მაისში ვირჯინია ვულფის რომანის „მისის დოლოვეის” გამოცემიდან 100 წელი სრულდება და ამ ამბის აღსანიშნავად Vintage Classics-ის გამომცემლობა წიგნების ნაკრებს უშვებს, რომელიც, აღნიშნულთან ერთად, რომანებს „საკუთარი ოთახი“ და „გზა შუქურისკენ“ მოიცავს. თითოეული ორიგინალი ყდითაა წარმოდგენილი და ავტორის მხატვარი დის ვანესა ბელის ხის გრავიურებს ეფუძნება.
„ძალიან ცოტა წიგნი თუ უძლებს საუკუნეს, მაგრამ ვანესა ბელის ნამუშევარი მისი დის ვირჯინია ვულფისთვის ჯერ კიდევ საოცრად ახლებურად გამოიყურება. „მისის დოლოვეის“ 100 წლის იუბილესთვის გამართლებული იყო, ვულფის პირველი გამოცემების ყდების დიზაინს დავბრუნებოდით“, — განმარტავს შარლოტა ნაითი, Vintage Classics-ის რედაქტორი.
ორივე და Bloomsbury Group-ის წევრები იყვნენ, ხელოვანთა, ლიტერატურულ მოღვაწეთა და მოაზროვნეთა ჯგუფის, რომელიც აქტიური მეოცე საუკუნის დასაწყისში გახლდათ და მას შემდეგ კულტურული ინტერესის საგანია. განსაკუთრებით კი მსგავს საიუბილეო თარიღებში…
„ვფიქრობ, ვანესა ბელის ნამუშევრების მუდმივი მიმზიდველობა Bloomsbury Set-ს უკავშირდება, რომელმაც ეპოქა განსაზღვრა. ყდები კონკრეტულ მომენტებს გვაგონებს როგორც ხელოვნებაში, ისე ლიტერატურაში. აქ კი მხატვრისა და მწერლის მოდერნიზმი ერთმანეთს ერწყმის. ორმა ძალიან შემოქმედებითმა და ექსპერიმენტების მოყვარულმა დამ ითანამშრომლეს, რათა ისეთი რამ შეექმნათ, რაც დღესაც აქტუალური იქნებოდა“.
საბედნიეროდ, ახალ გამოცემაში, რომელსაც შემოქმედებითი ხელმძღვანელი სუზან დინი კურირებდა, ძველი დეტალების შენარჩუნება გადაწყვიტეს. ხელით შესრულებული გრავირებული ფორმებიც შეინარჩუნეს და მარცვლოვანი სტრუქტურაც, რითაც ახალი დიზაინი ბელის ორიგინალური ხედვისა და პროცესის ერთგული რჩება. თუმცა, უბრალოდ ძველი რაღაცის კოპირებად ნუ ჩათვლით:
„ფურცლების აწყობა დიდი გამოწვევა იყო, „მისის დოლოვეისთვის“ ახალი დიზაინი უნდა შეგვექმნა, რადგან არსებული სისქეში ორიგინალს არ ემთხვეოდა. „საკუთარი ოთახისთვის“ კი საქმე უფრო მარტივად იყო, მხოლოდ მცირე დეტალების აღება მოგვიწია ყდიდან… ასე რომ, ეს არ გახლავთ ფაქსიმილური გამოცემები, თუმცა, დიზაინისა და წარმოების ყველა დეტალში თავდაპირველი მონაცემები მივუთითეთ, იქნებოდა ეს შრიფტი, ქაღალდი თუ ყდების ფერები“.