16
Jul
2018

ქართული ფოლკლორის, ჰიპ-ჰოპისა და პოპ მუსიკის სინთეზი – გიორგი მიქაძის პროექტი „ვოისა“ Black Sea Arena-ზე!

16 Jul 2018

4 აგვისტოს, Check in Georgia-ს ფარგლებში, Black Sea Arena გიორგი მიქაძის პროექტ VOISA-ს უმასპინძლებს. გიორგი აშშ-ში მოღვაწე, ვირტუოზი პიანისტი და კომპოზიტორია, Berklee Collage of Music-სა და Manhattan School of Music-ის მაგისტრი, ასევე, Yamaha-ს  ჯაზ-არტისტი, რომელმაც VOISA-ს სახით, ქართული ფოლკლორის მრავალსაუკუნოვანი მონაპოვარისა და თანამედროვე მუსიკალური მიმდინარეობების უნიკალური და ნოვატორული სინთეზის ნიმუში შექმნა.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

VOISA-ს საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ზე წარადგენენ: პროექტის ავტორი გიორგი მიქაძე, ანსამბლი „ბასიანი“ და All-Star Band, რეიდარ ელისი, ანტუან კატსი, შაჰარ ელნათანი, ზაკ მალინსი, ფერნანდო საჩი, დიტო საკანდელიძე და რონი ეითანი. პროექტის ნოვატორული დადგმა კი ბასა ფოცხიშვილის რეჟისურით ხორციელდება. როგორც გიორგი მიქაძემ, მარკეტერთან ინტერვიუსას განაცხადა, წარმოდგენის უმთავრესი ნაწილი არის ქართულ სიმღერა „ვოისას“ ჰიპ-ჰოპ კომპოზიცია, რომელსაც, ანსამბლ „ბასიანთან“ ერთად, ასრულებს ცნობილი ამერიკელი რეპერი – რეიდარ ელისი.

 

ჩვენ გვაქვს უნიკალური მუსიკალური შედევრები, რომლებიც ზეპირსიტყვიერად მოვიდა ჩვენამდე – ქართული ფოლკლორი, თუმცა, განვითარება სჭირდება ყველაფერს და მათ შორის, რა თქმა უნდა, მუსიკას. ჩვენ ძალიან ამაყები ვართ ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებით, მან პირველმა შექმნა ქართული, სრულყოფილი ოპერა. იმ მომენტში ყველაზე დიდი წარმატებით სარგებლობდა ეს მიმდინარეობა, როგორც მუსიკალური მოვლენა და დღეისათვის, იმის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ, თუ რა არის ყველაზე თანამედროვე და ყველაზე ხშირად მოსმენადი ჟანრი მსოფლიოში, რომ მისი საშუალებით გავაცნოთ მთელ მსოფლიოს ქართული, უნიკალური ფოლკლორი. სწორედ ამ მიზნით შევქმენი VOISA და ვფიქრობ, ეს პროექტი გახდება საქართველოს საინტერესო და მრავალფეროვანი მუსიკალური კულტურის სავიზიტო ბარათი მსოფლიოში“, – გვიყვება გიორგი მიქაძე. 

M: როგორ შექმენით „ვოისა“? როგორი იყო ქართული ფოლკლორისა და თანამედროვე მუსიკალური მიმდინარეობების სინთეზზე მუშაობის პროცესი? 
იმდენად მდიდარი კულტურა გვაქვს მუსიკალურად, რომ შექმნას აღარ დავარქმევ. ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოს მასშტაბით, საუკეთესო მუსიკალურ ინსტიტუციებში ვსწავლობდი და მაქვს მრავალწლიანი გამოცდილება, სწორედ ამან მომცა საშუალება და გამბედაობა, ქართულ მუსიკასთან მქონოდა შეხება, იმიტომ რომ, იმდენად ფაქიზი და რთული მოსაპყრობია ქართული მუსიკა, რომ ყველაფერი უცბად, ერთი ხელის მოსმით შეიძლება წყალში ჩაგეყაროს. ძალიან რთულია ქართულ მუსიკასთან, კერძოდ, ფოლკლორთან ურთიერთობა. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი არის, რომ თავად მუსიკოსებმა შეძლონ თითოეული სიმღერის სიმღერა, იცოდნენ რა მიხვრა-მოხვრა აქვს ქართულ ხმოვანებას, ყოველ ხმას ქართულ ფოლკლორში აქვს თავისებური ფუნქცია და მიხარია, რომ ეს ფუნქცია, „ვოისას“ შემთხვევაში, გააზრებულია.

ქართულ ფოლკლორში, სიმღერაში ჩვენ ერთმანეთს ვუსმენთ და ისე ვმღერით ხოლმე. სხვა შემთხვევაში კი, ყველა ერთდროულად, ერთმანეთის მოსმენის გარეშე ვსაუბრობთ და არაფერი გამოდის. ქართული ფოლკლორისა და პოლიფონიის პრინციპის სხვა მიმართულებებით გამოყენება და გააზრება, ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა“. 


M:
 რა არის ის მთავარი სათქმელი, რომლის თქმასაც, ამ პროექტით და ზოგადად, თქვენი შემოქმედებით, ცდილობთ მსმენელისთვის და მსოფლიოსთვის?

დიდი ხნის წინ, მას შემდეგ, რაც საქართველო დავტოვე, გამომიმუშავდა ჩვევა – როდესაც უცხოელს ვხვდები, მაშინვე ვაცნობ მას, თუ რომელი ქვეყნიდან ვარ. ვამბობ რა ენაზე ვლაპარაკობთ, ვყვები პატარა ისტორიას, რომელიც ჩვენს კულტურაზე პირველად წარმოდგენას აყალიბებს. ხშირ შემთხვევაში, არ იციან ჩვენი ქვეყნის შესახებ. ამერიკაში, ყოველთვის ყველას ჰგონია, რომ ამერიკის შტატ „ჯორჯიადან“ ვარ. თუ იქნება ჩემი პროექტი ამ შეხედულების გაქრობის მიზეზი, ძალიან გამიხარდება. საქართველო და ჩვენი კულტურა არის ის, რისი გაცნობაც თითოეული უცხოელისთვის მინდა.

M: გარდა „ვოისასი“, რა საერთაშორისო პროექტებით ცდილობთ ქართული მუსიკის წარმოჩენას მსოფლიოში?
ყველა ჩემი პროექტი და თავისთავად, „ვოისა“, აბსოლუტურად დაკავშირებულია საქართველოსთან, ეს იქნება ფოლკლორული მუსიკა თუ უბრალოდ, მელოდიები ფილმებისთვის. მაგალითად, ჩვენ წარმოვადგინეთ ჩემი ერთ-ერთი პროექტი – „ქართული ოვერტონები“ „გაეროსა“ და ვაშინგტონში. ეს კონცერტები შედგა მაისში, აქვე აღვნიშნავ, რომ მაისში გამართული ღონისძიებები, ჩემი მხრიდან, ეძღვნებოდა დამოუკიდებლობის 100 წლისთავს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ ქართული ჰანგები ისმოდა „გაეროში“, ასეთი ფაქტი კი, როგორც ვიცი, აქამდე არ ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ VOISA-ს პრეზენტაცია შედგა ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ საკონცერტო სივრცე  ShapeShifter Lab-ში, 2016 წელს, ხოლო მისი ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა 2017 წლის 14 ივნისს, პეკინის საკონცერტო დარბაზში მოხდა. კონცერტი გაიმართა საქართველო-ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში. გიორგის პროექტის განვითარების ხედვები აქვს და უნდა, ის მთელ მსოფლიოს, პირველ რიგში კი მუსიკალური მოვლენების ეპიცენტრს – ამერიკასა და მის ფართო აუდიტორიას წარუდგინოს:

ყველაზე მთავარი არის ამ კონცერტის წარმოდგენა მოხდეს საქართველოში და ის მასზე დასწრება ხელმისაწვდომი იყოს. ძალიან მიხარია, რომ ვთანამშრომლობ არაჩვეულებრივ, უნიჭიერეს ადამიანებთან, მათ შორის, ბასა ფოცხიშვილთან, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს საკონცერტო რეჟისურის მიმართულებით. ამ კონცერტის შემდეგ, რა თქმა უნდა გაგრძელდება მუშაობა, იმისათვის, რომ პროექტი გახდეს საერთაშორისო და გავიდეს ძალიან ბევრი ქვეყნის არენაზე. მინდა, რომ პროექტი წარვადგინო ამერიკასა და ევროპაში, რადგან ამერიკიდან იმართება მთელი მსოფლიო მუსიკალური კულტურა“.

M: ამჟამად, როგორია შენი სამუშაო გარემო და რეჟიმი?
ძალიან მრავალმხრივი ამბები ხდება ჩემს ცხოვრებაში, საკმაოდ დატვირთული პერიოდი მაქვს. მარტში მოვაწერე ხელი კონტრაქტს ძალიან ცნობილ მუსიკოსთან, რომელიც აღიარებულია აზიაში, როგორც პოპის მეფე. ჩვენ გვაქვს კვირაში ერთი კონცერტი, სხვადასხვა ქალაქში. ძირითადად, ასეთი კონცერტები ტარდება სტადიონებზე, დიდ არენებზე, სადაც მინიმუმ 50 000 ადამიანიანი აუდიტორია გვყავს, რაც დიდ გამოცდილებას მაძლევს. ამავდროულად, კონცერტებს ვატარებ ლოს-ანჯელესში, უკვე ნახევარ წელზე მეტია. აქ აბსოლიტურად სხვა გარემოა, ძირითადად, მუსიკალური ინდუსტრია იმართება სწორედ ამ წერტილიდან და ეს იყო ნიუ-იორკიდან აქ გადმოსვლის მიზეზიც. აქ ძალიან კარგი ჰავაა, რაც ჩემი სამუშაო პირობებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხანდახან მაქვს ასეთი სიტუაცია, რომ ერთ დღეს მაქვს კონცერტი ჩინეთში, მესამე დღეს კი – ნიუ-იორკში.

M: როგორ შეაფასებდი თანამედროვე ქართულ მუსიკას?
ძალიან ხშირად ვისმენ. მომწონს ქართული ელექტონული მუსიკის შემქმნელები, რაღაცები მოვისმინე ამასწინათ და ძალიან გამიხარდა, რომ ელექტონული მუსიკა, რომელიც ერთ-ერთი ახალი ჟანრია მსოფლიოში, ასე განვითარებულია საქართველოში და ქართველი მუსიკოსები ამ ჟანრში ახერხებენ სიახლის შემოტანას.



განხილვა