Volkswagen – ეს საავტომობილო ბრენდი, ისეთივე მდიდარი და შთამბეჭდავი ისტორიის მქონეა, როგორც მის მიერ წარმოებული ავტომობილები. დაარსებული 1937 წელს გერმანიაში, Volkswagen, ითარგმნება როგორც „სახალხო ავტომობილი“. ის ჩაფიქრებული იყო როგორც მასობრივი მოხმარების ავტომობილი, იმ დროს, როცა ავტომობილები ძირითადად ელიტური ფუფუნების საგანს წარმოადგენდა. სანამ თქვენ დილის გემრიელ ყავას იმზადებთ, ჩვენ Volkswagen-ზე მოგიყვებით.
Volkswagen-ის შექმნა მჭიდროდ უკავშირდება ფერდინანდ პორშეს სახელს – ინჟინერს, რომელსაც ინოვაციური და ხელმისაწვდომი ავტომობილების შექმნის დიდი სურვილი ჰქონდა. უნდოდა შეექმნა ავტომობილი, რომელიც იქნებოდა ხელმისაწვდომი, პრაქტიკული და საიმედო საშუალო გერმანული ოჯახისთვის.
Volkswagen-ის დაარსება გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით მოხდა. მიზანი იყო ისეთი ავტომობილის შექმნა, რომელიც ხელმისაწვდომ ფასად შეძლებდა ხუთკაციანი ოჯახის გადაყვანას. პორშეს მიერ შექმნილი დიზაინი იყო ლეგენდარული „ხოჭო“, რომელიც ოფიციალურად ცნობილი იყო როგორც KdF-Wagen. თავისი მომრგვალებული, ხოჭოსმაგვარი ფორმით, ეს ავტომობილი მკვეთრად განსხვავდებოდა იმ დროის უფრო დიდი და ძვირადღირებული მანქანებისგან.
მარკეტინგული თვალსაზრისით, განსაკუთრებით საინტერესოა Volkswagen-ის ისტორია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. კომპანიამ შეძლო თავისი პროდუქტის უნიკალური მახასიათებლები – მცირე ზომა და უჩვეულო დიზაინი – ექცია უპირატესობად. 1960-იან წლებში აშშ-ში Volkswagen „ხოჭო“ გახდა ერთგვარი სიმბოლო, რასაც ხელი შეუწყო კრეატიულმა სარეკლამო კამპანიებმა. განსაკუთრებით აღსანიშნავია სააგენტო DDB-ის მიერ შექმნილი რეკლამები, რომლებიც დღემდე ითვლება სარეკლამო ინდუსტრიის კლასიკად.
კომპანიის სტრატეგია ყოველთვის ეფუძნებოდა ინოვაციებს. 1965 წელს, Volkswagen-მა შეიძინა Auto Union (დღევანდელი Audi), რაც გახდა მულტი-ბრენდული პორტფოლიოს შექმნის დასაწყისი. 1974 წელს გამოშვებული Volkswagen Golf-ი კი გახდა ახალი ერის დასაწყისი – ეს მოდელი არა მხოლოდ ტექნიკურად იყო ინოვაციური, არამედ მარკეტინგული თვალსაზრისითაც წარმოადგენდა ახალ ეტაპს ბრენდის განვითარებაში.
დღეს, Volkswagen Group აერთიანებს ისეთ პრემიუმ ბრენდებს, როგორებიცაა Audi, Porsche, Lamborghini და Bugatti. კომპანია განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ელექტრომობილებზე, რაც აისახება მის ID. სერიის მოდელებში. საინტერესოა, რომ Volkswagen-ის მარკეტინგული სტრატეგია კვლავაც ეფუძნება ინოვაციურობას და მდგრად განვითარებას, რაც თანხვედრაშია თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებთან.
რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.