4
Nov
2019

„ხმას გააჟღერებს ყველგან, სადაც ამის საშუალება იქნება“ – ირაკლი საბეკიას ინსტალაცია ოკუპაციის თემაზე 

4 Nov 2019

ქართველმა დიზაინერმა ირაკლი საბეკიამ პროექტი “Voicing Borders” ოკუპაციის თემაზე შექმნა. წარმოიდგინეთ, მავთულხლართი, რომელსაც რადიო გადამცემის ფუნქცია აქვს – მორზეს ანბანით, „გაუჩინარებული სოფლების სახელებსა და კოორდინატებს გადასცემს“. ინსტალაცია, თან, ინტერაქტიული პროექციაა და მაყურებელს შეუძლია, საკუთარ ჩრდილში, ბოლო ათწლეულში, „ცხინვალის რეგიონში ქართული სოფლების ნგრევას და გაუჩინარებას“ ადევნოს თვალი.

ირაკლი საბეკია: 2015 წელს, საცხოვრებლად ჰოლანდიაში გადმოვედი, ეინდჰოვენის დიზაინის აკადემიაში დავიწყე სწავლა. ჩემი დეპარტამენტი “Man and Leisure“ გამოცდილებებისა და სოციალურ დიზაინზე მუშაობს. თუმცა, პროექტები ბევრ სხვა თემასაც ეხება. 2018 წელს გადავწვიტე, სადიპლომო ნამუშევარი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე გამეკეთებინა. მე თვითონ აფხაზეთიდან ვარ, ეს თემა და იმ ადამიანების ბედი, ვინც 2008 წელს სახლ-კარი და საარსებო სივრცე დაკარგა, ჩემთვის ძალიან ახლოა“.

სანდრა იანსენი და Voicing Borders

ხანგრძლივი კვლევის შემდეგ, ყურადღება ორ მთავარ მიმართულებაზე შეაჩერა და ასე გაჩნდა პროექტი “Voicing Borders“.

„პირველი, ინტერაქტიული პროექციაა. ის საშუალებას აძლევს მაყურებელს, თვალი მიადევნოს, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ცხინვალის რეგიონში ქართული სოფლების ნგრევას და გაუჩინარებას. ამისთვის, თანამგზავრული ფოტოები, სპეციალურად ინსტალაციისთვის შექმნილი ტექნიკით არის წარმოდგენილი. პროექტორის წინ მდგარ მაყურებელი, საკუთარ ჩრდილში, ხედავს სოფლების ადგილმდებარეობებს და სტრუქტურას, რომელიც ჩრდილის გარეთ გამოსახულებაში არ ჩანს. ეს საშუალება აძლევს, საკუთარი ჩრდილის მეშვეობით, აქტიურად აღმოაჩინოს, რაც ახლა უკვე სრულიად გაუჩინარებულია და ვიზუალურად ერთმანეთს დაუპირისპირო წარსული და აწმყო. ინსტალაციაში 16 სოფელია შესული, რომელიც ჩემი მეგობარი სტუდენტების დახმარებით, თითოეული სახლის სიზუსტით მოვნიშნეთ და დავიტანეთ ინტერაქტიულ რუქაზე. ეს ნაწილი საჭირო იყო იმისთვის, რომ მომეყოლა ამ სოფლების შესახებ და თვალსაჩინო სამხილის მაგალითზე მეჩვენებინა, რასთან უწევს დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობას“.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. ამ პროექტით, თავიდანვე სურდა, ოკუპაციის მიმართ აქტიური პოზიცია გამოეხატა – სამიზნედ, „ოკუპაციის ყველაზე აშკარა გამოვლინება, მავთულხლართი“ აიღო და სცადა, მოეძებნა საშუალება, რომ მისი თვისება მისსავე საწინააღმდეგოდ შემოებრუნებინა.

„ ამ მიზნით შევქმენი რადიო გადამცემი, რომელიც სადენით მავთულხლართს უერთდება, მას ანტენად იყენებს და მორზეს ანბანით, მოკლე რადიო გზავნილს გადასცემს – ინსტალაციაში ეს მოწყობილობა შეერთებულია მავთულხლართთან, რომელიც საქართველოში არსებულის  მიახლოებული ასლია. რადიო გადაცემის მოსმენა იქვე მდგარი პატარა რადიოების საშუალებითაა შესაძლებელი. გზავნილში, გაუჩინარებული სოფლების სახელები და მათი გეოგრაფიული კოორდინატები გაისმის. მოწყობილობა, ამ მეთოდით, ოკუპაციის იარაღს და სიმბოლოს, მისსავე წინააღმდეგ, პროტესტის საშუალებად აქცევს და „აიძულებს“ მავთულხლართს, გააჟღეროს ის, რისი დამალვაც მისი ფუნქციაა. რაც შეეხება მორზეს ანბანს, მისი გამოყენება განგებ გაკეთებული არჩევანი იყო, რომ თავიდან ამერიდებინა ყველანაირი ზედმეტი პოლიტიკური კონოტაცია, რომელიც შეიძლება თან სდევდეს, ენის, გენდერის, აქცენტის, ან თუნდაც, ინტონაციის გამოყენებას. ამ მეთოდით მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს პროექტი არ ემსახურება რომელიმე ცალკეული ჯგუფის ინტერესების დაცვას, არამედ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის მხილების და გაჟღერების საშუალებაა“.

ირაკლი საბეკია და ინსტალაცია ოკუპაციის თემაზე

ამბობს, რომ ორი კომპონენტისგან შემდგარი ამ ინსტალაციის მიზანია, რაც შეიძლება, მეტ ადამიანს გააცნოს საქართველოში ჩადენილი და მიმდინარე დანაშაულები. ასევე, შექმნას სივრცული გამოცდილება, რომელიც ამ ფაქტების შესახებ არა მხოლოდ ინფორმირებას, არამედ მათ ემპათიურად გათავისებას შეუწყობს ხელს და ამავდროულად, გამოხატავს მის პირად დამოკიდებულებას ოკუპაციის მიმართ.

„ინსტალაცია ხმას გააჟღერებს ყველგან, სადაც ამის საშუალება იქნება. პროექტზე მუშაობისას ძალიან მნიშვნელოვანი იყო რამოდენიმე ადამიანის მხარდაჭერა და მათი ნამუშევრები. მათ შორის: ელენე ცხადაძის სამაგისტრო ნაშრომი ჰამბურგის უნივერსიტეტში სახელწოდებით: „საქართველოს მცოცავი ოკუპაცია – ხილული და უხილავი საზღვრების შესახებ“, ფოტოგრაფ თაკო რობაქიძის მულტიმედიური პროექტი „მცოცავი საზღვრები“, რომელიც განხორციელდა „მაგნუმის“ ფონდის მხარდაჭერით, ჰოლანდიელი ჟურნალისტის იერონ აკერმანსის მრავალი სტატია და სიუჟეტი აგვისტოს მოვლენების შესახებ.  ამ პროექტით წელს, ივნისის ბოლოს, გავედი სადიპლომო გამოცდაზე. მას შემდეგ ინსტალაცია სამჯერ გამოიფინა: ჰააგაში, როტერდამში და ბოლოს ჰოლანდიის დიზაინს კვირეულზე, ეინდჰოვენში“.

 

განხილვა