Visual Fragments თანამედროვე კრეატიული სტუდიაა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტსა და ემოციურ ნარატივს დიზაინთან აერთიანებს. პროექტს საფუძველი ნიუ-იორკში ჩაეყარა და დაიწყო, როგორც მცირე ექსპერიმენტი, თუმცა მალე გადაიქცა დამოუკიდებელ სივრცედ, რომელიც ბრენდებისთვის მინიატურულ კინემატოგრაფიულ სამყაროს ქმნის. სტუდიის მიზანია, ვიზუალური კომუნიკაცია გადააქციოს გამოცდილებად, რომელიც მაყურებელთან ემოციურ კავშირს ამყარებს.
მისი დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი, თამთა ამაშუკელი, უკვე 7 წელია, მუშაობს დიზაინისა და ბრენდინგის სფეროში. სტუდიამ ბოლო პერიოდში გუნდის გაფართოებაც დაიწყო, რათა ახალი იდეებისა და ენერგიის საშუალებით, კიდევ უფრო მრავალფეროვანი ვიზუალური რეალობები შექმნას.
წარმოგიდგენთ ინტერვიუს თამთასთან, რომელიც უფრო დეტალურად აღგვიწერს თავის საქმიანობას.
როგორ შეიქმნა კომპანია?
თავიდან ეს იყო პატარა ექსპერიმენტი – ჩემი სურვილი, დამენახა, როგორ შეიძლებოდა
ხელოვნური ინტელექტი და დიზაინი ერთმანეთის გვერდით მოგვევლინოს არა კონკურენტებად, არამედ მეგობრებად. ეს სივრცე სახელოსნოს უფრო მოგაგონებდათ, ვიდრე სტუდიას. ადგილს, სადაც მინიმალიზმი და სიურეალიზმი ერთმანეთს ერწყმოდა, ხოლო ტექნოლოგია ხელოვნებას ემსახურებოდა. ნელ-ნელა ეს თამაში გადაიქცა სამყაროდ, რომელსაც საკუთარი ხმა და სახე აღმოაჩნდა. და დღეს Visual Fragments არის კრეატიული სტუდია, რომელიც ქმნის მინიატურულ კინემატოგრაფიულ სამყაროს თითოეული ბრენდისთვის – სურათებს, რომლებიც არა მხოლოდ სილამაზეს გვთავაზობს, არამედ ემოციას, ნარატივსა და ცოტა ჯადოსნურობასაც.
რატომ გადაწყვიტეთ ამ საქმეში ჩართვა?
ეს ნაბიჯი ჩემთვის უფრო შინაგანი განცდა იყო, ვიდრე, უბრალოდ, გადაწყვეტილება. ყოველთვის მჯეროდა, რომ დიზაინსა და კრეატიულ სამყაროში ახალი ეპოქა იწყებოდა, დრო, როცა ხელოვნური ინტელექტი არ ზღუდავს, არამედ ხსნის უსასრულო შესაძლებლობებს. სწორედ აქედან გაჩნდა Visual Fragments: სივრცე, სადაც ფანტაზია და ტექნოლოგია ერწყმის ერთმანეთს და ბრენდებისთვის იქმნება სრულიად ახალი, ემოციურად დამუხტული სამყაროები.
დიზაინი ჩემთვის არასოდეს ყოფილა მხოლოდ პროფესია. ის ყოველთვის იყო ისტორიის მოყოლის გზა – ხან უხილავი, ხან ხმაურიანი, მაგრამ ყოველთვის ადამიანურ ემოციებთან დაკავშირებული. როცა AI-ს შესაძლებლობებმა წარმოსახვას კარი გაუხსნა, მივხვდი, რომ შემეძლო, რეალობად მექცია ის, რაც აქამდე წარმოუდგენელი მეგონა. სწორედ ამიტომაც დავაფუძნე Visual Fragments: რომ ბრენდებსა და ადამიანებს შევთავაზო ისეთი ვიზუალური გამოცდილებები, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივ რეალობასა და ფანტაზიის, თითქმის კინემატოგრაფიულ განზომილებაში გადაჰყავს.

ჩემთვის ტექნოლოგია მხოლოდ ინსტრუმენტია. მთავარი კითხვა ყოველთვის იყო: როგორ შეიძლება იდეა იქცეს ემოციად, პროდუქტი – ნარატივად, ხოლო ვიზუალი – ნამდვილ ხელოვნებად? Visual Fragments სწორედ ამ კითხვებზე პასუხის ძიების გზაზე დაიბადა. მინდოდა ადგილი, სადაც ვიზუალური კომუნიკაცია მხოლოდ „არ ჩანს“, არამედ იგრძნობა. სადაც აუდიტორიას არამხოლოდ გაოცებას, არამედ გულამდე მისაღწევ ემოციას შევთავაზებდი.
თქვენ შესახებაც მოგვიყევით – ვინ არის თამთა?
მე, თამთა ამაშუკელი, Visual Fragments-ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი, უკვე 7 წელზე მეტია, ვმოგზაურობ კრეატიულ ინდუსტრიაში და ეს გზა არ ყოფილა მხოლოდ ერთფეროვანი სვლა. დავიწყე გრაფიკულ და UI/UX დიზაინში, შემდეგ გადავინაცვლე ბრენდების იდენტობისა და ვიზუალური კონცეფციების შექმნაში, ამ ყველაფერმა კი AI ნარატივებამდე მიმიყვანა.
ჩემთვის დიზაინი ყოველთვის იყო მეტი, ვიდრე სურათი ან კომპოზიცია. ეს არის ემოციის დაჭერა, ფრაგმენტის შექმნა, რომელიც მაყურებელს გულში რჩება. ამიტომაც ვამბობ, რომ ჩემი მიზანი მხოლოდ ვიზუალის შექმნა არ არის – მინდა დავტოვო ისეთი ემოციური შთაბეჭდილებები, რომლებიც ადამიანების მეხსიერებაში სამუდამოდ იცხოვრებს.
ვისთან გიმუშავიათ?
ჩემი კარიერული გზა ყოველთვის მრავალფეროვანი იყო. ვთანამშრომლობ, როგორც მცირე ადგილობრივ სტარტაპებთან, ისე დიდ საერთაშორისო კომპანიებთან. საქართველოში ვმუშაობ ისეთ ბრენდებთან, რომლებიც ქმნიან ახალ სივრცეებს, რესტორნებსა და საკვებ პროდუქტებს, ასევე, მუშაობენ ტექნოლოგიურ და კულტურულ პროექტებზე. საერთაშორისო დონეზე გამოცდილება მივიღე მრავალ ინდუსტრიაში – დაწყებული ავტომობილებითა და უძრავი ქონებით, დასრულებული ტექნოლოგიებით, კოსმეტიკითა და ლუქსბრენდებით. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ბრენდთან ერთად ვქმნი სრულიად ახალ სამყაროს, რომელიც მხოლოდ მათ ეკუთვნის – იქნება ეს ნიუ-იორკის ტექნოლოგიური კომპანია, დუბაის ავტოინდუსტრია თუ ევროპის რესტორნები და სხვა ბრენდები.
გვითხარით გუნდის შესახებაც…
Visual Fragments-ის მიმართ გაზრდილმა ინტერესმა ჩვენი გუნდის გაფართოებაც გამოიწვია – ჩვენ შემოგვიერთდნენ ნიჭიერი დიზაინერები, რომლებიც უკვე ქმნიან ახალ ენერგიასა და იდეებს სტუდიისთვის.
ლუკა ვარდიაშვილი 5-წლიანი გამოცდილებით HTML დიზაინში შემოვიდა ჩვენთან. მისი სიზუსტე და ტექნიკური ხედვა ქმნის მყარ საფუძველს იმ ვიზუალური სამყაროსთვის, რასაც ერთად ვაგებთ. ლუკა გამოირჩევა ტექნიკური უნარებით, რომლებიც ხაზს უსვამს დეტალების სიზუსტესა და შესრულების მაღალ ხარისხს.
დავით ჯიჯავაძე კი 3-წლიანი გამოცდილებით გრაფიკულ დიზაინში, ჩვენ თავისი გამორჩეული ესთეტიკითა და ექსპერიმენტების სიყვარულით შემოგვიერთდა. მისი დიზაინი გამოირჩევა ფერების მრავალფეროვანი აღქმით, ხასიათითა და ემოციურობით, რაც ხაზს უსვამს ნამუშევრის სიღრმეს და მის უნარს – ადამიანში დაუვიწყარი განცდები გამოიწვიოს. დღეს დავითი ჩვენი არტ დირექტორი და AI წამყვანი დიზაინერი, ხოლო ლუკა AI-HTML დიზაინერია. მათთან ერთად გუნდში, ასევე, გვყავს გაყიდვების მენეჯერი, გრაფიკული დიზაინერები და სხვა შემოქმედებითი ადამიანები, რომლებიც Visual Fragments-ს ყოველდღე ახალ სახეს აძლევენ.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
მე მუდმივად გახსნილი ვარ იდეებისთვის, რომლებიც არსებულ ჩარჩოებზე დიდია, იდეებისთვის, რომლებიც რთულია, მაგრამ სწორედ ამ სირთულეში იბადება ის შთაბეჭდილება, რომელსაც ვერაფერი ცვლის. მინდა, ჩემმა ნამუშევრებმა უბრალოდ კი არ გააკვირვოს ადამიანი, არამედ გულში რაღაც შეარყიოს. თითოეულ ახალ პროექტში ვხედავ შესაძლებლობას, შევქმნა ისეთი ვიზუალური რეალობა, რომელიც ემოციად იქცევა და მაყურებელს რამდენიმე წამით მაინც განსხვავებულ სამყაროში გადაიყვანს.
და რადგან Visual Fragments სულ უფრო იზრდება და უამრავი ადამიანი მოგვმართავს, ვისაც სურს AI-დიზაინში პირველი ნაბიჯების გადადგმა, დღეს აქ, მარკეტერისთვის ექსკლუზიურად, გიზიარებთ ჩვენს მთავარ სიახლეს: მომავალი წლიდან Visual Fragments იწყებს სასწავლო კურსებს.
ეს იქნება სივრცე, სადაც მე და ჩემი გუნდი გავხდებით მენტორები. მონაწილეები ისწავლიან ყველაფერს, რაც საჭიროა იმ შედეგების მისაღწევად, რომლებსაც დღეს ჩვენი სტუდია დებს. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია – საუკეთესო და ყველაზე მოტივირებული კურსდამთავრებულებიდან ჩვენ თვითონ ავარჩევთ ადამიანებს, რომლებსაც Visual Fragments-ის გუნდში შევთავაზებთ გაწევრიანებას. კურსების დეტალები მალე გამოცხადდება ჩვენს სოციალურ ქსელებსა და ვებგვერდზე, რომელიც მალე იქნება ხელმისაწვდომი.
[პარტნიორის კონტენტი]



















