1
Aug
2019

VOGUE, ZOE Magazine და L’Officiel ბათუმის ტურისტულ პოტენციალზე

1 Aug 2019

საერთაშორისო გამოცემების – VOGUE, ZOE Magazine, L’Officiel – ჟურნალისტები ბათუმის, როგორც ახალი ტურისტული მიმართულების შესახებ ბლოგებსა და სტატიებს ამზადებენ. მედიატურის ფარგლებში, დაათვალიერეს ქალაქის ტურისტული ღირსშესანიშნაობები, დაესწრნენ ბათუმელი დიზაინერის თაკო მექვაბიძის ჩვენებას, შემდეგ კი ქედაში იმოგზაურეს. სტუმრებს შორის არიან The Fierce Walker-ისა და whowhatwear-ის „ინსტაგრამინფლუენსერებიც, რომელთა პოსტებს მოგზაურობისა და მოდის შესახებ, სოციალურ ქსელებში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლების თქმით, მილიონობით მიმდევარი ეცნობა. ჟურნალისტები, ბათუმში, სწორედ მათი მოწვევით ჩამოვიდნენ.

„ჩვენ მოვიწვიეთ „ვოგის“ ჟურნალისტები ჩეხეთიდან, უკრაინიდან, ZOE Magazine-სა და L’Officiel-ის ჟურნალისტები ამერიკიდან და იტალიიდან, „ინსტაგრამინფლუენსერი დუბაიდან, ამერიკიდან, რომ მაქსიმალურად მოხდეს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ცნობადობის გაზრდა და პოპულარიზაცია მსოფლიო მასშტაბით, განსაკუთრებით ჩვენს სამიზნე ქვეყნებში. ესენია გამოცემები და „ინტაგრამ“ ინფლუენსერები, რომელთა რეკომენდაციებს, რჩევებს მილიონობით ადამიანი ენდობა და ითვალისწინებს. ისინი ქმნიან ტრენდს ცხოვრების სტილსა და მოდაში. შესაბამისად, მკითხველები და მიმდევრები ცდილობენ, მათ გაყვნენ. ჩვენს ქვეყანასა და რეგიონს აქვს მრავალფეროვანი არჩევანი ტურისტებისთვის ზღვისა და მთის კომბინაციის, უგემრიელესი სამზარეულოს, ღვინის, კულტურისა თუ სხვა ტურისტული პროდუქტების სახით. ეს ყველაფერი კი სტუმრებს საშუალებას აძლევს, საინტერესო კონტენტი შექმნან და შესთავაზონ მკითხველებს. ჟურნალისტების მოწვევას რეგიონში წლის ბოლომდე გავაგრძელებთ, რომ მაქსიმალურად მივიტანოთ ჩვენს პოტენციურ ტურისტებამდე ინფორმაცია რამდენად საინტერესო, მრავალფეროვანი და სტუმართმოყვარეა საქართველო,“ ამბობს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ქრისტინე ძიძიგური.

განხილვა