Visa-ს ლოგო მსოფლიო საფინანსო სექტორის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სიმბოლოა. ის 1976 წელს შეიქმნა და ცვლილებების მიუხედავად, დღემდე ინარჩუნებს თავდაპირველ დასამახსოვრებელ კონცეფციას. მას შემდეგ, ლოგო რამდენჯერმე შეიცვალა.
საინტერესოა, Visa-ს განვითარების ეტაპები. საკრედიტო ბარათები პირველი პროდუქტები იყო, რომლებსაც ლოგო ჰქონდათ დატანილი. თუმცა, მოგვიანებით, 1980-იან წლებში სადებეტო და სმარტ-ბარათებიც წარადგინეს: Electron, Classic, Gold, და Platinum, საიდანაც შემდგომ ოცდაათი ახალი სახეობის ბარათი წარმოიშვა. ბანკომატების ქსელის სწრაფმა ზრდამ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის შესაძლებლობა შექმნა, ესარგებლათ სერვისით, ადგილსამყოფელის მიუხედავად. შეიძლება ითქვას, Visa ერთ-ერთია, საიდანაც დაიწყო გლობალიზაცია.
თუმცა, თავდაპირველი ლოგო, რომელიც 1958 წლით თარიღდება, სრულიად სხვანაირი იყო, მთავარი წარწერით – BankAmericard. ყვითელი, თეთრი და ლურჯი ზოლებით. 1976 წელს, ახალ სახელთან Visa ერთად, შეიცვალა ლოგოც, თუმცა, ძველი ფონი იგივე დარჩა.
მომდევნო ცვლილება ფერთა პალიტრას შეეხო. Visa-მ ფერების უფრო ღია ტონები არჩია და წარწერის შრიფტიც გააუმჯობესა – უფრო დიდი და მკაფიო ასოებით. 1999 წელს, რედიზაინის შედეგად, წარწერა უფრო გაიზარდა, ფერები – კიდევ უფრო გაღიავდა, თუმცა, ბრენდმა ერთიანი კონცეფცია შეინარჩუნა. ახალი ლოგო Visa-მ 2005 წელს წარადგინა. ბრენდის მთავარი სიმბოლოდან სრულიად გაქრა დამატებითი გრაფიკული ელემენტები და მთლიანი ადგილი ორ ფერში გადაწყვეტილმა სახელწოდებამ დაიკავა. დღევანდელ ვარიანტამდე, Visa-ს ლოგომ კიდევ ერთი ცვლილება განიცადა – წინა ვერსია იასამნისფერში გარდამავალი მუქი ლურჯი გრადიენტით შეიფერა. ბრენდის მთავარი სიმბოლოს უახლესი ვერსია 2021 წელს შეიქმნა – შეიცვალა ემბლემის ფერი და უფრო ღია ტონის ლურჯი გახდა.
დროთა განმავლობაში, განახლდა Visa-ს ბარათების დიზაინიც. თავდაპირველად, ბარათები მთლიანად იყო დაფარული Visa-ს ლოგოთი – წარწერით, თეთრი, ლურჯი და ყვითელი ზოლებით. სიმბოლო მკაფიოდ გამოხატავდა სათქმელს: ლურჯი – ცას აღნიშნავდა, ოქროსფერი ყვითელი – კალიფორნიულ დიუნებს, სადაც ამერიკის ბანკის პირველი ოფისი გაიხსნა და ოქროს მარაგს ინახავდა. დღეს, Visa-ს ემბლემა მომხმარებელთათვის განკუთვნილი სარგებლისა და სისტემის მთლიანობის სიმბოლოა, რომელიც განსხვავებულ სოციალურ ჯგუფებს აერთიანებს.
რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.