თანდათანობით, ადამიანების ყურადღების მიპყრობა კიდევ უფრო ძნელი ხდება. მაგრამ საქმე როცა ვირტუალურ შეხვედრასთან გვაქვს, ამოცანა განსაკუთრებით რთულდება.
გქონიათ გამოცდილება, როცა 9 წუთის განმავლობაში რაღაც არგუმენტი მოგყავთ, საუბარს წყვეტთ და რეაქციას ელით, პასუხად კი იღებთ: „დარწმუნებული არ ვარ, რომ ბოლომდე მოგყევი“, ან „ჩემს კატას ვბანდი და სულ დამავიწყდა, რომ ჩართული ვიყავი“ და სხვა.
ბევრი ასეთი შეხვედრა უშედეგო ხდება იმიტომ, რომ ჯგუფის წევრების ჩართულობა ნულს უტოლდება ხოლმე. როცა ადამიანები ერთ ოთახში არიან, თვალის დაჟინებულმა მზერამ ყურადღების მიპყრობის პროცესი შეიძლება, გაამარტივოს, მაგრამ ვირტუალური შეხვედრებისას „იძულების“ ეს მეთოდი არ მუშაობს. ამიტომ საჭიროა ტაქტიკების სწავლა, რომლითაც შეხვედრა ინტერაქციული და შედეგიანი გახდება მსმენელები.
განსაკუთრებით დღეს, როცა COVID-19-ის, კორონავირუსის გამო, მსოფლიო დისტანციური მუშაობის მოდელზე გადადის, გვინდა, ის 5 წესი გაგიზიაროთ, რომლითაც ვირტუალური შეხვედრები წარმატებით ჩაივლი:
60 წამის წესი
ჯგუფის წევრებს არასდროს დააწყებინოთ პრობლემის გადაჭრაზე ზრუნვა მანამ, სანამ თავად პრობლემას არ იგრძნობენ. პირველ სამოცი წამი სწორედ ამას დაუთმეთ. გაუზიარეთ სიტუაციის შოკისმომგვრელი ან პროვოკაციული სტატისტიკა, ამბავი ან ანალოგია, რომელიც პრობლემის დრამატიზებას მოახდენს. ამ შემთხვევაში მიზანი ჯგუფის წევრების ემპათიურობის ამაღლება იქნება გადასაჭრელი ამოცანის მიმართ.
პასუხისმგებლობის წესი
ნებისმიერ სიტუაციაში ადამიანი საკუთარ სოციალურ როლს უსიტყვოდ განსაზღვრავს. მაგალითად, როცა კინოში მიდიხართ, გაუცნობიერებლად, თქვენ დამკვირვებლის როლს ირგებთ. როცა სპორტ დარბაზში მიდიხართ, თქვენ მოქმედი პირი ხართ – აქ სავარჯიშოდ მოხვედით. ყველაზე დიდი საფრთხე ვირტუალურ ჩართვებში არის ჯგუფის წევრების მიერ, დამკვირვებლის როლის მორგება. ამიტომ, გაზიარებული პასუხისგებლობის გამოცდილება შექმენით და თქვით: „მინდა, რომ ამაში ყველა ჩაერთოთ!“ – ეს ნამდვილად მუშაობს.
პასუხისმგებლობის დიფუზიისგან თავის არიდების წესი
კველვა აჩვენებს, რომ ადამიანს, რომელსაც ვთქვათ, მეტროში გულის შეტევა აქვს, რაც უფრო მეტი ხალხია მის გარშემო, მით ნაკლები შანსია, რომ ვინმე დაეხმაროს. სოციალურ ფსიქოლოგიაში ამ ფენომენს პასუხისმგებლობის დიფუზიას არქმევენ. თუ რაიმეზე ყველაა პასუხისმგებელი, მაშინ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არავინ იღებს. ამის თავიდან ასაცილებლად, ჯგუფის წევრებს დავალება მიეცით, რომელშიც მათი აქტიური ჩართვა საჭირო იქნება. დასვით ამოცანა, რომელიც ძალიან სწრაფად უნდა გადაჭრან. დაყავით ისინი ორ-ორად ან მაქსიმუმ, სამ-სამად და განუსაზღვრეთ მედიუმიც, რომლის საშუალებითაც მათ უნდა იკონტაქტონ (ვიდეო კონფერენცია, სლექი, მესიჯი, აუდიო). მიეცით მკაცრად განსაზღვრული დრო, კარგად სტრუქტურირებული დავალება და კიდევ უფრო მცირე ჯგუფებში, მათი პასუხისმგებლობის შეგრძნებაც უფრო მაღალი იქნება.
მსპ წესი
არაფერი ადუნებს მსმენელების გონებას იმაზე მეტად, ვიდრე სლაიდები – დაუსრულებელი სტატისტიკური მონაცემებით. მნიშვნელობა არ აქვს, რა ტიპის აუდიტორია გყავთ. ერთმანეთში ფაქტები და ამბები უნდა შეაზავოთ. ამას შეგვიძლია, მინიმალურად სიცოცხლისუნარიანი პრეზენტაცია დავარქვათ (Minimum Viable Presentation/ MVP – პრეზენტაციის თავდაპირველი ვერსია, რომელიც მოიცავს მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლის გარეშეც, პრობლემაზე ვერ ისაუბრებთ. შედეგად, პრეზენტაციის საბოლოო ვერსიაში რჩება მხოლოდ ის თვისებები/ფუნქციები, რაც მსმენელს მოეწონება). უფრო მოკლედ და გასაგებად რომ ვთქვათ, რაც შეიძლება ცოტა მონაცემი გამოიყენეთ. ასეთ შემთხვევაში, პრობლემასთან დაკავშირებული საინტერესო ამბების გაზიარებისთვის დრო დაგრჩებათ.
5 წუთის წესი
5 წუთზე მეტხანს ნუ გაჩერდებით – გუნდს მიეცით შემდეგი პრობლემა გადასაჭრელად. ჩართვის მონაწილეები სხვადასხვა ოთახში, განცალკევებით არიან, ყურადღების გაფანტვის მილიონი საშუალებით. და თუ თავად მოდუნდებით, ისინი მაშინვე დამკვირვებლის როლს მოირგებენ. პრობლემის გადაჭრაზე საუბრისას, ჩაატარეთ პატარა გამოკითხვები, გაიგეთ გუნდის წევრების აზრი და ნუ მისცემთ მათ საუბრისგან თავის არიდების საშუალებას.
შეხვედრის ტიპს მნიშნელობა არ აქვს. მიჰყევით ამ ხუთ წესს და ნებისმიერ ვირტუალურ შეკრებასთან დაკავშირებული გამოწვევები პოზიტიურად შეიცვლება.
წყარო HBR