Visa დიზაინერებსა და დეველოპერებს ახალ კარტს სთავაზობს სათამაშოდ. თუ წლების განმავლობაში საკუთარი ინსტრუმენტები მხოლოდ შიდა გამოყენებისთვის ჰქონდა, კომპანიამ ახლა მისი გასაჯაროვება გადაწყვიტა. დიახ, Product Design System-ის (VPDS) გამოყენების უფლება ყველას მისცა, რათა შეუფერხებელი და ხელმისაწვდომი გადახდის გამოცდილების შექმნა გაამარტივოს.
VPDS 2018 წელს განავითარეს იმისათვის, რომ Visa-ს შიდა გუნდებს საერთო გზა ჰქონოდათ თანმიმდევრული, მომხმარებლებზე მორგებული ციფრული გამოცდილებების შესაქმნელად. ახლა კი design.visa.com-ზე ჩაშვებით ფინტექ კომპანიებს, სტარტაპებსა და დეველოპერებს იწვევენ, რათა ამის საფუძველზე ააგონ თავიანთი პროდუქტები.

სისტემა დიზაინის მრავალფეროვან ნაკრებს გთავაზობთ, რომელიც თავსებადია Figma-სთან, React-თან, Angular-თან, Flutter-სა და CSS-სთან. თანაც, თითოეული კომპონენტი გამოცდილია გამოყენების, ხელმისაწვდომობისა და უსაფრთხოების კუთხით, შედეგად, ნაკლები შრომა სჭირდება გადახდის პროდუქტების რეალიზებასაც. მეტიც, Web Content Accessibility Guidelines (WCAG) 2.2 Level AA-ს სტანდარტებსა და Visa Global Accessibility Requirements-საც აკმაყოფილებს.

გარდა ტექნიკური შესაბამისობისა, სისტემა გთავაზობთ რესურსებს ინკლუზიური დიზაინის პრინციპებში, კონტენტის შექმნასა და მონაცემების ვიზუალიზაციაში. ასე კი გუნდებისთვის ციფრული გამოცდილების შექმნას ამარტივებს, რომლებიც უფრო ფართო აუდიტორიაზე იქნება გათვლილი.

VPDS დიზაინერებსა და დეველოპერებს შორის არსებული რთული ურთიერთობის გამოსწორებას ისახავს მიზნად. საერთო აქტივები, იქნება ეს ტიპოგრაფია, ინტერვალის ერთეულები თუ ფერთა სისტემები პირდაპირ პლატფორმაშია ჩაშენებული, რითაც პროექტებში თანმიმდევრული ვიზუალური ენა იქმნება. სისტემა ადაპტირებადია და არსებულ რეგულაციებთან ერთად, ბრენდების სპეციფიკურ საჭიროებებსაც პასუხობს.
ეს ყველაფერი კი ციფრული გადახდის გამოცდილების საერთო სტანდარტის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს…














