in

VIS Kitchen – პირველი მულტიბრენდული ინტერნეტ რესტორანი, სადაც 4 განსხვავებული მენიუა, გააჩნია, ვის რა უნდა!

„ვის რა უნდა“? – ეს შეკითხვა, ალბათ, ყველაზე ხშირად ისმის, როცა ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ან კოლეგებთან ერთად საჭმელს უკვეთავთ. როგორც წესი, პასუხი ძალიან მრავალფეროვანია ხოლმე – ვის ბურგერი უნდა, ვის – პიცა, ვის – ქართული კერძები და ვის – შაურმა. ახლა ეს ყველაფერი ლათინურად რომ გადავიტანოთ, მივიღებთ – Vis Burger, Vis Pizza, Vis Kartuli, Vis Shawrma. თქვენ წარმოიდგინეთ, რეალურად არსებობს ასეთი ბრენდები, რომლებსაც ინტერნეტ რესტორანი VIS Kitchen აერთიანებს. ბრენდს როცა ქმნიდნენ, ერთი იდეა ეს კავშირი იყო, მეორე კი Virtual International Smart Kitchen და ასე დაპოზიციონირდნენ კიდეც ბაზარზე – ვირტუალური, საერთაშორისო სმარტ სამზარეულო. როგორც მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკა მერკვილაძე ამბობს, აქ ტექნოლოგიებს ძალიან დიდი ადგილი უჭირავს, სამზარეულოში აქვთ უნიკალური სისტემა და პროფესიონალების მიერ მომზადებული მენიუები. VIS Kitchen ეს არის ადგილი მხოლოდ „დელივერი“ სერვისისთვის და შეგიძლიათ, ოთხი განსხვავებული სამზარეულოს კერძები „გლოვოზე“, „ვოლტსა“,„ელვისზე“,  და „ბოლტზე“ შეუკვეთოთ.

ნიკა მერკვილაძე: საქართველოში, პირველი მულტიბრენდული ინტერნეტ რესტორანი ვართ, რომელიც თავიდანვე მხოლოდ „დელივერი“, წასაღებ შეკვეთებზე მუშაობისთვის შეიქმნა. ბაზარზე 2020 წელის დეკემბრიდან გამოვჩნდით. მანამდე იყო იდეა, რომლის განხორციელებასაც დიდი შრომა, ენერგია, ყველაფრის ზუსტად გათვლა, მოკლედ ძალიან სერიოზული მომზადება დასჭირდა. მთელი ცხოვრებაა, სარესტორნო ბიზნესთან მაქვს კავშირი – მამაჩემი რესტორატორი გახლდათ და დიდ დროს ვატარებდი მასთან, სამსახურში. შემდეგ იყო სტუდენტობის წლები, იტალიაში. ეს არის ქვეყანა, სადაც საჭმელი კულტურის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ამიტომ, ყველაფერს ვაკვირდებოდი და რეალურად ბევრი რამ ვისწავლე. რამდენიმე წლის წინ, როცა საქართველოში „დელივერი“ სერვისის ბუმი დაიწყო, ვხედავდი, რომ რესტორნებისთვის, როგორც წესი, ის მომხმარებელი იყო პრიორიტეტული, დარბაზში რომ იჯდა – ჯერ მის შეკვეთებს ამზადებდნენ, მას კი, ვინც საჭმელს დისტანციურად უკვეთავდა, დიდხანს უწევდა ლოდინი. რაღაც მომენტში, ვიფიქრე, რატომ არ შეიძლება, თავად გავაკეთო ინტერნეტ რესტორანი, რომელიც მარტო მიტანის სერვისზე იმუშავებს და მოემსახურება მხოლოდ მათ, ვინც სახლიდან, ოფისიდან უკვეთავს საჭმელს?!

ნიკა მერკვილაძე/ VIS Kitchen-ის სამზარეულო

რა არჩევანი აქვს „ვის ქიჩენში“ მომხმარებელს?

ჩვენ, როგორც უკვე აღვნიშნე, მულტიბრენდული რესტორანი ვართ. ამ ეტაპზე, გვაქვს ოთხი მიმართულება – ვის ბურგერი, ვის პიცა, ვის ქართული,  ვის შაურმა. ჩათვალეთ, ოთხივე ცალ-ცალკე რესტორანია. თითოეულისთვის მენიუ სხვადასხვა პროფესიონალმა შეფმა შექმნა.

მოთხოვნა თუ არის „ვის ქიჩენზე“? პანდემიის პირობებში, ბევრი რესტორანი მხოლოდ მიტანის სერვისზე გადავიდა და თუ ადრე, როგორც თქვით, დისტანციურად მიღებული შეკვეთა ნაკლებად პრიორიტეტული იყო, ახლა ეს პრობლემა ალბათ, იმდენად აღარ დგას.

ჩვენს სერვისზე მოთხოვნა ნამდვილად არის. ახლა მთავარია, მეტი მომხმარებლის ყურადღება მივიქციოთ, გავაცნოთ მათ საკუთარი თავი. ამიტომ, ვცდილობთ, უფრო მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდეს თითოეულთან, მივიღოთ უკუკავშირი, შევინარჩუნოთ ძველი და მოვიზიდოთ ახალი მომხმარებლები. ამისთვის კი ვაწარმოებთ დიჯიტალ მარკეტინგულ კამპანიებს, ინტენსიურად ვთავაზობთ  პრომო აქციებსა და ფასდაკლებებს. ეს ყველაფერი ნამდვილად პროდუქტიულია. უბრალოდ, ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი – როცა მომხმარებლის ყურადღებას მიიქცევ, მას ისეთი პროდუქტი უნდა შესთავაზო, რომ მომავალშიც შენთან დარჩეს. ამასაც მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ „ვის ქიჩენი“ საუკეთესო სამზარეულოსთან ასოცირდებოდეს.

„ვის ქიჩენი“ რითია გამორჩეული? რას სთავაზობთ მომხმარებელს ისეთს, რასაც სხვაგან ვერ მიიღებს?  

სამზარეულოში გვაქვს უნიკალური სტრუქტურა. სხვებისგან განსხვავებით, ჩვენთან არ არის კლასიკური წყობა – ოთხივე მენიუში მხოლოდ ის კერძები და პროდუქტებია, რომელიც ყველაზე მეტად მოთხოვნადია ბაზარზე. ვეცადეთ, თითოეული კერძი საკუთარი ინტერპრეტაციით გავაკეთოთ. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი მზადდება მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტებისგან. ჩვენს წარმოდგენაში, VIS Kitchen არის Healthy Version of the Junk Food. ამ ბრენდის მთავარი ღირებულება არის ის, რომ კერძებს ვამზადებთ ძალიან ხარისხიანად და უსაფრთხოდ, მიწოდება კი ეფექტური და სწრაფი გვაქვს – ჩვენს სამზარეულოში ყველაფერი აწყობილია იმაზე, რომ საჭმლის კეთებისა და მიწოდების პროცესი იყოს ერთიანი ჯაჭვი – მოვამზადოთ გემრიელი, ჯანსაღი პროდუქტი და სპეციალური შეფუთვის დახმარებით, ადრესატამდე მივიდეს, რაც შეიძლება სწრაფად, ჯანსაღად, დაზიანების გარეშე და ბუნებრივია, ისე რომ გზაში არ გაფუჭდეს. თითოეული დეტალი გაწერილი გვაქვს, გუნდის ყველა წევრმა ვიცით, როდის რას ვაკეთებთ, რაც, რა თქმა უნდა, აისახება კიდეც ჩვენი კერძებისა და მომსახურების ხარისხზე. და ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია ძალიან მისაღებ ფასად.

 

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

Take Away მომსახურების დამატებას ვაპირებთ, რომ მომხმარებელს შეეძლოს ადგილზე მოსვლა და წასაღებად, კერძების შეკვეთა. ჩვენ არ ვართ ტიპური რესტორანი, ადგილზე მაგიდები არ გვაქვს, მიმტანები არ გვყავს. მაგრამ გვინდა, მაღალტექნოლოგიური მომსახურება შევთავაზოთ მომხმარებელს და მივცეთ საშუალება, თავად მოვიდეს და წაიღოს შეკვეთა. ზოგადად, ძალიან აქტიურად ვიყენებთ ტექნოლოგიებს და ვთვლით, რომ ჩვენი ერთ-ერთი უპირატესობა ესეცაა. ამდენი პლანშეტი სამზარეულოში, ალბათ, არც ერთ რესტორანს არ აქვს. იგივე გვინდა გავაკეთოთ Take Away-ს შემთხვევაშიც და პროცესი მაქსიმალურად აწყობილი იყოს ტექნოლოგიებზე. გარდა ამისა, ვგეგმავთ, სრულად ავტომატიზებული სტრუქტურა დავნერგოთ მომწოდებლებთან თუ მომხმარებლებთან. ზუსტად ამიტომ არის VIS Kitchen Virtual International Smart Kitchen, ანუ სამზარეულო, რომელიც ვირტუალურად იღებს, ადგილობრივ თუ საერთაშორისო კერძებზე შეკვეთებს, ამას ბუნებრივია, ტექნოლოგიების დახმარებით აკეთებს. ასევე ვაპირებთ, ახალი ბრენდების და მენიუების დამატებას. ვფიქრობთ გაფართოებაზეც. თუმცა, ჯერჯერობით, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა უბანში გვინდა ინტერნეტ რესტორნების დამატება, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

 

 

[R]

Film კატეგორიის ნამუშევრები Young Lions Georgia 2021-ზე

რა სჭირდება ქართულ ტურიზმს? – CIU-ს პროფესორების მოსაზრებები