10
Sep
2019

Volkswagen-ის რებრენდინგი უკან, მომავალში! – აკაკი რაზმაძის შეფასება

10 Sep 2019

“ახალი Volkswagen-ი” – ასე ჰქვია ავტომწარმოებლის განახლებულ კონცეფციას და მიგვანიშნებს, რომ ბრენდის ცხოვრებაში სრულიად ახალი ერა დაიწყო. ბრენდ ბუქი მინიმალისტური დიზაინითაა წარმოდგენილი. ისიც აშკარაა, რომ Volkswagen ლოგოს ძველ, ორგანზომილებიან ვერსიას უბრუნდება. ამდენად, Volkswagen-ის ახალ ბრენდინგს შეგვიძლია ასეც ვუწოდოთ – “უკან მომავალში”. განახლებული ვიზუალური იდენტობა ძალიან ჰგავს 1967 წელს შემუშავებულ სიმბოლოს. დიზაინის სტრატეგიულ ნაწილზე კომპანიის პარტნიორმა სააგენტოებმა, Volkswagen-ის დიზაინისა და მარკეტინგის გუნდთან ერთად იმუშავეს. პროექტში კომპანიის ყველა განყოფილება ჩაერთო. განახლებულ დიზაინს ფრანკფურტის საერთაშორისო ავტოშოუზე იხილავენ პირველად. უკანასკნელად, Volkswagen-მა ლოგო 2000 წელს განაახლა. ბრენდინგის გადაწყვეტილება კომპანიამ იმ ფართომასშტაბიანი სკანდალის გამოც მიიღო, რომელშიც ემისიის ტესტების გაყალბებული შედეგების გამო გაეხვა. Volkswagen-ის რებრენდინგი შრიფტის დიზაინერმა აკაკი რაზმაძემ შეაფასა:

“სტუდენტებთან განვიხილავდი, შარშან, სხვადასხვა ლოგოს ევოლუციის შემთთხვევებს, როგორ განვითარდა თუნდაც მასტერქარდის ლოგო, როგორ მივიდნენ სიმარტივისკენ და მანდ გაჩნდა ეგ აზრი, რომ ადრე თუ გვიან ფოლკსვაგენიც იმავეს იზამდა. აი, მასტერქარდი, ერთი მხრივ, მის ძველ, სადა დიზაინებისკენ წავიდა და ამავე დროს, თანამედრივე სიმარტივის ტენდენციებს მოერგო. იმავეს აკეთებს ბევრი სხვა კომპანიაც. აი, Volkswagen-ის ლოგოებსაც რომ შევხედოთ, ძველ ვერსიებშიც დავინახავთ, რომ რამდენიმე მარტივი და flet ვერსია ძალიან თანამედროვედ გამოიყურება დღესაც. მეოცე საუკუნის და ოცდამეერთეს დასაწყისში ეგეთი მოდა იყო – ჩრდილებს და 3D ეფექტებს ამატებდნენ. ბევრი კომპანია აჰყვა მაგ ტრენდს, ახლა უკან ბრუნდებიან, სიმარტივისკენ, რაც თავის მხრივ, მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯია.”

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა