ბიზნესის ლიდერებს უწევთ, ხელახლა განსაზღვრონ ორგანიზაციის იდენტობა, არსი და შესაძლებლობები. ტრანსფორმაციის ეს პროცესი, დიდი პასუხისმგებლობების შესაბამისად, ხელმძღვანელების გადაწვას იწვევს.
გასული 18 თვის განმავლობაში გამოკითხული 30 აღმასრულებელი დირექტორიდან ბევრმა გამოხატა სინანულის სხვადასხვა ფორმა, როდესაც ისინი საუბრობდნენ თავიანთ ტრანსფორმაციულ მცდელობებსა თუ მნიშვნელოვან მიღწევებზე. ისინი საკუთარ თავებს ახასიათებდნენ, როგორც: „დაძაბულს“, „აკვიატებულსა“ და „ეგოცენტრულს“. ხშირად ფიქრობდნენ, ღირებულ საქმეს ემსახურებოდნენ, თუ არა და იზოლაციისა და მარტოობის მომეტებულ შეგრძნებასაც აღნიშნავდნენ.
ლიდერულ პოზიციაზე ყოფნა მეუღლეებთან, ბავშვებსა თუ მეგობრებთან ურთიერთობას ხანდახან უგულებელყოფს ხოლმე. მხოლოდ სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულება კი, ბუნებრივად იწვევს: დამოკიდებულებას, შფოთვას, დეპრესიას, ნარცისიზმსა და გულის პრობლემებს. Bupa Global–ის კვლევამ აჩვენა, რომ ბიზნესლიდერების ორი მესამედი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს ებრძვის. მენტალური გამოწვევების ადრეული ნიშნები ხშირად თავს იჩენს ფრთხილი, შეუფერებელი ან თუნდაც, არაეთიკური ქცევის სახით. მაგალითად, ბოლოდროინდელი გამოკვლევები აჩვენებს, რომ CEO-ები, რომლებსაც განქორწინება უწევთ, როგორც წესი, დაბალი რისკის შემცველ სტრატეგიებს მიმართავენ ხოლმე, კომპენსაციის შენარჩუნების მიზნით, რომელთა დიდი ნაწილი კომპანიის სააქციო კაპიტალია, მეუღლესთან ურთიერთობისას ფულისა და უძრავი ქონების დაკარგვის შემდეგ.
წარმატებულ ლიდერს სჭირდება ენერგია, სიმტკიცე და გამბედაობა. სწორედ ხელმძღვანელის კომპეტენციაში შედის კომპანიის ახალ ხედვებზე ზრუნვა და ამაზე სხვებთან კომუნიკაცია, ცუდი ჩვევებისგან გათავისუფლება, ზრდის შესაძლებლობების უზრუნველყოფა და ახალი ქცევის მოდელირება. ლიდერის როლი მოითხოვს რთული გადაწყვეტილებებიდან სწორი არჩევანის გაკეთებასა და პროფესიულ თუ პირად კომპრომისებზე წასვლას. არ არსებობს ჯადოსნური ფორმულა, რომლითაც ყოველთვის ყველა ბედნიერი იქნება, თუმცა არსებობს დროული შეკითხვები, რომელიც სიტუაციის გაუმჯობესებასა და მის მართვაში დაგეხმარებათ: რა გჭირდებათ თქვენ და თქვენს ორგანიზაციას გარდაქმნისთვის, რომ ეს პროცესი გონივრული გადაწყვეტილებებით გადაიჭრას?
ვიზუალიზაცია როგორც პროფესიული, ასევე პერსონალური შედეგების შესახებ.
ნებისმიერ ტრანსფორმაციულ ლიდერს ექნება ხედვა, თუ როგორ უნდა გააგრძელოს ორგნიზაციამ ფუნქციონირება. ეს ხედვა უნდა იყოს ნათელი, ამბიციური და ჭეშმარიტი, რომელმაც ორგანიზაციის გარშემო შემოკრებილ ადამიანებში ერთგულება უნდა გააჩინოს. ლიდერმა ერთგვარი თარჯიმნის როლი უნდა შეასრულოს, რაც თანამშრომლებს დაეხმარება, გაიგონ, რა იქნება განსხვავებული და რატომ წარმოუდგენია ლიდერს ასე უფრო უკეთესად.
იგივე შეგვიძლია, ვთქვათ თვითობაზეც. ყურადღებით იფიქრეთ იმაზე, თუ რისი მიღწევა გსურთ. შეგიძლიათ, წერილი მისწეროთ თქვენს მომავალ „მეს“, ან ვიდეო ჩაწეროთ. როგორც ორგანიზაციის შემთხვევაში შეიმუშავებთ საგზაო რუკას, ასევე შეგიძლიათ პირად ცხოვრებაშიც: ასახეთ მნიშვნელოვანი, გარდაუვალი ცხოვრებისეული მოვლენები – დაბადების დღეები, თქვენი შვილების კოლეჯში წასვლა და ა.შ. – რომ არ გამოგრჩეთ. დაგეგმეთ პერიოდული შემოწმებები იმის გასარკვევად, არის, თუ არა ეს შედეგები ჯერ კიდევ რეალისტური და ღირს, თუ არა შესასრულებლად თქვენი პროფესიული ან პირადი კონტექსტის გათვალისწინებით.
გულწრფელობითა და ყურადღებით განიხილეთ თქვენი მიმდინარე როლი.
თქვენ ვერც შეძლებთ და არც მოგიწევთ ამ გამოწვევების მარტო გადალახვა. ესაუბრეთ თქვენს ახლობლებს, თანამშრომლებს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს თქვენთვის ეს როლი და რატომ აპირებთ ამ როლში ყოფნის გაგრძელებას.
ჰკითხეთ მათ რჩევა, როგორ შეგიძლიათ, თქვენს ვალდებულებებს სწორად გაუმკლავდეთ. ყურადღებით მოუსმინეთ, შეისწავლეთ მათი პერსპექტივები და ასევე, შეეცადეთ, გაიგოთ მათი საჭიროებები და მისწრაფებები. იმუშავეთ თქვენს ახლობლებთან მკაფიო ფასეულობების, საყოფაცხოვრებო, ბავშვების მოვლის წესებისა თუ პროფესიული საზღვრების დადგენაზე. ამ პროცესს უნდა მოჰყვეს შეთანხმება – და ვალდებულებების განაწილება.
იდეალურ შემთხვევაში, თქვენ, ასევე, რეგულარულად მოგიწევთ თანამშრომლებთანაც მსგავსი მეთოდის გამოყენება: „რა გჭირდებათ ჩემგან?” „სამუშაოს მიღმა, რას მიიჩნევთ საჭიროდ, რომ ვიცოდე, რაც დაგვეხმარება, სწორად განვსაზღვროთ არსებული რესურსები და ამის მიხედვით დავგეგმოთ ჩვენი მომავალი საქმიანობა?” ასეთი დიალოგის წამოწყება თანამშრომლებს ფსიქოლოგიური უსაფრთხოების განცდას შეუქმნის და ასე შეძლებენ, თავისუფლად ისაუბრონ თავიანთი ცხოვრების იმ სხვა ასპექტებზე, რომელიც დიდ გავლენას ახდენს მათ სამუშაო პროცესზე.
იყავით თანმიმდევრული და მტკიცე.
ერთ-ერთმა აღმასრულებელმა დირექტორმა რეჟიმი საკუთარი თავისთვის შეიმუშავა, რომელშიც შედიოდა პერსონალური დიეტა, ვარჯიშის, ოჯახის წევრებისთვის განკუთვნილი და ძილის დრო. ამ გეგმის შესრულება მოითხოვდა მკაფიო საზღვრის გავლებას სამსახურებრივ მოვალეობებთან.
თანმიმდევრულობა და სიმტკიცე, ასევე, შეიძლება, უზრუნველყოფილი იყოს ქმედითუნარიანი, მოტივირებული და პოზიტიური ადამიანებით. აქ ის ადამიანები იგულისხმებიან, რომლებზე დაყრდნობაც შეიძლება, რადგან მათგან შესაძლებელია ისეთი იდეების მოსმენა, დაბრკოლებების დაძლევაში რომ დაგეხმარებათ. განსაზღვრეთ თქვენს გუნდში მყოფი ადამიანების შესაძლებლობები და მიანიჭეთ მათ მნიშვნელოვანი როლები ტრანსფორმაციაში.
ასევე, შეგიძლიათ, იმ სასარგებლო ადამიანების ქსელი შექმნათ, რომლებიც უპირობოდ ზრუნავენ თქვენზე და საჭიროების შემთხვევაში, ვალდებულებებსა და ღირებულებებსაც შეგახსენებენ, რამენაირად მათთან აცდენის შემთხვევაში. EMEA- ს მმართველმა დირექტორმა MediaLink- ში, შექმნა „საბჭო იმისთვის, რასაც თავად ვერ გაუმკლავდა“ – უსაფრთხო ჯგუფი იდეებისა და გამოწვევების გასაზიარებლად, რომელშიც ის ადამიანები შედიან, რომლებიც რჩევას თხოვნის შემთხვევაში გასცემენ.
იმის გაგება, თუ რას ფიქრობენ ადამიანები, უფრო მეტ ადგილს მოგცემთ საკუთარი პერსპექტივის შესაქმნელად. თქვენი ჰიპოთეზების, მოსაზრებებისა და პრობლემების ფრთხილად გამჟღავნება იდეების მოსმენის სახელით, ასევე, ხელს შეგიწყობთ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ტვირთის გაზიარების კუთხითაც.
კიდევ ერთმა აღმასრულებელმა დირექტორმა შეიმუშავა საკუთარი პირადი წლიური ანგარიში – კორპორატიული სახის სარკე, რომელიც დაეხმარა, გაეგო, რა ჰქონდა საამაყო და რის შეცვლას ისურვებდა როგორც სამსახურში, ისე სახლში.
მოკლედ, სიმტკიცე ნიშნავს, რომ ნებისყოფის გამოჩენით, სხვადასხვა როლის მორგებით და ამ როლის შესაბამისად, პასუხისმგებლობების აღებითა და განაწილებით, თქვენ ფსიქიკურად ჯანმრთელი დარჩეთ და შეძლოთ, გონივრული გადაწყვეტილებები თქვენი ღირებულებების შესაბამისად მიიღოთ.
ხშირად დასასმელი შეკითხვები.
- მე უნდა ვაკეთებდე ამ დავალებას? თუ არა, ვინ შეძლებს მის შესრულებას?
- რამდენად სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებ? რამდენად ვაძლევ სხვებს თვითგამორკვევის უფლებამოსილებას?
- დელეგირებისა და რესურსების განაწილების გარდა, კიდევ რა საშუალებები გაათავისუფლებს ჩემს ტვინს უფრო პრიორიტეტულ სფეროებზე ორიენტირებისთვის?
- მე რომ გარედან მოსული ადამიანი ვიყო, ამ როლის შესასრულებლად, რას გავაკეთებდი?
- რამდენად სწორად ვიყენებ ჩემს რესურსებს, არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად?
- რა მიდგომები და ქცევა სჯობს, შევცვალო?
- რას ვსწავლობ სამსახურში, რაც შეიძლება მე და ჩემს კოლეგებს სახლშიც გამოგვადგეს და პირიქით?
ადაპტაცია ტრანსფორმაციულ აზროვნებასთან და ცნობისმოყვარეობა, როგორც პრობლემების გადაჭრის საუკეთესო გამოსავალი. ასეთი მიდგომა დაგეხმარებათ ვალდებულებების შესრულებაში როგორც სამსახურში, ისე მის მიღმაც. თქვენი მიზნები, გეგმები და პასუხისმგებლობები პერიოდულად გადაამოწმეთ საკუთარ თავთან, საყვარელ თუ საქმიან ურთიერთობაში მყოფ ადამიანებთან და კონტექსტის შესაბამისად იმოქმედეთ.
წყარო: HBR










