14
სექ
2018

როგორ გავარჩიოთ „ჩვენი“ და „სხვისი“ ნივთები, რომელიც ბავშვს ბაღიდან, თუ სკოლიდან მოაქვს – სტარტაპი „ვისია“

14 სექ 2018

Startauperi
Startauperi


მაშინ, როცა ბავშვები სოციალიზაციის პირველ ნაბიჯებს დგამენ, მათთვის კუთვნილებითი დეტალები ნაკლებ მნიშვნელობას იძენს. ამიტომაც, სკოლიდან თუ ბაღიდან, ხშირად მიაქვთ სახლში სხვა ბავშვების ფანქრები, ჟაკეტები თუ კალმები და პირიქით – ხშირად კარგავენ საკუთარ ნივთებს. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ხერხებით ცდილობდნენ მშობლები შვილების ნივთების „მონიშვნას“, იქნებოდა ეს მოქარგვა, ღილების დაკერება, თუ სხვა რამ. დღეისათვის, პრობლემის თანამედროვე გადაწყვეტა შესაძლოა იყოს სხვადასხვა ზომის, ფაქტურისა და ვიზუალის სტიკერები ტანსაცმლის, საკანცელარიო თუ ნებისმიერი სახის ნივთისათვის, რომელიც ბავშვს ეკუთვნის. სწორედ მსგავს სტიკერებს აწარმოებს ახალი ქართული სტარტაპი „ვისია“, რომელიც ბაზარზე რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა.

„ვისიას“ შემქმნელებმა – მაია ომიაძემ (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი) და ანი ნიკოლაიშვილმა (კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი), ერთმანეთი „ჯიპაში“ სწავლისას გაიცნეს. საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით, ერთად განხორციელებული მრავალი წარმატებული საუნივერსიტეტო პროექტის შემდეგ კი, ხშირად ფიქრობდნენ ერთობლივი სტარტაპის წამოწყებაზე. გარდა ამ სურვილისა, მათ ჰყავდათ შვილები, რომელთაც საკუთარი ნივთების დაკარგვისა და სხვისი ნივთების სახლში მოზიდვის „უნარი“ გააჩნდათ.

გვაქვს მეორე, არანაკლებ საპასუხისმგებლო პროფესია – ვართ დედები, შესაბამისად, მსგავსად სხვა მშობლებისა, მუდმივად გვაინტერესებს, თუ სად გაქრა სპორტის გაკვეთილისთვის ახლახან ნაყიდი ტანსაცმელი, ან საიდან აღმოჩნდა ჩვენი შვილების ჩანთაში ის ნივთი, რომელიც მათ სულაც არ ეკუთვნით?! შემდეგ კი გაჩნდა იდეა, რომელმაც საბოლოოდ შეცვალა ჩვენი და ჩვენი შვილებისა და უცხო ხელში მოხვედრილი ნივთების ცხოვრებაც კი. ახლა კი დროა, კმაყოფილმა დედებმა დახმარების ხელი სხვა მშობლებსაც გავუწოდოთ და დაკარგული ნივთებისგან გამოწვეული უსიამოვნების თავიდან აცილებაში დავეხმაროთ“, – გვიყვება მაია ომიაძე.

ორმა მეგობარმა „ვისიას“ კონცეფცია, ვიზუალური იდენტობა და ვებგვერდი სარეკლამო სააგენტო „რედბერისთან“ ერთად შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი სტარტაპების პრეცედენტები მსოფლიოს მასშტაბით არსებობს, საჭირო იყო პროდუქტის ქართველ მომხმარებელზე მორგება.

მაშინ, როცა პატარებს სხვა ბავშვების მსგავსი სასკოლო ფორმა, კალამი, ფანქარი, რვეული, წიგნი, მოსაცმელი, თუ ჩანთა აქვთ, „ვისიას“ სტიკერები მათ ნივთების პერსონიფიცირების საშუალებას აძლევს. გარდა იმისა, რომ ეს შიძლება იყოს ცხოვრების სტილის გამომხატველი, ეს ხელს უწყობს სოციალურ გარემოში ინდივიდუალურობის განცდას. მეორე მხრივ კი, სერიოზული პრობლემის გადაწყვეტაა მშობლისთვის“, – მაია ომიაძე.

M: ამ ეტაპზე, რა სახის სტიკერების შეძენაა შესაძლებელი „ვისიაზე“?
ჯერჯერობით, გავაკეთეთ სამი პაკეტი, რომლითაც ბაზარზე უნდა შევიდეთ. ეს არის სტარტერი, იმისთვის, რომ მომხმარებელი გაეცნოს პროდუქტს, ასევე გვაქვს პაკეტები ბაღისთვისა და სკოლისათვის. ბუნებრივია, სკოლის საკანცელარიო ნივთებისთვის გაცილებით ბევრი სტიკერია, რადგან ნივთებიც ბევრია: რვეულები, ფანქრები, პენალი, ჩანთა და ა.შ. გვაქვს ფეხსაცმლის შიგნით ჩასაფენი, ცეკვის ჩუსტებზე დასაკრავი სტიკერი და ა.შ. სტიკერები იყოფა ასევე, ასაკისა და ინტერესების მიხედვით, მაგალითად, გვაქვს „ჰარი პოტერის“, დინოზავრების, პრინცესებისა თუ „მარიოს“ თემატიკის სტიკერები. ასევე, სკეიტბორდის, თხილამურების, კედებისა და ყურსასმენების გამოსახულებების.M: როგორია „ვისიას“ სტიკერების შეძენასთან დაკავშირებული დეტალები?
სტიკერების შეძენა შესაძლებელია ჩვენს ვებგვერდზე, სადაც მშობელსა და შვილს ერთად შეუძლიათ სტიკერის ფერის შერჩევა. სტიკერის შერჩევის პროცესში, წერთ სახელსა და გვარს, გვაქვს რამდენიმე შრიფტი, რომლითაც შეგიძლიათ დაწეროთ თქვენი შვილის სახელი და გვარი სტიკერზე. რაც შეეხება მიტანის სერვისს, გვექნება არა მხოლოდ თბილისში, არამედ ყველა მსხვილ ქალაქში.

M: ფუნქციონირების მცირე დროის მიუხედავად, გაქვთ, თუ არა გეგმები?
დიახ. ვფიქრობთ, ნოემბერ-დეკემბერში დაემატება სასკოლო S და L ზომა სტიკერები, რაც იმას გულისხმობს, რომ როდესაც შემოგაკლდება რაღაც საკანცელარიო ნივთისთვის, შეგიძლია დაამატო. გვექნება თემატური სტიკერები ზამთრისა და ზაფხულის არდედეგებზე. მაგალითად, ჩემი შვილი დამყავს სპორტულ გასვლებზე და მუდმივად მესმის, ეს პირსახოცი ჩემია, ეს წინდა ჩემია და ა.შ. ამ მიმართულებითაც, შინაარსიდან გამომდინარე, იქნება მეტი ტანსაცმლისა თუ წყალგამძლე სტიკერები. სიტუაციურად, შინაარსიდან გამომდინარე მუდმივად შეიცვლება პროდუქციის დიზაინი და მუდმივად შევთავაზებთ მომხმარებელს სიახლეს დღესასწაულებთან დაკავშირებით.

ტანსაცმელზე დასაკრავი სტიკერი

განხილვა