in ,

საჭიროა გარისკვა, კომფორტის ზონიდან გამოსვლა და დაუღალავი შრომა განვითარებისთვის – ვიზაჟისტი ქეთო ჩანთაძე

მაკიაჟთან ქალბატონების დამოკიდებულება სხვადასხვანაირია, ზოგი აქტიურად იყენებს მას, ზოგი ცდილობს გვერდი აუაროს, თუმცა, არიან ადამიანები, რომლებმაც მაკიაჟის კეთება ხელოვნების დონეზე აიყვანეს. ქეთო ჩანთაძემ (ჩანთა), ახალი პროფესიის შესწავლა, თავის დროზე, ნასესხები ფულით დაიწყო, დღეს კი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ვიზაჟისტია საქართველოში. ქეთოს ნამუშევრებს ინდივიდუალური სტილი და თამამი მიდგომა გამოარჩევს, თუმცა, მისი საქმიანობა, მაკიაჟის გარდა, პროფესიონალურ გრიმსაც მოიცავს. საიდან დაიწყო და როგორ გაიკვლია გზა წარმატებული კარიერისკენ, ვიზაჟისტმა პირადად გვიამბო.

M: საიდან დაიწყო და როგორ განვითარდა შენი პროფესიული ისტორია?

17 წლის ვიყავი, როდესაც ამ სფეროს მიმართ გამიჩნდა ინტერესი. მივხვდი, რომ იგივე ხატვა იყო, ოღონდ ამ შემთხვევაში სახეზე. მაშინვე ვერ შევძელი სწავლის დაწყება, თანხის არ ქონის გამო. სულ ორი კურსი გავიარე: ეკატერინე ჩანჩიბაზესთან (ჩანჩიკა) 19-ის რომ ვიყავი და მეორე ქრისტინა რეჯინთან – 22 წლისას (Make UP Atelier ), პირველი კურსის დამთავრებისთანავე, ჩანჩიკამ Fashion Week-ზე წამიყვანა, ეს იყო პირველი და ძალიან სერიოზული გამოცდა ჩემთვის, რადგან ბექსთეიჯში საგიჟეთი ტრიალებს, მუშაობის სწრაფ ტემპს უნდა აჰყვე, როგორც ფიზიკურად, ისე გონებით, დაბნევის დრო არ გაქვს, გამოსავალი წამში უნდა იპოვნო. ყველაფერმა კარგად ჩაიარა,ზუსტად იმ დროს დავრწმუნდი საკუთარ თავში და მიხვდი, რომ ეს ნამდვილად ჩემი პროფესიაა.

შემდეგ გავაკეთე საკუთარი ფეიჯი, ვთანამშრომლობდი სხვადასხვა ფოტოგრაფებთან, ხშირად უფასოდ. ნელ-ნელა იზრდებოდა ინტერესი. დაუღალავად ვშრომობდი. შემდეგ მოვხვდი გადაღებებზე, რეკლამებზე და ბოლოს უკვე კინოზე. ბოლო, ყველაზე სეროზული პროექტი იყო გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმი – ხიბულა.

M: როგორია შენი სტილი? რა მიმართულებით მუშაობ?

ჩვენთან არ უყვართ გარისკვა, ერთი სტილის მაკიაჟია მუდამ მოდაში, რაც მე არასდროს მომწონდა, ვეცადე კლიენტებისთვის, დროდადრო, მენახებინა, რომ ამ სფეროს იდეა მის მრავალფეროვნებაშია, მეტი ფერები შემეტანა, ოღონდ ფრთხილად. როგორ შეიძლება ამხელა ფერთა გამიდან მხოლოდ შავი და წითელი დომინირებდეს?! აი, მაგალითად, აკვარელს აქვს ერთი ძირითადი წესი. აკვარელით ხატვის დროს, მხატავრი არ იყენებს შავს, შავს იღებენ რამდენიმე ფერის ნაზავით, რაც ნახატს სძენს დაუვიწყარ სილამაზეს, მხატვარი ხედავს უამრავ ფერს, როდესაც სხვა მხოლოდ ერთ ფერს აღიქვამს. ეს ტექნიკა გადმოვიტანე ჩემს მაკიაჟში, ის, რაც გარედან მუქი ჩანს და ეძახიან “სმოუქის”, სინამდვილეში, მინიმუმ 5 ფერისგან იქმნება, სწორედ, ეს არის ყველაზე საინტერესო და სასიამონო პროცესი.

M: როგორ ფიქრობ, რა არის ის განსხვავებული ნიშა, რის გამოც შენს მომხმარებლებს განსაკუთრებით მოსწონთ შენთან თანამშრომლობა?

ჩემი აზრით, საჭიროა გარისკვა, კომფორტის  ზონიდან გამოსვლა, დაუღალავი შრომა განვითარებისთვის. თუ არტისტს აქვს ამბიცია, ის აუცილებლად  შექმნის ახალ რევოლუციურ გზას და მას მტკიცედ გაჰყვება, გაუსწრებს დროს და შექმნის იმას, რაც აქამდე არ უნახავთ, სწორედ, ეს აყალიბებს ადამიანის უნიკალურ ნიშას.

მიხარია, რომ სანდო ვიზაჟისტის სახელი მაქვს, უმნიშვნელოვანესი კომპლიმენტია, როდესაც კლიენტი მეუბნება, რომ მენდობა. ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი წლების მანძილზე, რაც ერთ-ერთი მთავარი მოტივატორიც გახდა. არაჩვეულებრივია, როდესაც გარეშე  თვალი ხედავს პროცესს და ამას აფასებს, თუმცა, ამის მიღმა ბევრისთვის წარმოუდგენელია, რამხელა შრომა იდება თითოეულ მაკიაჟში, რამხელა თანხა და დრო მიდის ადამიანის გალამაზებაში, ეს არის პროცესი, როდესაც ტვინი ფიქრობს ერთდროულად რამდენიმე რამეზე და ამავდროულად, ხელი საქმეს აკეთებს.

M: რა იყო შენთვის ყველაზე რთული ეტაპი?

რთული იყო საქმის მარტო დაწყება და მისი წაყვანა, რადგან რესურსის გარეშე ვიყავი, ორივე კურსი ნასესხები ფულით გავიარე, არც გამოცდილება მქონდა, არაფერი ვიცოდი, გარდა იმისა, რაც მინდოდა. სეროზულად ერთი-ორმა მიიღო ჩემი წამოწყება, დიდად არც მიკვირს, მაგრამ ბევრი იყო ისეთი, ვინც მიმტკიცებდა, რომ აქედან არაფერი გამოვიდოდა, მე სხვა რაღაცის მჯეროდა და ვცდილობდი არ მესმისნა არავისთვის, ეჭვიც შემპარვია და ბოლოს მხოლოდ საკუთარ თავზე გავბრაზებულვარ, ასეთი ხალხის სმენა არ შეიძლება. მნიშვნელობა არაფერს აქვს, როდესაც ადამიანს მიზანი აქვს.

ფოტოს ავტორი: მარიამ სიჭინავა

M: რა არის ყველაზე გავრცელებული შეცდომები, რასაც ვუშვებთ მაკიაჟის გაკეთებისას?

ოჰ, რა ჩამოთვლის… შეცდომები ბევრია და მუდამ იქნება იმიტომ, რომ  თბილისში ტრენდები დამახინჯებული სახით შემოდის, ან მერე მახინჯდება, აი, მაგალითად, თეთრი კისერი და სტაფილოსფერი სახე, ცუდად გამუქებული წარბები, არასწორი ტუჩის კონტური. ყველაზე მეტად მაინც ეს ახალი გარდასახვის ტრენდი მაგიჟებს, N რაოდენობით რომ ისვამენ, ასეთ ვიდეოებს ძირითადად მოყვარულები იღებენ და ბევრ შეცდომას უშვებენ.

ფოტოს ავტორი: ლომერო ახვლედიანი

M: რა მიმართულებით გეგმავ განვითარებას?

მაკიაჟზე მეტად, გრიმი მიანტერესებდა ყოველთვის, უფრო ახლოს არის ჩემთან, ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესოა, რაც მთავარია, ურთულესია, სამწუხაროდ,  ჩვენს ქვეყანაში ამ კუთხით არც განათლების ხარისხი და არც სამუშაო ბაზაა საკმარისი, ადვილად შეიძლება აქ თავი ამოწურო. ზოგადად, ამ მხრივ მოვიკოჭლებთ. გრიმი მხოლოდ ჭრილობა არ არის, ეს მთელი პროცესია. პერსონაჟები, რომლებიც გიყვართ, ან გეზიზღებათ, სწორედ გრიმის მეშვეობით იქმნება და მთელი ის ინდუსტრია რასაც კინო და ჰოლივუდი ქვია, გრიმის გარშემო ტრიალებს.

ერთ მიზანს მივაღწიე თითქმის და ეხლა მეორეს გზაზე ვარ, მინდა, იმ ნაშრომის ნაწილი ვიყო, ყველას თვალს რომ გააოცებს და გაახარებს. გეზი ლოს-ანჯელესისკენ მაქვს, ცხოვრებისა და კარიერის გაგრძელებას იქ ვგეგმავ. ვნახოთ, რა იქნება. იმედი მაქვს, რამდენიმე  წელიწადში გასაოცარ სტატიას შემოგთავაზებთ უფრო დიდ წარმატებებზე.

გახდი მეწარმე და მოუტანე საზოგადოებას სარგებელი – „სიას“ სტუდენტური კონკურსი

როგორ ნადირობს კუპიდონი, მშვილდით ხელში – Galaxy–ის ვალენტინობის ისტორია