სარეკლამო თუ კინოინდუსტრიაში გადაზრების ორგანიზება კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს, რომელთაგან გადაღების ადგილის შერჩევა, შემდეგ კი გუნდისა და საჭირო ტექნიკის ტრანსპორტირება, დაბინავება, შესაფერისი ამინდის დამთხვევა და სხვა უამრავი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო, რაც ყველაფერთან ერთად, საკმაოდ ხარჯიანიცაა. თუმცა, არსებულ მიდგომას ძირეულად ცვლის ვირტუალური ფროდაქშენი, რომელიც ვიზუალური პროექციების დახმარებით, ვიდეოგადაღების მთლიან პროცესს ერთ სივრცეში აქცევს და ფინანსურ ხარჯებთან ერთად, მნიშვნელოვნად ამცირებს დროით დანახარჯსაც. ტექნოლოგიის გამოყენება limoni.video-მ დაიწყო და საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარა.
გიორგი ოკმელაშვილი, Limoni.video: „ვირტუალური ფროდაქშენის ტექნოლოგიის გამოყენება როგორც სარეკლამო, ასევე, კინოინდუსტრიაში ახლა ინერგება მთელ მსოფლიოში. ის მნიშვნელოვნად ამცირებს დროით და ფინანსურ ხარჯებს. სცენა მზადდება წინასწარ, არ საჭიროებს ამოჭრას და მთელი გადამღები გუნდი, პირდაპირი პროექციის საშუალებით, ცოცხალ რეჟიმში ხედავს, რა იქნება საბოლოო პროდუქტი. არ გჭირდება განათება – ambient და დამხმარე განათების საშუალებით უმკლავდები სრულად.
ბრაზილია, ფილიპინები, პარიზი, სამეგრელო და უკრაინა ერთ დღეში, ერთ პავილიონში გადავიღეთ. ხუთი ლოკაციის ერთ დღეში გადაღება აქამდე წარმოუდგენელი იყო. ძალიან მარტივდება ფროდაქშენი – არ ხარ ამინდის ცვლილებაზე დამოკიდებული, არ გაქვს გუნდის ტრანსპორტირების, სასტუმროს და სხვა ხარჯები, ბევრად ნაკლებია ტექნიკური თანამშრომლებისა და დეკორატორების საჭიროება. ამ ტექნოლოგიით გადაიღეს ჯორჯ ლუკასის „მანდალორიელი“. ასევე, დიდი რაოდენობითაა გამოყენებული „სამეფო კარის თამაშებში“. თავად ეს ტექნოლოგია უამრავი კომპონენტისგან შედგენა – შეგიძლია ჯოისტიკზე მიბმული რობოტი გადაიღო რუსთაველზე და ამავდროულად, კადრში ჩახედვის გარეშე, მას ვერავინ დაინახავს. ვირტუალურ ფროდაქშენს გამოყენების ძალიან ფართო სპექტრი აქვს. ამ ტექნოლოგიას, დაახლოებით, 1.5 წლის მანძილზე ვეძებდით, გვაინტერესებდა, როგორ შეიძლება გაგვემარტივებინა ფროდაქშენის პროცესი. საკმაოდ რთული აღმოჩნდა ისეთი ადამიანების პოვნაც, რომლებმაც ეს პროგრამა იცოდნენ.
მნიშვნელოვნად ამცირებს მხატვრობის ბიუჯეტს, არ გიწევს ქალაქიდან გასვლა, სცენების დეკორაციების აშენება და ფაქტობრივად, შეზღუდული არ ხარ არაფერში, რის წარმოსახვაც შეგიძლია, ყველაფრის გადაღებას შეძლებ.
ჰოლივუდიც აქტიურად გადადის ამ ტექნოლოგიაზე და იქმნება სპეციალური პავილიონები, ვირტუალური ფროდაქშენისთვის. ანალოგიურის შექმნაზე ვფიქრობთ ჩვენც და გვსურს, აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი ვირტუალური ფროდაქშენი გვქონდეს.“
ავტორი: თამარ მეფარიშვილი