ბევრ ადამიანს, ვისაც საყვარელი ადამიანებისა და ოჯახის წევრებისგან სიყვარული აკლია, საკუთარი თავისადმი ნაკლებად კეთილგანწყობილია. ამ მდგომარეობის საფუძველზე, ჯერ კიდევ ბუდისტურ ტრადიციაში ჩამოყალიბდა „საკუთარი თავის თანაგრძნობის“ კონცეფცია, რაც ფსიქოლოგიაშიც დამკვიდრდა და ბევრი ადამიანის ხსნად იქცა.
ოსტინის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი კრისტინ ნეფი ამ კონცეფციის საფუძვლებსა და პრინციპებს ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში სწავლობდა. კოლეგებთან ერთად ჩატარებული კვლევა კი მოწმობს, რომ მათ, ვისაც საკუთარი თავისადმი თანაგრძნობის ჩვევა აქვთ ჩამოყალიბებული, ნაკლებ სტრესსა და დეპრესიას განიცდიან — ამავდროულად, მეტი თავდაჯერებულობითაც გამოირჩევიან. რომ აღარაფერი ვთქვათ ფიზიკურ სარგებელზე, მათ შორის იმუნური სისტემის გაუმჯობესებულ ფუნქციონირებასა და გულის დაავადებების განვითარების დაბალ რისკზე.
საკუთარი თავის თანაგრძნობის არსი მარტივია: მოეპყარით საკუთარ თავს ისე, როგორც მეგობრებს ექცევით. თუმცა ზოგიერთი ჩვენგანისთვის ამის თქმა უფრო ადვილია, ვიდრე გაკეთება.
წარმოიდგინეთ, რა რეაქცია გექნებათ, თქვენმა მეგობარმა სამსახურში რაიმე შეცდომა რომ დაუშვას, ამაზე ბევრი ინერვიულოს და საკუთარი თავი არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულოს… სავარაუდოდ, გაამხნევებდით, ეტყოდით, რომ საკუთარი თავი მხოლოდ ერთი ან ორი შეცდომით არ უნდა განსაჯოს. და ამის საპირისპიროდ, რას გააკეთებდით, მეგობრის ნაცვლად თავად რომ ყოფილიყავით „დამნაშავე“? ამ დროს შინაგანი კრიტიკა იღვიძებს და ყველაფერ ნეგატიურს მოუხმობს, რათა მაქსიმალური წნეხი მივაყენოთ საკუთარ თავს.
აღსანიშნავია, რომ კრისტინის კვლევის მიხედვით, ბევრი ჩვენგანი ამ კონცეფციას მხოლოდ ერთი მიზეზით უარყოფს: ეშინიათ, რომ დამოკიდებულება ნარცისიზმსა და ეგოიზმში გადაიზრდება. თუმცა მსგავს საკითხზე ჩატარებული კვლევები საპირისპიროს მოწმობს: ადამიანებს, რომლებიც საკუთარი თავისადმი თანაგრძნობას იჩენენ, ნაკლები კომპლექსები აქვთ და მსხვერპლის როლის მორგება არ სიამოვნებთ — შესაბამისად, კონფლიქტის დროს კომპრომისზეც მიდიან, მეტად მიმტევებლები არიან. გარდა ამისა, გაცილებით ადვილად უმკლავდებიან რთულ სიტუაციებსა და ქრონიკულ ტკივილს.
„ყველაფერს მარტივად მიუდექით: თქვენ ადგილას საყვარელი მეგობარი წარმოიდგინეთ. რას ეტყოდით მას? გექნებოდათ მისი რწმენა? გაამხნევებდით რთულ სიტუაციებში? მაშინ საკუთარ თავსაც ასე მოექეცით“, — განმარტავს კრისტინ ნეფი.
ჩვევის ჩამოყალიბებაში ეს უბრალო კითხვაც გამოგადგებათ: „რა მჭირდება ახლა?“ მასზე პასუხის გაცემით, შეძლებთ, დრო დაუთმოთ საკუთარ თავს და „გარედან“ შეაფასოთ, რა გჭირდებათ მოცემულ მომენტში.