„რალფ ლორენი” 3 აგვისტოს Polo P-Wing Boot-ს უშვებს, ფეხსაცმელს, რომელიც შექმნილია Ralph Lauren-ის ციფრული ტანსაცმლის მიხედვით. ის გასულ წელს Fortnite-ში გაიყიდა. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ ახორციელებენ ბრენდები უფრო მეტ ექსპერიმენტს მეტავერსში და როგორ ახერხებენ ვირტუალურისა და ფიზიკურის შერწყმას.
გასულ წელს რალფ ლორენმა Fortnite-ში თამაშშიდა კოსტიუმებისა და ნივთების კოლექცია გამოუშვა. მაშინ იმ ვირტუალური პროდუქციის ფასი სულ რაღაც 20 დოლარი იყო, ახლა კი, ამ ინსპირაციით შექმნილი Polo P-Wing Boot 250 დოლარად გაიყიდება და მხოლოდ 200 ერთეულს აწარმოებს.
ახალი პროდუქტის სახელწოდებაა “phygital”, რაც ფიზიკურისა და ციფრულის გაერთიანებასთან არის დაკავშირებული. Fortnite-ის მოთამაშეებს შეეძლებათ იყიდონ და ატარონ ეს ჩექმები ფიზიკურად, თუმცა მისი ნახვა თამაშში, ვირტუალურ გარემოშიც იქნება შესაძლებელი.
ვირტუალური და თამაშშიდა კომერციის ზრდა ახალ შესაძლებლობებს ხსნის მოდის ბრენდებისთვის, რათა მათ შეძლონ პროდუქციის ახალ გარემოში ტესტირება. ბოლო წლების განმავლობაში ბრენდებმა ფართოდ დაიწყეს ვირტუალური პროდუქტების შექმნა და დატესტვა. მაგალითად, Forever 21-მა თავისი ახალი ქუდისთვის გამოცადა Roblox. მან თამაშის ამ უდიდეს პლატფორმაზე გამოაჩინა ქუდის ვირტუალური ვერსია და შეამოწმა, რამდენჯერ იყიდდნენ მას მომხმარებლები Roblox-ში. შედეგი გასაოცარი იყო – მომხმარებლებმა 1,5 მილიონზე მეტჯერ იყიდეს. ამის შემდეგ Forever 21-მა ქუდის ფიზიკური ვერსიაც გამოუშვა.
ბოლო დროის ტენდენციები აჩვენებს, რომ ფეხსაცმლის ბრენდები უფრო მიდრეკილნი არიან მეტავერსისკენ. მასში ჩართულები არიან Nike და Puma-ც. Ralph Lauren’s Polo P-Wing Boot-ის გამოშვებაც უახლესი მაგალითია იმისა, რომ მაღალი მოდის სახლები ვირტუალური მომხმარებლის პრეფერენციებს კარგად აფასებენ და იციან, როგორ გამოიყენონ მეტავერსის შესაძლებლობები.
ერთადერთი ფაქტორი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გათვალისწინებული და მარკეტერები ვარაუდობენ, რომ სამომავლოდ ესეც შეიცვლება, ისაა, რომ ამ ჩექმის შეძენა ჯერჯერობით არა პირდაპირ Fortnite-ში, არამედ ბრენდის ელექტრონული კომერციის სტანდარტულ ვებსაიტზე, RalphLauren.com-ზეა შესაძლებელი. ამიტომ ჯერჯერობით მსგავსი აქტივობები მხოლოდ მარკეტინგული ნაბიჯია, ვიდრე ახალი კომერციული არხის შექმნის ნამდვილი შესაძლებლობა. თუ გსურთ შეხვდეთ თქვენს მომხმარებელს ყველგან, სადაც ისინი არიან, სტანდარტული სოციალური ქსელების გარდა მსგავსი პლატფორმებიც უნდა აითვისოთ, უნდა დააკავშიროთ ერთმანეთს ფიზიკური და ციფრული სამყარო, ერთი და იგივე ნივთები უნდა შესთავაზოთ როგორც რეალურად, ისე ვირტუალურად. თანამედროვე ეპოქაში ამის გაკეთება არც ისე რთულია, თუმცა, სამაგიეროდ, კარგად მუშაობს და სწორ მარკეტინგულ ნაბიჯად მიიჩნევა.