სოციალურ მედიაში ყურადღება რომ დაიმსახურონ და ვირუსული კონტეტიც შექმნან, განსაკუთრებით კი TikTok-ზე, ბრენდები ამ პლატფორმის ინფლუენსერებისა და კრეატორების არაფორმალურ სტილსა და მხიარულებას ბაძავენ. ამ სტრატეგიას Ryanair-იც მიჰყვება და ასე Wendy’s-ის, Innocent-ის, Netflix-ისა და Burger King-ის გვერდით დგება.
მსგავს მარკეტინგულ მიდგომას კი ხშირად „გონზოს სოციალურ მედიას“ უწოდებენ — პერსონალურ ამბებზე ორიენტირებული ჟურნალისტიკაა, რომლის პიონერიც 1960-70-იანი წლებიდან ჰანტერ თომპსონი გახლავთ. მარტივად რომ ვთქვათ, ტაქტიკაა, რომელიც ყველა წესს ამსხვრევს და ცოტა გიჟურადაც გამოიყურება.
საუკეთესო გონზო სოციალური მედია ანგარიში კი არარელევანტური ან უხეშიც შეიძლება ჩანდეს, მაგრამ ყოველთვის სასაცილო და გასართობია. თანაც ამას მხოლოდ ახალგაზრდა სეგმენტის მქონე ბრენდები კი არა, აი, მაგალითად ბრიტანული ძვირადღირებული მანქანების ბრენდი Lotus-იც მიმართავს, რითაც 3 მილიონ მიმდევარზე მეტიც კი მიიზიდა. თუმცა იმისათვის, რომ წარმატებული იყოთ, ხმის ტონისა და ქცევების მკაცრად განსაზღვრული წესები უნდა დაიცვათ:
თავადვე დააწესეთ ჩართულობის წესები
გონზო მარკეტინგს თან ბევრი სარგებელი ახლავს ჩართულობის ზრდიდან ახალი აუდიტორიების მოზიდვამდე, მაგრამ აქვეა საშიში სივრცეებიც — ზოგს უბრალოდ არ ესმის თქვენი სახალისო პოსტები. ამიტომ, ბრენდებს ურჩევენ, ისეთ ცხელ საკითხებზე საუბარს აარიდონ თავი, როგორიც პოლიტიკა, სექსი და რელიგიაა. უმჯობესია, თუ წინასწარ განსაზღვრავთ წესებს, რისი თქმა შეგიძლიათ და რისი, არა. Burger King ასე რომ მოქცეულიყო, ცნობილ Women belong in the kitchen-ის პოსტსაც თავიდან აირიდებდა. თუმცა კარგი ამბავი ის არის, რომ ბრენდებს თავიანთი შეცდომების გამოსწორება შეუძლიათ, თუ ამ პროცესს მართავენ და ბოდიშსაც დროულად მოიხდიან. ამგვარად, უმჯობესია, წინასწარ განსაზღვროთ სტრატეგია პოტენციურ რეაქციებთან გასამკლავებლად.
მდგრადობისთვის გუნდური მუშაობა გჭირდებათ
თუ ბრენდის სოციალურ მედიაში არსებობა მხოლოდ ერთი ადამიანის პასუხისმგებლობაა, გამოდის, როცა წავა, თქვენი ბრენდის ტონიც შეიცვლება… ასე კი აუდიტორიის დაკარგვის რისკის ქვეშ დადგებით. სწორედ ამიტომ აკვირდებიან ახლა Ryanair-ს, თუ როგორ შეიცვლება მისი ტონი სოციალურ ქსელში ამ კონტენტის სულისჩამდგმელის, სოციალური მედიის ხელმძღვანელის მაიკლ კორკორანის დატოვების შემდეგ…
იყავით ავთენტური და გაიცანით თქვენი აუდიტორია
ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ გონზო სოციალური მედია მარკეტინგი ყველა ბრენდისთვის შესაფერისი არ არის… თუმცა თუ თქვენი კომპანია მათ შორის არ არის, ეცადეთ, განმასხვავებელი წერტილი იპოვოთ, გქონდეთ განსხვავებული ხედვა, რადგან თუ ყველა ბრენდს ერთი და იგივე პერსონალობა ექნება, აღარც სახალისო იქნება და ვეღარც აუდიტორიის დაინტერესებას მოახერხებს…
გონზოდ გახდომაში არაფერია ახალი
შესაძლოა, ბრენდების პოპულარობა ვირტუალურ სივრცეებში რაღაც ახალ ტრენდს გავდეს, მაგრამ ასე სულაც არ არის. უბრალოდ გონზოს სოციალური მედია მარკეტინგი ახალ პლატფორმებსა და აუდიტორიებს მოერგო, მის მიღმა არსებული ფუნდამენტური წესები კი იგივე დარჩა. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში წესები იგივეა და თუ მიჰყვებით, რა იცით, იქნებ მომავალში ვირუსული კონტენტის ავტორები თავადაც გახდეთ…