in

Volkswagen-ის ყველაზე ცნობილი ფურგონის ისტორია

დაახლოებით 70 წლის წინ მსოფლიო ავტობაზარზე გამოვიდა Volkswagen-ის Transporter Van, სახელწოდებით T1, რომელმაც კომერციული ავტომობილების ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი რევოლუცია მოახდინა. თუ გაინტერესებთ, როგორ გახდა ეს მანქანა 6-ზე მეტი თაობის არჩევანი, გამოგვყევით.

ამბავი იწყება Beetle-ით

1945 წელს Volskwagen-მა გამოუშვა თავისი პირველი Type 1 Beetle, რომელიც კარგად იყო აწყობილი ბარგის შესანახად და ჰქონდა ქრომირებული ბამპერები. ის იყო სპორტული მოდელი და არც ისე პრაქტიკული გამოდგა საქმიანი გამოყენებისთვის. ამან სათავე დაუდო VW Type 2-ის დაბადებას, რომელიც 50-იანი წლებიდან გამოჩნდა. Transporter-ის პირველმა თაობამ შექმნა ფურგონების კონცეფცია და იქცა თავგადასავლების, გართობისა და საქმიანი მოგზაურობების სიმბოლოდ. 

პირველი თაობა

როგორც ისტორია გვიამბობს, Volkswagen-ის ყველაზე ცნობილი ფურგონი, რომელსაც ზოგჯერ ავტობუსადაც მოიხსენიებენ, პირველად ჰოლანდიელმა ბიზნესმენმა ბენ პონმა გამოიგონა. 1947 წელს მან მოინახულა Volkswagen-ის ქარხანა და დაინახაType I-ის შასისგან დამზადებული ბრტყელი ნაწილები, რამაც ის შთააგონა, რომ ავტობუსის დიზაინი დაეხატა. 

მისი დახატული ესკიზი მწარმოებელს მოეწონა და 1949 წლის 11 ნოემბერს VW T1-ის პროტოტიპის დებიუტი შედგა. ეს პროტოტიპი წარმატებული აღმოჩნდა და იგივე T1 დღესაც შეგიძლიათ მოინახულოთ Volkswagen-ის ავტომუზეუმში.

პირველი ვარიაციები

წარმოებაში გამოვიდა Volkswagen-ის ავტობუსის ორი განსხვავებული ვერსია. პირველი იყო Kombi, რომელსაც შუაში გრძელი კარი ჰქონდა, უკანა სავარძლები და გვერდითი ფანჯრები. მეორე კი კომერციაზე გათვლილი მოდელი იყო. 

1951 წელს Volkswagen-მა გამოუშვა განახლებული ვერსია – VW T1 Samba. მანქანას 23 ფანჯარა ჰქონდა და მისი საერთო სტილი იმდენად გამორჩეული და უნიკალური იყო, რომ სწრაფად მოიპოვა 2 მეტსახელი: “Splitty” გაყოფილი წინა საქარე მინის გამო და “Bulli”. 

წარმატების საიდუმლო

საინტერესოა, მაინც რატომ იყო ასეთი პოპულარული ეს მანქანა. ამბობენ, რომ ჭკვიანურმა მარკეტინგმა დიდი როლი ითამაშა მის წარმატებაში. ბრენდი არეკლამებდა მანქანას, როგორც თავისუფალი სტილის, სასარგებლო ავტომობილს ნებისმიერი მიზნისთვის, ნებისმიერ სფეროში გამოსაყენებლად. მომხმარებლებს მოსწონდათ, რომ ამ მანქანის მეშვეობით ყველანაირი ტვირთის გადატანა შეიძლებოდა, ასევე ის იტევდა ბევრ ადამიანს. ამის გარდა, ეს მანქანა მარტივი იყო სამართავად, მოსავლელად, ჰქონდა ფართო ინტერიერი, უკანა ამძრავი, ხოლო მისი ძრავა ხარისხიანად გრილდებოდა.

მფლობელებმა მანქანას მრავალი სხვადასხვა დანიშნულება მოუძებნეს. VW ფურგონებს დაამატეს საწოლები, აქსესუარები და სხვა. ამას თავის მხრივ მწარმოებელმაც დაუმატა კონვერტაციის კომპლექტები, რომლითაც ფურგონების საჭიროებისამებრ გადაკეთება კიდევ უფრო მოსახერხებელი გახდა. 

ჰიპების ფურგონი

ეს ფურგონი ჰიტად იქცა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ აშშ-შიც. აქ იგი მალე გაიგივდა ჰიპების კულტურასთან, რადგან მას ძირითადად მოიხმარდნენ განსხვავებულობის, სიახლეებისა და თავგადასავლების მაძიებლები. VW T1 Samba გახდა კონტრკულტურის სიმბოლო. 

ცნობილი ფურგონი დღეს

მისი პირველი წარმოებიდან 70 წელზე მეტი ხნის შემდეგ, Volkswagen-ის ავტობუსი რჩება ერთ-ერთ ყველაზე საკულტო მანქანად, რომელიც ოდესმე შექმნილა. ის დღესაც მოთხოვნადია ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის, ბიზნესის მფლობელებისთვისაც კი. თანამედროვე VW ფურგონი T6 სერიით გვხვდება. მას ხშირად ნახავთ ამერიკულ ფილმებშიც, რომლებიც მოგზაურობასა და საინტერესო თავგადასავლებს ეხება. 

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ნახეთ: ფოტოებში ასახული „პოლარული აბრეშუმის გზა“

ალდაგის შეთავაზება თეგეტა ეფრუვდის მომხმარებელს