63 წლის წინ დორტმუნდის „ბორუსიას“ ფეხბურთელმა, ტიმო კონიეცკამ ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა. ვინაიდან ამ ისტორიული მომენტის ამსახველი ვიდეო ან ფოტომასალა არ არსებობს, ის მხოლოდ ბრემენის სტადიონზე მყოფი 35 000 მაყურებლის მეხსიერებაში დარჩა. თუმცა ახლა, Vodafone-მა, „ბორუსიამ“ და კრეატიულმა სააგენტო Jung von Matt-მა კამპანიის („The Unseen Goal“) ფარგლებში, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ეს გოლი აღადგინეს.
ვიდეოს შესაქმნელად გუნდმა თვითმხილველების მონათხრობი, იმდროინდელი მედიის ცნობები და სხვადასხვა მონაცემი გამოიყენა. საარქივო მასალებთან ერთად, პროცესში ჩაერთნენ უშუალო თვითმხილველებიც, მათ შორის კლუბის მთავარი ისტორიკოსი და ყოფილი პრესსპიკერი გერდ კოლბე, გოლის ავტორის ძმა გიუნტერ კონიეცკა და BVB-ის ყველაზე დიდი ფანკლუბის თავმჯდომარე ეუგენ კრაასი. გარდა ამისა, ფანების დახმარებითა და ამინდის მოდელირებით, ზუსტად აღადგინეს 1963 წლის იმ კონკრეტული დღის ატმოსფერო და კლიმატური პირობები.
„ტიმო კონიეცკა გამორჩეული, უდიდესი მოთამაშე იყო. ის ფაქტი, რომ ამ გოლის არანაირი ვიდეოჩანაწერი არ არსებობდა, პროექტს ძალიან ართულებდა. ტრადიციების მოყვარული ფანებისთვის ამ კადრების AI-ით აღდგენა ნამდვილი საჩუქარია“, – განაცხადა დორტმუნდის „ბორუსიას“ პრეზიდენტმა, ჰანს-იოახიმ ვაცკემ და Vodafone-ს უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით გაწეული რთული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
გოლის ვიდეორეკონსტრუქციის პრემიერა კლუბის მუზეუმში, დოკუმენტური ფილმის ფარგლებში შედგა. ის ასევე აჩვენეს Sky Sports News-ის ეთერსა და „ბორუსიასა“ და Vodafone-ის YouTube არხებზე. გერმანიის ყველაზე დიდ სტადიონზე, „სიგნალ იდუნა პარკზე“ შეკრებილმა გულშემატკივრებმა კი ეს კადრები სეზონის გახსნითი მატჩის წინ, დიდ ეკრანებზე იხილეს. მათ საჩუქრად 1963 წლის სტილში დაბეჭდილი სპეციალური გაზეთებიც მიიღეს.













