუნდაც შენი თავი სულელად გამოიყვანო.“
ბრენსონს ჰქონდა ძალიან სპეციფიკური და გამორჩეული მარკეტინგული სტრატეგია – ის თავად გახლდათ თავისი კომპანიის მარკეტინგი, ითავსებდა როგორც ხელმძღვანელის ფუნციას, ასევე პრომოუტერობას, მსახიობობას და კასკადიორობასაც კი.
სხვა დიდი კომპანიებისგან განსხვავებით, ბრენსონის შემთხვევაში თვითონ რიჩარდი გახდა ძალიან პოპულარული, შემდგომ კი, მან ეს პოპულარობა თავის პირმშო “Virgin Group”-ზე გადაიტანა.
– რას კეთებდა ბრენსონი იმისთვის, რომ საზოგადოების ყურადღება მიეპყრო?
– აბსოლუტურად ყველაფერს.
1984 წელს სამხრეთ აფრიკაში ვირჯინ ატლანტიკის პირველი ფრენის აღსანიშნავად, ბრენსონი იოჰანესბურგში ჩაფრინდა და ZULU-ს ტომის მეომრის კოსტუმით წარდგა საზოგადოების წინაშე. ერთ-ერთ პრესკოფერენციაზე კი, რომელიც მისი კომპანიის კოსმოსის პროექტს ეხებოდა, იგი სულაც ასტრონავტის ფორმაში გამოცხადდა.

ბრენსონის ეპატაჟი და ექსცენტრიულობა არ იფარგლებოდა მხოლოდ კოსტიუმირებული წარმოდგენებით, იგი ძალიან გამბედავი ადამიანი იყო და არ ერიდებოდა ექსტრემალურ სპორტს.
სან ფრანცისკო – ლას ვეგასის რეისის აღსანიშნავად ბრენსონი Palms Hotel Casino-დან 124 მეტრის სიმაღლიდან გადმოხტა სპეციალური ეკიპირების და თოკის მეშვეობით. ეს მოვლენა ტელევიზიამ გააშუქა და ბრენსონი ყველამ შეაქო მისი გამბედაობისთვის. მართალია, იგი გადმოხტომისას კედელს რამდენიმეჯერ მიეჯახა და ზურგიც იტკინა, თუმცა სახეზე მაინც ღიმილი დასთამაშებდა – როგორც მთელი თავისი ცხოვრება.
თავგადასავლებზე მონადირემ ხტომაც არ იკმარა და რეკორდებისკენ გაიწია: მანქანა ამფიბიაზე ამხედრებულმა ბრენსონმა დოვერიდან კალაისამდე გადაცურა ინგლისური არხი 1.40 საათში, რაც მსოფლიო რეკორდი გახდა.
თუმცა მისი ყველაზე ცნობილი რეკორდი არა მანქანას და კატერს არამედ საჰაერო ბუშტს ეხებოდა. დიახ საჰაერო ბუშტს, რომლითაც ბრენსონმა ისტორიაში პირველად გადალახა ატლანტიკის ოკეანე, აღსანიშნავია ისიც რომ, ამ დროისათვის მისი საჰაერო ბუშტი სახელწოდებით Virgin Atlantic Flyer ყველაზე დიდი გაბარიტების იყო რაც კი შეუქმნიათ ოდესმე. მოგზაურობის ბოლოსკენ ბუშტმა წონასწორობა დაკარგა და ჩრდიელოთ ირლანდიის ტერიტორიაზე წყალში ჩავარდა. საბედნიეროდ ბრენსონი და მისი პარტნიორი პერ ლინსტრანდი, ვინც ეს ბუშტი შექმნა, ორივე გადარჩნენ.
ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ მიუხედავად რეკორდის დამყარებისა და სიკვდილზე აშკარად თვალებში ჩახედვისა, ბრენსონს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დარჩა.
1991 წელს ბრენსონმა იგივე შვედ პარტნიორთან ერთად იაპონიიდან აიღო გეზი, გადალახა წკნარი ოკეანე და კანადაში ჩაფრენით დაამყარა დისტანციის (6700 კილომეტრი) და საშუალო სიჩქარის (150 მეტრი საათში) რეკორდი.
რეკორდი კარგია, მაგრამ დამყარებულია. მორჩა.
ბრენსონს ახალი გამოწვევა სწყუროდა – მან გადაწყვიტა შეუსრულებელი მისია შეესრულებინა და მსოფლიოს გიგანტები Coca-Cola და Pepsi გამოიწვია ბრძოლაში. ეს იმ ტიპის იდეაა, როცა ადამიანების 99% იტყოდა „არა“-ს, მაგრამ რიჩარდმა თქვა „კი“. მან შექმნა ბრენდი Virgin Cola და 1994 წელს დაიწყო მისი წარმოება ინგლისში, ხოლო 4 წელიწადში – ამერიკაშიც.
„მე გავანთავასუფლებ ამერიკას Coca-Cola და Pepsi-სგან“ – განაცხადა რიჩარდმა, გაიღიმა და დაიწყო მოქმედება.
ბრენსონს სჭირდებოდა რაღაც ძალიან განსაკუთრებული მარკეტინგული კამპანია – ისეთი, რაც აქამდე არც ერთ კომპანიას არ უცდია და მან აირჩია…. ტანკი. არ შეგეშალათ – ნამდვილად ტანკი: 1998 წელს მან ნიუ-იორკის ქუჩებში გამოიყვანა ვირჯინ ტანკი, გააკეთებინა დიდი კედელი, რომელიც კოკა-კოლას და პეპსის ქილებით ააწყვეს და შემდეგ ამ კედელს ჩვეულებრივად გადაუარა, გაისროლა ტანკის ლულიდან კოკა-კოლას მისამართით და ბოლოს კოკა-კოლას უზარმაზარ ბანერს თავხედურად ზემოდან დაადო ვირჯინ კოლას ბანერი.
ინტერნეტი აფეთქდა, ბრენსონი იყო ყველგან, ყველა ტელე-შოუში, ყველა ჟურნალში. მალე მისი პროდუქტი გამოჩნდა ისეთ ცნობილ სერიალებში, როგორებიც იყო: “Friends”და „Baywatch“. ბრენსონმა სპეციალური კონტრაქტი გააფორმა იმ დროის სექს სიმბოლოდ აღიარებულ პამელა ანდერსონთან და ვირჯინ კოლას ბოთლის დიზაინი პამელას სხეულის მიხედვით შექმნა.
ამას მოჰყვა ულევი რაოდენებოს სატელევიზიო და ინტერნეტ რეკლამა, კლიპები და ბოლოს, შედეგი – საწყის ეტაპზე ვირჯინ კოლამ ბრიტანეთში გადაასწრო კოკა კოლას. კინაღამ საოცრება მოხდა. თუმცა კინაღამ არ ითვლება და კოკა-კოლამ კონკრეტული ქმედებების შედეგად დაიბრუნა ბაზრის წილი და 2005 წლისთვის საბოლოოდ გაანადგურა ვირჯინ კოლა. ბრენსონი დამარცხდა ამ ბრძოლაში, თუმცა ყველას უჩვენა მაგალითი, რომ ზოგჯერ შეუძლებელი….თითქმის შესაძლებელია და ცდად ღირს.
იყო ასევე საინტერესო შემთხვევა, როცა რიჩარდს თავისი მარკეტინგული უნარების სხვის სასარგებლოდ გამოყენება მოუწია, თან – საკმაოდ ორიგინალურად: 2010 წელს ბრენსონი და მისი მეგობარი Air Asia-ს მფლობელი ტონი ფერნანდესი დანიძლავდნენ, თუ ვინ დაასრულებდა უფრო წინ ფორმულა 1-ის გრან პრის, ბრენსონის ვირჯინ გუნდი თუ ფერნანდესის ლოტუსი. წაგებული გუნდის მფლობელს სტიუარდესად უნდა ემუშავა კონკურენტის ავიახაზებზე. ბრენსონმა წააგო და, რა თქმა უნდა, როგორც სიტყვის პატრონმა პირობაც შეასრულა:
კუნძული „ნეკერი“
– რას გააკეთებდა ბრენსონი, როცა გაიგო, რომ არსებობს კუნძული, რომელიც მისი კომპანიის სახელწოდებას “Virgin-ს” ატარებს?
ბრენსონს ძალიან მოსწონდა ერთი გოგონა, რომელზეც შთაბეჭდილების მოხდენა უნდოდა. სწორედ ამ დროს მან შეიტყო, რომ ვირჯინიის კუნძულებიდან ერთ-ერთი – კუნძული ნეკერი გასაყიდად იყო გამოტანილი. მან დაურეკა რეალტორს, რომელმაც საბედნიეროდ არ იცოდა, რომ ბრენსონს კუნძულის საყიდელი ფული არ ჰქონდა და შესთავაზა ყიდვის მიზნით კუნძულის დათვალიერება. ყველა ხარჯი გამყიდველის მხრიდან უნდა დაფარულიყო. ერთი დამატებითი პირობა იყო ასევე საჭირო – მას თან მისი მეგობარი გოგონა უნდა ხლებოდა. მას დათანხმდენენ და კუნძულის დასათვალიერებლად ვერტმფრენიც კი შესთავაზეს. მოკლედ რიჩარდმა თავის გოგონასთან ერთად მშვენიერი დრო გაატარა და ყველაფერი იდეალურად იყო, სანამ მას კუნძულის ფასი არ უთხრეს – 6 მილიონი აშშ დოლარი. ბრენსონმა გაიღიმა და უთხრა რომ ამ თანხას ვერ გადაიხდიდა, თუმცა თავხედურად შესთავაზა 100 000. რა თქმა უნდა, მას კუნძული მაშინვე დაატოვებინეს.
ერთი წლის შემდეგ, როცა კუნძულის ყიდვის სურვილი სხვა არავინ გამოთქვა, ბრენსონს დაუკავშირდნენ და 180 000-ის საანცვლად მან მაინც იყიდა „ნეკერი“. რაც შეეხება იმ გოგონას, რიჩარდმა იგი ცოლად მოიყვანა.
თუმცა ბრენსონს კუნძული მხოლოდ მომავალ მეუღლეზე შთაბეჭდილების მოსახდენად არ უყიდია. მან „ნეკერი“ გამოაცხადა დასვენების და თავისუფლების ზონად. იგი აქტიურად ჰპატიჟებდა ცნობილ ადამიანებს სტუმრად და სთავაზობდა მათ დასვენებას, გართობას, მშვიდ, ლამაზ გარემოში ცხოვრებაზე დაფიქრებას და იმის გააზრებას, რომ ცხოვრების ყოველი მომდევნო დღე ნამდვილი საჩუქარია. მის სტუმრებს შორის იყვნენ ისეთი პიროვნებები როგორებიც არიან: ნელსონ მანდელა, ჯიმი კარტერი, კოფი ანანი, პრინცესა დიანა შვილებით, რობერტ დე ნირო, ედი მერფი, ბორის ბეკერი, მელ გიბსონი, სერ მიკ ჯაგერი და სხვა და სხვა. ცალკე ხსენების ღირსია კუნძულზე აშშ პრეზიდენტის ბარაკ ობამას სტუმრობა: ბრენსომა იგი გამოიწვია სერფინგის შეჯიბრში. ობამა დათანხმდა და დაამარცხა კიდეც ბრენსონი.
ნელსონ მანდელას წიგნით და მასთან მეგობრობით შთაგონებულმა ბრენსონმა პიტერ გაბრიელთან და თვით ნელსონ მანდელასთან ერთად დაარსა სპეციალური „ლიდერთა კლუბი“ – გავლენიანი ადამიანებისგან შემდგარი საზოაგადოება, რომელიც დრო და დრო იკრიბებოდა „ნეკერზე“ და მსჯელობდა ფილანტროპიაზე, ადამიანთა უფლებების დაცვაზე, ქველმოქმედებასა და ადამიანთა ცხოვრების გაუმჯობესებაზე.
მას ნეკერზე მოჭრილი ჰალსტუხების სპეციალური კოლექციაც აქვს. რიჩარდი ვერ იტანდა ჰალსტუხებს და მიაჩნდა, რომ ისინი ხელს უშლიან ადამიანის თავისუფლებას და თვითრეალიზაციას. მან კამპანიაც კი წამოიწყო სახელწოდებით „დაემშვიდობე შენს ჰალსტუხს“, ამისათვის ბიზნეს შეხვედრებზე თან ატარებდა მაკრატელს და ვისაც შეხვდებოდა, იქვე ადგილზე ჭრიდა ჰალსტუხს, ათავისუფლებდა ჰალსტუხის მონობისგან და მოჭრილ ჰალსტუხს როგორც ომში მოპოვებულ ჯილდოს თავის კუნძულზე ინახავდა. მისი ფილოსოფიით იმის გამო, რომ ადამიანებს ბიზნეს შეხვედრებზე ყველას ერთნაირად ეკეთა ჰალსტუხი, ისინი ერთნაირადაც ფიქრობდნენ – რაც კლავდა ახალ იდებს და ინოვაციებს. ამიტომაც დაერია ყველას და კაი დიდი კოლექციაც შეაგროვა.

არიან ცხოვრებაში ადამიანები, რომლებიც თავიანთი პოზიტივით, ენერგიითა და სულისკვეთებით სტიმულს აძლევენ და ცხოვრების სიყვარულს უღვივებენ გარშემომყოფებს და ზოგადად ნებისმიერ უცხო ადამიანს. 69 წლის ბრენსონი ერთ-ერთი მათგანია – მან ნამდვილად იცხოვრა ფათერაკებით სავსე და რისკის ზღვარზე მყოფი ცხოვრებით და გვასწავლა,რომ ხშირი „კი-ს“ თქმით ყოველი დღე ბევრად უფრო საინტერესო და სახალისოა.
ცუდია, რომ ასეთი ადამიანები ბერდებიან…
თუმცა, კარგია, რომ ისინი არსებონენ…
ავტორი: გ.მ