“ვივო მედიქალის” მხარდაჭერით, მარკეტერი წარმოგიდგენთ ყოველთვიურ რუბრიკას, სახელწოდებით #მთავარიაჯანმრთელობა. ამ სტატიების საშუალებით მიიღებთ სასარგებლო რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ მოახერხოთ დატვირთულ და სტრესულ საქმიან გარემოში ჯანმრთელობის შენარჩუნება და გაუმჯობესება.
ვარჯიშისთვის დროის გამონახვა ხშირად რთული შეიძლება იყოს. ამის მარტივად მოგვარება შეიძლება ვარჯიშის ოფისში დაწყებით, რადგან ბევრი ჩვენგანი ისედაც დიდ დროს ატარებს ოფისში. ამას გარდა, ჯანსაღი ცხოვრებისთვის არაა საკმარისი მხოლოდ ვარჯიში და საჭიროა სწორი ჩვევების ათვისება. აქაა მოყვანილი რამდენიმე რჩევა, რომელიც თქვენს ყოველდღიურობას ფიზიკურ აქტივობას შემატებს და შეგინარჩუნებთ ჯანმრთელობას ოფისში.

სწორად დადგით კომპიუტერის მონიტორი
თუ მუშაობა გიწევთ კომპიუტერთან, მაგიდასთან სწორად ჯდომისთვის აუცილებელია ეკრანის ზევითა კიდე ზუსტად თვალების გასწვრივ გქონდეთ. თუ ეკრანი უფრო მაღლა ან დაბლაა, ეს ცუდად აისახება ჩვენს პოზაზე. იმ შემთხვევაში თუ ეკრანი უფრო დაბლაა, გვიწევს თავის დახრა, რაც დიდი ხნის განმავლობაში კისერს აგვატკიებს, ხოლო თუ ეკრანი მაღლაა, მისი ყურება თვალის გამოშრობას იწვევს.
დაიწყეთ სამსახურში ფეხით ან ველოსიპედით სიარული
ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და სასარგებლო რჩევაა დღის ჯანმრთელად დასაწყებად. თუ თქვენი სამსახური სახლიდან შორსაა, არაა აუცილებელი მთლიანი გზა ფეხით გაიაროთ, შეგიძლიათ ავტობუსიდან ან მეტროდან რამდენიმე გაჩერებით ადრე ჩამოხვიდეთ. ასევე, თუ სამსახურში ან სახლში ლიფტით სარგებლობთ შეეცადეთ კიბეები უფრო ხშირად გამოიყენოთ.
იდექით ფეხზე მუშაობისას
შეეცადეთ, რაც შეიძლება ხშირად ადგეთ და იმოძრაოთ. ეს შეიძლება იყოს სულ ცოტა ხნით, მობილურზე ლაპარაკისას, კოლეგასთან დასალაპარაკებლად ან როცა რამე პროგრამის ჩატვირთვას ელოდებით კომპიუტერში.
გამოასწორეთ პოზა ჯდომისას
ზურგის და კისრის ტკივილს უმეტეს შემთხვევაში იწვევს არასწორად ჯდომა. ხშირად, ეკრანის წინ როცა ვზივართ, ადამიანებს გვაქვს ჩვევა, რომ თავი წინ, კომპიუტერისკენ წავწიოთ, რაც მნიშვნელოვნად ძაბავს ჩვენს კუნთებს. ამის აღსაწერად ერთ-ერთმა ექიმმა გამოიყენა ბოულინგის ბურთის მაგალითი. თუ ბოულინიგს ბურთი ვერტიკალურად ქვევით გვიჭირავს, მაშინ ხელები ნაკლებად გვტკივა და მეტი ხანი შეგვიძლია ასე გაძლება, მაგრამ როგორც კი ბურთს ოდნავ წინ წავწევთ, იძაბება ხელის კუნთები და ეს ცოტა ხანში ტკივილს იწვევს. ჩვენს შემთხვევაში, ბოულინგის ბურთის მსგავსად თავის წინ წაწევა იწვევს ტკივილს და არასასურველი შედეგი აქვს ზურგსა და კისერზე.
ჩართეთ ცოტაოდენი ფიზიკური აქტივობა სამუშაო დღეში
წაიღეთ ოფისში მარტივი სავარჯიშო მოწყობილებები, მაგალითად, მაჯის სავარჯიშო ან მსუბუქი ჰანტელები. არაა აუცილებელი ჯანმრთელობისთვის ფიტნესის ექსტრემალურ ზომებს მიმართოთ. ასევე კარგი საშუალებაა სტრესის ბურთი (stress ball) რომელიც შეგიძიათ იაფად გამოიწეროთ ონლაინ-მაღაზიებიდან.
იპოვეთ თანამოაზრეები ოფისში
ერთად მიზნების მიღწევა უფრო მარტივია. შეგიძლიათ თანამშრომლებთან ერთად ისეირნოთ, ერთმანეთს მისცეთ დამატებითი მოტივაცია და ხალისი. თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ, უმჯობესია თუ ოფისის ნაცვლად შეხვედრებს გარეთ დანიშნავთ.












