in

ვის შეუძლია და როგორ ისწავლება ქოფირაითერობა – ინტერვიუ გიორგი (ქუცა) რუხაძესთან

დღეს ბრენდებმა ხალხისთვის ამბების მოყოლა სხვადასხვა გზით დაიწყეს, ხოლო ამ ამბების მოსაყოლად საჭირო გახდა კადრი, რომელსაც თხრობა კარგად ეხერხება, აქვს შემოქმედებითი უნარები, შეუძლია ბრენდის სულში ჩაწვდომა და იქ ყველაზე ხელჩასაჭიდი თვისებების პოვნა, რომლებიც ისე უნდა დაამუშაოს და მოჰყვეს, რომ ხალხი დააინტერესოს და ამ ბრენდისკენ მიიზიდოს. ამ მთხრობელს თანამედროვე სამყარომ ქოფირაითერი უწოდა და ის მარკეტინგის გუნდთან ერთად მუშაობს კრეატიულ იდეებზე, კამპანიებსა და ამბების მომხმარებლამდე სწორად, საინტერესოდ მიტანამდე. ქოფირაითერზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. რეალურად, ის ბრენდის ხმაა საზოგადოებაში. აქედან გამომდინარე, ის კარგად უნდა იცნობდეს იმ კომპანიას, რომლისთვისაც მუშაობს, უნდა იცოდეს მარკეტინგის გუნდის სხვა წევრებთან თანამშრომლობა და, რა თქმა უნდა, წერაც უნდა ეხერხებოდეს.

როგორ გავხდე ქოფირაითერი? რა უნარებს უნდა ვფლობდე, რომ ქოფირაითერობა შევძლო? ქოფირაითერი სად მუშაობს? კარგად ვწერ და ქოფირაითერი გავხდები?

ეს და კიდევ მრავალი კითხვა ჩნდება თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიასთან – ქოფირაითერობასთან დაკავშირებით. ამ სტატიაში ვეცდებით, ძირითად კითხვებს მაინც ამომწურავად გავცეთ პასუხი.

გიორგი (ქუცა რუხაძე), ყველასათვის ნაცნობი ქოფირაითერია. მას ამ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და მომავალ ქოფირაითერებსაც ასწავლის. ის გვესაუბრება, როგორ ისწავლება და თუ ისწავლება ქოფირაითინგი, ვის შეუძლია ამ პროფესიაში საკუთარი თავის გამოცდა და დასაქმების როგორი შესაძლებლობებია.

გიორგი (ქუცა) რუხაძე:

ქოფირაითერი არის ადამიანი, რომლის მთავარი მოვალეობაც კრეატიული იდეების გენერირებაა. ის ერთგვარი თარჯიმანია, რომელიც ბრენდის სათქმელს ორიგინალურ და გასაგებ ენაზე თარგმნის ადამიანებისთვის.

გამომდინარე იქიდან, რომ ქოფირაითერის საქმიანობა პირდაპირი მნიშვნელობით კომუნიკაციაა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნებისმიერი ცხოვრებისეული გამოცდილება თუ მიღებული ინფორმაცია, შესაძლოა, მომავალში მისთვის ინსპირაციის წყარო გახდეს. რაც შეეხება საჭირო უნარებს, ფანტაზიისა და წერის უნარი ქოფირაითერისთვის აუცილებელი იარაღებია.

M: როგორ ფიქრობთ, ქოფირაითერობა ყველას შეუძლია თუ ამას განსაკუთრებული ნიჭი სჭირდება?

გულწრფელად მჯერა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნებისმიერ პროფესიაში მიაღწიოს წარმატებას და გახდეს პროფესიონალი. მთავარია, რამდენად სურს მას ეს, რადგან ვიღაცისთვის შესაძლოა საკმარისი იყოს ერთი წელი, ვიღაცას კი ათი წელი დასჭირდეს. აქედან გამომდინარე, სურვილი უნდა იყოს იმდენად ძლიერი, რომ გიღირდეს დროდ და ენერგიად. ნიჭის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია და, ალბათ, ნიჭი არის ის, რაც აჩქარებს პროფესიონალად ქცევას კონკრეტულ პროფესიაში.

M: არის თუ არა რაიმე ტექნიკა, რომლითაც შეიძლება კრეატიული წერის დასწავლა?

არსებობს ხერხები, რომლითაც შეგვიძლია განსხვავებული, ორიგინალური იდეების პროვოცირება, თუმცა როგორც ყველაფერში, ქოფირაითინგშიც მთავარი, ალბათ, ძალიან ბევრჯერ ცდაა.

M: ხშირად კითხულობენ, შეუძლიათ თუ არა პროფესიონალურ დონეზე ქოფირაითინგის დამოუკიდებლად სწავლა. ამაზე როგორია თქვენი მოსაზრება?

რაღაც დონეზე ეს შესაძლებელია, თუმცა პრაქტიკაზე უკეთესი მასწავლებელი არ მეგულება. როდესაც რეალურ კომპანიაში, რეალურ კლიენტთან, რეალურ ბრიფზე, რეალურ კამპანიას ქმნი ხვდები, რომ მანამდე უბრალოდ ინტერესი იყო, ახლა კი უკვე ნამდვილ თამაშში ხარ.

M: თქვენ დიდი ხანია ამ მიმართულების ლექტორი ხართ. გაგვიზიარეთ, როგორ ისწავლება ქოფირაითინგი, რამდენი დრო სჭირდება, რაზე აკეთებთ აქცენტებს, რა უჭირთ ყველაზე მეტად ახალბედებს და ა.შ.?

თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, არანაკლებ დროს ვუთმობ პრაქტიკულ სამუშაოებს. ვცდილობ, რაც შეიძლება მრავალფეროვანი იყოს დავალებები და სრულად მოიცავდეს ქოფირაითერის საქმიანობას. რთულია, ერთთვიანი კურსის შემდეგ სრულფასოვანი ქოფირაითერი გახდე, მაგრამ იცოდე, რა როგორ უნდა კეთდებოდეს – როგორც წესი, ამას ვაღწევთ ხოლმე. დანარჩენი უკვე პრაქტიკის საქმეა. რაც ყველაზე ხშირად და მასობრივად უჭირთ დამწყებ ქოფირაითერებს, ალბათ მაინც ჩვენს ტვინებში ზედაპირზე არსებული კლიშე კომუნიკაციებისგან გათავისუფლებაა. 

M: დღეს ქოფირაითერობა საკმაოდ მოთხოვნად პროფესიად იქცა. ბარემ ისიც ვთქვათ, დაახლოებით რა არის ქოფირაითერის საშუალო ანაზღაურება საქართველოში და რამდენად არის შანსი საზღვარგარეთ დისტანციურად დასაქმების?

ბოლო წლებში სარეკლამო ბაზარი კიდევ უფრო გაფართოვდა და შესაბამისად, ქოფირაითერების საჭიროებაც გაიზარდა. კონკრეტული თანხის დასახელება გამიჭირდება, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ კარგად ანაზღაურებადი პროფესიაა. ასევე ხშირია უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობის შემთხვევები, რაც ქოფირაითერს კარიერულ და პროფესიულ ზრდაში ძალიან ეხმარება.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

2 ვერცხლი და 4 ბრინჯაო! ქართული სააგენტოების შედეგები ADC*E 2022-დან!

„კარფური” გაფართოებას აგრძელებს – თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა