in

„ვიხდით ყველაფერს“- განახლებული „ფეი ბოქსები“

საქართველოში სწრაფი გადახდის აპარატების  პროვაიდერმა Nova Technology -მ  ახალი „ფეი ბოქსები“  დადგა. ჯიხურის ტიპის ტერმინალებს  შორის ჯერ მხოლოდ ერთს ახალი გზავნილიც აქვს .  გვერდებზე განთავსებულ პოსტერებზე  გამოსახულია გოგო და ბიჭი  მაისურებზე წარწერით –  „ვიხდით ყველაფერს“.

PayBox-vixdit gogo

ის, რომ საქართველოში ყველაზე მეტად,  მინიმუმ  სექსუალური გზავნილები ყიდის პროდუქტს, ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვრწმუნდებით. მარკეტერებიც  ავად თუ კარგად, ცდილობენ  უკვე თითქმის ტენდენციად ქცეულ „ხაზს“ გაყვნენ.

Nova Technology-ის მარკეტინგის მენეჯერი ნათელა ჯანელიძე ამბობს, რომ ახალი დიზაინი და  „სექსულური გზავნილი“   ლოიალური მომხმარებლის წახალისებისა და სხვა ტერმინალების მომხმარებლების მოზიდვის მიზნით შეიქმნა. 

 „საკმაოდ მომრავლდა სწრაფი გადახდის აპარატები. ხშირად ერთმანეთის კონკურენტ ტერმინალებს გვერდიგვერდ შეხვდებით.  ამიტომ,  გადავწყვიტეთ ისე შეგვეცვალა, რომ მეტად მიექცია ყურადღება. ახალი დიზაინი უფრო  მოსახერხებელიც არის. რაც შეეხება  „ ვიხდით ყველაფერს“ – გადავწყვიტეთ ასეთი სექსუალური გზავნილი გაგვეკეთებინა, რადგან ერთ-ერთი მიმზიდველი მარკეტინგული საშუალებაა. თან არ გვინდოდა ძალიან თამამი ყოფილიყო .  სიტყვების თამაშით , რაც გადახდასთან ასოცირდება და გახდასთანაც, შევეცადეთ მიგვეტანა მომხმარებლებამდე სათქმელი“,-ამბობს ნათელა ჯანელიძე. 

ქალაქში ჯერ 50 ახალი, ახალი დიზაინის „ფეი ბოქსია“. წარწერა „ვიხდი ყველაფერს“ მხოლოდ ერთ მათაგანს აქვს . წლის ბოლომდე 125 ჯიხურის ტიპის აპარატის დადგმას გეგმავენ, „მიმზიდველ“ გზავნილს კი  ქალაქში განთავსებულ ტერმინალებს ნელ-ნელა დააწერენ. ნათელა ჯანელიძე ამბობს, რომ სამომავლოდ, როცა მომხმარებელი სიახლეს შეეჩვევა, „ფეი ბოქსების“ გვერდები ჩვეულებრივ სარეკლამო სივრცედ იქცევა და მასზე სხვადასხვა ტიპის რეკლამის განთავსება იქნება შესაძლებელი. 

მას შემდეგ, რაც „საქართველოს ბანკის“  სწრაფი ჩარიცხვის აპარატები მომხმარებლისთვის უფასო დარჩა, დანარჩენიდან კი თითოეულ ჩარიცხულ ლარზე 4 თეთრი ეჭრება, მომხმარებლების „გულის მოსაგებად“   „ბრძოლა“ სხვადასხვა კატეგორიაში მიდის.

Nova Technology-ში ამბობენ, რომ ამან გარკვეულწილად  შეამცირა მათი აპარატების მოხმარება, თუმცა  კლება არც ისე დიდია. მათი თქმით,  აპარატები თითქმის ყველა კუთხეში აქვთ და ამით დიდ უპირატესობას ფლობენ  „საქართველოს ბანკთან“ შედარებით, რომლის ტერმინაცლებიც  ძირითადად   გაჩერებებზეა განთავსებული.  ამასთან  გეგმავენ, რომ არსებული  260-მდე პროვაიდერის რიცხვი გაზარდონ და საკუთარი მომსახურების სფერო გააფართოვონ,  კიდევ უფრო  მეტი ობიექტი შესთავაზონ მომხმარებლებს, სადაც მათი აპარატებით ანგარიშსწორება იქნება შესაძლებელი.

  

მატრიცა რეკლამად იქცა

რეკლამა დამფუძნებელზე და ჭიებზე, რომლებმაც ის შეჭამეს