12
Jun
2013

“ვირუსული” მარკეტინგი

12 Jun 2013

      ტექნოლოგიების განვითარებამ, ისევე როგორც ინტერნეტ-მომხმარებლების რაოდენობის ზრდამ ხელი შეუწყო მარკეტინგის ახალი   სტრატეგიების წარმოქმნას.  ფულისა და სხვა რესურსების ხარჯვა მარკეტინგში, რომელიც ადამიანების ყურადღების ხელოვნური, „უხეში“ ფორმებით მიქცევას გულისხმობს, აღარაა  ოპტიმალური.

pasha-statiebi
pasha-statiebi

     დღესდღეობით კომპანიების ხელთ არსებული დროისა და ფულადი რესურსები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მოვძებნოთ ადამიანების დიდი ჯგუფები, ვუგზავნოთ მათ მათთვის არასასურველი  სარეკლამო შეტყობინებები  იმ იმედით,  რომ მათ რაღაც ნაწილს ჩვენთვის ფულის მოცემა მოუნდება. ამ პირობებში ის მარკეტერები ახორციელებენ საქმიანობას წარმატებით,  ვინც ახერხებს დააფუძნოს პროცესი, რომელშიც  ადამიანები თავად პოულობენ სხვებს, ვისთანაც უკეთებენ პროდუქტს რეკლამას და ზრდიან მის ცნობადობას.

Virgin Glass

განმარტება

       ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი ტიპი, რომელიც ვირუსული პრინციპის გამოყენებით, ანუ ადამიანიდან ადამიანზე გადასვლით  ავრცელებს მარკეტინგულ გზავნილს. ეს გზავნილი შეიძლება იყოს ტექსტის, აუდიო, ვიდეო ან სხვა ფორმატის სახით, კრეატიულად „შეფუთული“ ისე, რომ ხელი შეუწყოს ინფორმაციის სოციალური ქსელის მომხმარებლებს შორის გავრცელებას.

რატომ ვირუსული მარკეტინგი?

      ინტერნეტით განხორციელებული ვირუსული მარკეტინგი არის უფრო ეფექტური, სწრაფად  სწვდება დიდ მასებს  და ამ პროცესში მარკეტინგული გზავნილის ავტორ კომპანიას ჩართვა არ  სჭირდება. მისი როლი მხოლოდ ამ პროცესის დასაწყისშია, რომელიც საინტერესო, ემოციური, კრეატიული ფორმით გადმოცემული მარკეტინგული გზავნილის შექმნას უკავშირდება, რომელიც მოტივაციას შეუქმნის სოციალური ქსელის წევრებს, გაუზიარონ ეს გზავნილი ერთმანეთს, განიხილონ, მოიძიონ ინფორმაცია და ა.შ. 

fridge

     ამგვარად,  მარკეტერები აღწევენ იმას, რომ მათი პროდუქტების გაცნობა და განხილვა ხდება უფრო სოციალურ გარემოში:  მეგობრებს, კოლეგებს, ნათესავებს შორის, რაც მათ უფრო პოზიტიურად განაწყობს მიღებული ინფორმაციის მიმართ. როგორც წესი, დიდი კომპანიების მარკეტინგული კომუნიკაციების მიქსში ვირუსულ მარკეტინგს „დამატებითი ინსტრუმენტის“ ადგილი უკავია, რომელიც ავსებს და აფერადებს კომპანიის მთავარ სარეკლამო საქმიანობას, თუმცა მისი წარმატებით წარმართვა ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც სხვა დანარჩენის.

     რაც შეეხება პატარა, მცირე ბიუჯეტის მქონე დამწყებ ან არსებულ ბიზნესებს, ასეთი კომუნიკაციის არსებობა, რომელიც მცირე დანახარჯებს მოითხოვს, შანსს აძლევთ  გააცნონ თავი თავის პოტენციურ მომხმარებელს. ასევე,  როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არის მარკეტინგის ერთ-ერთი ყველაზე იაფი ინსტრუმენტი, რადგან ჩვენ ვეკონტაქტებით მხოლოდ მომხმარებლის მცირე ჯგუფს, ტრადიციულად ფართო მასების მაგივრად  და შემდეგ ეს მომხმარებლები თავად ხდებიან „მარკეტერები“ და  ჩვენს გზავნილს სხვა მომხმარებლებს  აცნობენ.  ასევე,  თუ იდეა წარმატებულია, ვირუსული მარკეტინგი იწვევს მღელვარებას, ცნობისმოყვარეობას და სურვილს, რაც ხელს უწყობს არა მხოლოდ ბრენდის ცნობადობის ზრდას, არამედ პროდუქტზე მოთხოვნის გაზრდასაც.

მნიშვნელოვანი ფაქტორები “ვირუსული” მარკეტინგის პრაქტიკის წარმატებით დანერგვისათვის

     არსებობს საკმაოდ დიდი მოცულობის ლიტერატურა, რომელიც გვთავაზობს სხვადასხვა ვერსიებს, თუ რა ფაქტორები თამაშობს ყველაზე მნიშვნელოვან როლს წარმატებული ვირუსული გზავნილის შესაქმნელად.  ძირითადად,  ორ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით დასაწყისშივე მიღებული გადაწყვეტილებების სისწორე  წყვეტს ვირუსული მარკეტინგის წარმატებას.

 

1.       იდეა –  სარეკლამო მესიჯის „შეფუთვა“ უდიდეს როლს თამაშობს აუდიტორიის ყურადღების მიქცევაში. უნდა აღვნიშნოთ, რომ ვირუსულ მარკეტინგში ტრადიციული რეკლამის ფორმა,  როგორც წესი ვერ აღწევს წარმატებას.  იმისათვის,  რომ „გავირუსდეს“  იდეა თავისი შინაარსით  უნდა ყვებოდეს ამბავს, რომელიც იქნება მოულოდნელი, ემოციური და გამოიწვევს მაყურებლის გაოცებას,  უნდა ქმნიდეს მოტივაციას, რომ ადამიანებმა ერთმანეთს გაუზიარონ , ჩაერთონ, თავადაც განავითარონ ეს იდეა, და ა.შ.  სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ  ისეთი იდეა უნდა შეიქმნას, რომ შემდეგ დამოუკიდებლად „იმოგზაუროს“ სოციალურ ქსელში.

 

2.      “ვირუსული” რეკლამის „დათესვა“ –  დათესვის“ სტრატეგიები გულისხმობს იმის გადაწყვეტას,  თუ რა გზით მოახდენენ მარკეტერები “ვირუსული რეკლამის” თავდაპირველ გავრცელებას. მომხმარებლების იმ მცირე რაოდენობის დადგენა, ვისაც პირველებს მივაწვდით  ინფორმაციას, შემთხვევითობის პრინციპით არ უნდა ხდებოდეს.  „დათესვის“ სტრატეგიის ნაწილია სოციალური ქსელის სტრუქტურის ანალიზი, სამიზნე – აუდიტორიის ქცევა  და გარკვევა, როგორ შეიძლება მათი სტიმულირება. სტრუქტურის ანალიზი მოიცავს სოციალური ქსელის ისეთი წევრების გამოვლენასაც, ვისი აზრიც გავლენას ახდენს მის წრეზე.

 

წარმატებული ვირუსული რეკლამის მაგალითები

Nike – Kobe Jumps over a car

http://www.youtube.com/watch?v=BIWeEFV59d4

 

 

  

Levi’s – Guys backflip into jeans

http://www.youtube.com/watch?v=JAbjgZ0LZBQ

 

 ხატია ელიზბარაშვილი

 


განხილვა