სამხრეთ კორეა ერთ-ერთ იმ ქვეყანათაგანია, რომელიც COVID-19-მა მნიშვნელოვნად დააზარალა. ისევე, როგორც ქვეყნების უმეტესობა, სამხრეთ კორეაც ამსუბუქებს პანდემიის პიკისას მიღებულ ზომებს. ჩვენს მსგავსად, იქაც იხსნება კაფეები და მაღაზიები. თუმცა, ჩვენგან განსხვავებით, სამხრეთ კორეაში სხვა პრაქტიკებს მიმართავენ – ბარისტა რობოტებს, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების რისკს ამცირებენ.
რობოტის დაქირავების შემდეგ, კონკრეტული კაფეს – Daejon პერსონალი მხოლოდ ერთ ადამიანს შეადგენს. რობოტს კი 60 სხვადასხვა სახეობის ყავის მომზადება შეუძლია. რობოტის შემქმნელი კომპანია Vision Semicon-ია. მისი გამოყენება კაფეებში მანამდე იგეგმება, სანამ მთავრობა სოციალური დისტანცირების საჭიროების არ არსებობაზე არ დაიწყებს საუბარს.
Reuters-ის ცნობით, ბარისტა რობოხელის მიერ მომზადებული ყავა ბორბლების დახმარებით მოძრავ ბოტებს მიაქვთ მომხმარებელთან. მათი მართვა ხმოვანი ბრძანებებითაცაა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის მომსახურების სფეროში რობოტების ინტეგრირების პირველი შემთხვევა. რობოტი მიმტანების ყოლის პრაქტიკა აქამდეც აქტუალური იყო როგორც სამხრეთ კორეაში, ასევე, სხვა ტექნოლოგიურად განვითარებულ ქვეყნებშიც (მაგ. აშშ). თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მათი გამოყენების კუთხით, COVID-19-მა განსაკუთრებული საჭიროებები გააჩინა.