მოდის სამყაროში სახელს Vogue ძალიან დიდი ძალა აქვს. პრიალა ჟურნალი იყიდება მთელ მსოფლიოში და 19 სხვადასხვა ენაზე ქვეყნდება. თავის დროზე ჟურნალი იქცა სივრცედ, რომელზე მოხვედრაც დამწყები ვარსკვლავებისთვის საოცნებო იყო, რადგან ის წარმატებასა და პრესტიჟთან ასოცირდებოდა. ეს იმიჯი ჟურნალს დღემდე აქვს.
როგორ მიაღწია Vogue-მა ასეთ პიედესტალს? საინტერესოა, სად და როგორ დაფუძნდა მსოფლიოში განთქმული ჟურნალი და როგორია მისი წარმატების ისტორია.
Vogue, როგორც ცხოვრების სტილი
1892 წელს ნიუ-იორკში ახალი ჟურნალი გამოჩნდა. არტურ ბოლდუინ ტურნიური იყო ადამიანი, რომელმაც გამოუშვა Vogue-ის პირველი ნომერი. გამოცემა ცხოვრების სტილის, ე.წ. lifestyle ჟანრში წერდა სტატიებს ისეთ თემებზე, როგორებიც მუსიკა, წიგნები და თეატრია. ის ყოველკვირეულად გამოდიოდა ამერიკაში და მიმართული იყო ნიუ-იორკის მაღალი საზოგადოების ელიტარულ სოციალისტებზე. მისი ფასი სულ რაღაც 10 ცენტი გახლდათ, თუმცა თავისი კონცეფციით ის იქცა ჟურნალად მდიდრებისთვის, რადგან წერდა და ეხებოდა თემებს, რომლებიც იმ მომენტში უფრო შეძლებული საზოგადოებისთვის იყო ხელმისაწვდომი და საინტერესო.
Vogue-ის მოდის ვარსკვლავად გადაკეთება
მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებისეული სტილის აღწერებზე ჟურნალმა 17 წელი იმუშავა, ის არ გამხდარა ნომერ პირველი გამოცემა აშშ-ში. მის პარალელურად სხვა ჟურნალ-გაზეთებიც გამოდიოდა და Vogue უბრალოდ ერთ-ერთი მათგანი იყო, რომელსაც მკითხველთა შეზღუდული რაოდენობა ჰყავდა.
მდგომარეობა მას შემდეგ შეიცვალა, რაც გამოცემა შეიძინა Condé Montrose Nast-მა, Condé Nast Publications-ის დამფუძნებელმა. მან მთლიანად შეცვალა ჟურნალის მიმართულება და გეზი მხოლოდ და მხოლოდ მოდისკენ აიღო. სილამაზე, ჩაცმულობა, თავის მოვლა, გლამური, სიმშვიდე და სილამაზის ინდუსტრიასთან დაკავშირებული ეტიკეტი – ეს ის კონცეფციაა, რომელსაც მაშინდელი ახალი ხელმძღვანელობა დაეყრდნო და ჩათვალა, რომ უფრო კარგად იმუშავებდა, ვიდრე lifestyle თუ ნებისმიერი სხვა თემატიკა გამოცემისთვის.
რა გააკეთა Nast-მა წარმატებისთვის
Nast გამოცდილი და ჭკვიანი ხელმძღვანელი აღმოჩნდა, რომელმაც იცის, როგორ დასახოს სწორი გეზი და როგორ წარმართოს ხომალდი დანიშნულების ცენტრისკენ. გარდა იმისა, რომ სწორად გათვალა ჟურნალის შეცვლილი თემატიკა, კარგ იდეას, როგორც ვიცით, კარგი განხორციელებაც სჭირდება.
პირველი, რითაც განახლებული Vogue მალევე გახდა ცნობილი, გამორჩეული ფოტოები და მაღალი სარედაქციო ხარისხი იყო. Nast-მა საუკეთესო ილუსტრატორები და ფოტოგრაფები დაიქირავა, რომლებმაც მოამზადეს ჟურნალის გარეკანები. გამოცემა არ უშინდებოდა ექსპერიმენტებსაც და ხშირად იმ დროისთვის რევოლუციურ გარეკანებს ბეჭდავდა, რაც მაშინვე იპყრობდა საზოგადოების ყურადღებას.
გარდა ამისა, ის ხშირად ცდილობდა, გადაესწრო სხვებისთვის და ყოფილიყო პირველი სხვადასხვა ასპექტში. მაგალითად, 1932 წელს Vogue გახდა ერთ-ერთი პირველი ჟურნალი, რომელმაც დაბეჭდა ფერადი ფოტო გარეკანზე. 1974 წლის აგვისტოს ნომრის გარეკანზე კი პირველი აფროამერიკელი მოდელი გამოაჩინა.
ანა ვინტური
ვისაც მოდასთან ახლოს ჩაუვლია, ეს სახელი და გვარი მისთვის ნაცნობია. ანა ვინტური 1988 წელს გახდა Vogue-ის რედაქტორი და მაშინვე შეცვალა Vogue-ის გარეკანები. მან გადაწყვიტა, რომ არა მხოლოდ სტანდარტული მოდელები, არამედ ჰოლივუდის ვარსკვლავებიც საინტერესონი იქნებოდნენ ჟურნალის ყდისთვის. ვინტურის ინიციატივით გამოვიდა Men’s Vogue და Teen Vogue. 2003 წელს კი, ამერიკის მოდის დიზაინერების საბჭოსთან ერთად, გახსნა CFDA/Vogue Fashion Fund, რომლის მიზანიც მოდის დიზაინერების შემდეგი თაობის გაზრდაა.
მაღალი მოდის ბიბლია
ეს ის სტატუსია, რომელიც 2009 წელს Vogue-ს New York Times-მა მიანიჭა. ამას არც არავინ ეწინააღმდეგება, რადგან Vogue არ არის უბრალოდ ჟურნალი, ის ბრენდია, რომელმაც ისტორია შექმნა და მოდის საერთაშორისო სტანდარტები დაამკვიდრა. მან დიდი გავლენა მოახდინა მოდის ჟურნალების ინდუსტრიის განვითარებაზე და განაგრძობს თანამედროვე მოდის ტენდენციების ჩამოყალიბებას.
დღეს უკვე რთული სათქმელია, როგორი იქნებოდა Vogue-ის მსოფლიო ცნობადობა, ის რომ ისევ lifestyle ჟურნალად დარჩენილიყო. ფაქტი ერთია, რომ Nast-ის მიერ გეზის შეცვლამ მას ის წარმატება მოუტანა, რაც მანამდე, 17 წლის განმავლობაში ვერ დაიძრა. როგორც ამ რუბრიკაში განხილული სხვა ბრენდების შემთხვევაში ვნახეთ, Vogue-ის წარმატებაც სწორ დროს, სწორმა გათვლებმა გადაწყვიტა. ამრიგად, ის კიდევ ერთხელ ხდება მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება რიგითი ბიზნესი მსოფლიო ვარსკვლავად გადაიქცეს.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.
#დაძარი
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი