in

„ხოჭოების ცხოვრება”, ანუ Volkswagen Beetle-ის ავტოისტორია

Volkswagen Beetle ავტომობილების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გამორჩეული სახელია. 50-ზე ცოტა მეტი წლის წინ, 1972 წელს მწარმოებელმა 15,007,034 Beetle გამოუშვა, რამაც წარმოების იმ რეკორდს გადააჭარბა, რაც მანამდე მხოლოდ Ford Model T-ს ჰქონდა. ამ რეკორდული მიღწევის აღსანიშნავად, Volkswagen-მა გამოუშვა მსოფლიო ჩემპიონის სამახსოვრო სპეციალური გამოცემა, რომელიც იყიდებოდა იმავე წლის მარტამდე. 

გამომდინარე იქიდან, რომ მოდელს უკვე თითქმის საუკუნე უსრულდება და პოპულარობა მაინც არ დაუკარგავს, მის განვლილ გზას გადავხედოთ და კიდევ ერთხელ შევაფასოთ ცნობილი „ხოჭო”.

Beetle-ის წარმოება

პირველად Beetle 1930-იან წლებში ადოლფ ჰიტლერმა შეუკვეთა Volkswagen-ს. მისი დიზაინი ფერდინანდ პორშეს ეკუთვნოდა და ის იყო ლამაზი, ხელმისაწვდომი, პრაქტიკული და საიმედო ავტომობილი. სამი ათწლეულის შემდეგ „ხოჭო” 60-იანების სიმბოლოდ იქცა. ხოჭოს მას მომხმარებლები სიყვარულით ეძახდნენ თავისი ფორმების გამო.

მას შემდეგ, რაც ომი დასრულდა, ვოლფსბურგის ქარხანას ჯერ კიდევ არ ჰქონდა აწყობილი არცერთი სამოქალაქო მოდელი, რადგან მანამდე სამხედრო ტექნიკაზე იყო გადართული. ომის დასრულების შემდეგ ქარხანა ბრიტანეთის კონტროლის ქვეშ მოექცა. 1946 წლის ბოლოსთვის კი 10000-ზე მეტი მანქანა იქნა წარმოებული. 

მარკეტინგის როლი Beetle-ის პოპულარობაში

ნიუ-იორკის სარეკლამო სააგენტოს Doyle Dane Bernbach-ის (DDB) ქოფირაითერებმა, ჯულიან კოენიგმა და ჰელმუტ კრონმა შექმნეს ლეგენდარული რეკლამა “Think small”. აქ გამოსახულია თეთრი სიბრტყე, რომლის ცენტრშიც პატარა Beetle-ია მოქცეული და აქვს წარწერა – „შეიძლება ჩვენ გავხდით იმდენად დიდები, რომ პატარად გვეჩვენება”. ორმოცი წლის შემდეგ Ad Age-მა ეს სარეკლამო კამპანია მე-20 საუკუნის საუკეთესო რეკლამად დაასახელა.

60-იანები

აღსანიშნავია, რომ მანამდე Beetle-ის ოფიციალური სახელი The Type 1 იყო, ხოლო 1968 წელს გადაერქვა საწარმოო სახელწოდება და ოფიციალურად გახდა Beetle. 

იმავე პერიოდში „დისნეიმ” გამოუშვა 6 სერია, რომლის მთავარი გმირიც სწორედ ეს მოდელი იყო და ფილმში ის იყო გაცოცხლებული სახელით „ჰერბი”. 2018 წელს ერთ-ერთმა მანქანამ, რომელიც 1977 წელს ფილმში, Herbie Goes to Monte Carlo გამოიყენეს, აუქციონზე $128,700-ად გაიყიდა.

სუპერ ხოჭო

1971 წელს Volkswagen-მა წარმოადგინა პრემიუმ მოდელი, რომელიც ცნობილია როგორც სუპერ ხოჭო. მანქანას ჰქონდა ახალი წინა საკიდარი და მეტი ადგილი საბარგულში. მომდევნო წელს, 1972 წლის 17 თებერვალს, Beetle No. 15,007,034 გადმოვიდა ასამბლეის ხაზიდან და გადააჭარბა Ford Model T-ის რეკორდს, რომელიც 4 ათწლეულის განმავლობაში ყველაზე გაყიდვადი მანქანა იყო. 

1998 წელი – დიდი განახლება

60 წლის განმავლობაში Beetle იმ დიზაინით გამოდიოდა, რაც პირველ Type 1-ს ჰქონდა. 1998 წელს გამოვიდა სრულიად განახლებული „ხოჭო”, 115 ცხენის ძალით, 2.0-ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი ძრავითა და მეტი ეფექტურობით. 

2000-იანები

2011 წელს ავტომობილის მესამე თაობა გამოვიდა, რომელიც უფრო მიმსგავსებული იყო პირველად დიზაინს. ამის პარალელურად, ბრენდმა გააგრძელა ხოჭოების სპეცმოდელების გამოშვება. ასეთი იყო, მაგალითად,  2016 Beetle Dune – რომელიც ინსპირაციას იღებდა კლასიკური Baja Bugs-იდან. იმავე 2016 წლის მოდელი იყო Beetle Denim, რომელიც ორიგინალური Jeans Bug-ის შთაგონებით შეიქმნა. 

ერთ-ერთი ყველაზე თამამი მოდელი 2017 წლის PinkBeetle იყო, რომლის შთაგონებაც GTI-ის Pink Club-ის შეფერილობის სავარძლები გახდა. 

თავის მხრივ, ბრენდი არ ერიდებოდა შეზღუდული რაოდენობის მოდელების გამოშვებასაც. ამის მაგალითია 2003 წელს მექსიკაში აწყობილი 3000 1600i Última Edición მოდელის შეზღუდული სერია. ის პირველი თაობის მოდელის წარმოების დასასრულის აღსანიშნავად შეიქმნა. 

აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან Beetle-ის გაყიდვები შემცირდა. Volkswagen-მა ორი ფინალური მოდელის, Final Edition SE-სა და Final Edition SEL-ის გამოშვება დააანონსა, თუმცა აქვე, Volkswagen Group-ის პრეზიდენტმა, ჰინრიხ ჯ. ვობკენმა დასძინა, რომ „არასოდეს თქვათ არასოდეს!

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

iPhone 15 Pro-ს შესაძლებლობები ახალ რეკლამასა და მუსიკალურ ვიდეორგოლში

დაიწყო! – Ad Black Sea 2023 ოფიციალურად გაიხსნა!