არაერთი ავარია მომხდარა იმის გამო, რომ მძღოლს საჭესთან ჩასძინებია… სამწუხაროდ, სტატისტიკა ყველა ქვეყანაში საკმაოდ მძიმეა, ამიტომ Volkswagen-მა გადაწყვიტა, რაღაც შეეცვალა. ბრაზილიელ მომხმარებლებს Trucker Napp შესთავაზა გზავნილით Earn While You Sleep… ასე კი იდეაც მარტივი მისახვედრი ხდება.
მოკლედ რომ ვთქვათ, პროგრამა სატვირთოების მძღოლების დასვენების საათებს აკვირდება და მათ ფულად ერთეულებად ან სასურველ პროდუქტებად გარდაქმნის. ფიქრობენ, რომ ასე მეტად უსაფრთხო გზებსაც მიიღებენ და აღნიშნული მიზეზით მომხდარ მრავალ ავტოსაგზაო შემთხვევასაც აირიდებენ თავიდან.
პროგრამა ჭკვიან საათებს იყენებს, რათა მძღოლის ძილის რეჟიმს დააკვირდეს — ძილის ყოველ ერთ საათში ისინი Livelo ქულებს მიიღებენ, შესაბამისად, რაც უფრო მეტად და ხარისხიანად დაიძინებენ, მით უფრო მეტი იქნება მათი შემოსავალიც. ხოლო რას აირჩევენ ჯილდოდ, ეს მათზეა დამოკიდებული — „მძღოლებს აქვთ თავისუფლება, მათთვის სასურველი ჯილდო აირჩიონ, იქნება ეს მოგზაურობა, პროდუქტები, ქეშბექი, სასტუმროს ჯავშნები თუ სხვა რამ“.
თუმცა სანამ ფართოდ გახდება ხელმისაწვდომი, პროგრამა ჯერ 3-თვიან შეფასების პერიოდს გადის.
„Trucker Napp-ით ჩვენ პრაქტიკულად ახალი უსაფრთხოების ფუნქცია შევქმენით მძღოლებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც ამ გზას მათთან ერთად იზიარებენ. ეს ამ პროფესიონალების უფრო მეტ შემოსავალსა და სიჯანსაღესაც ნიშნავს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ“, — აცხადებს ფერნანდო დუარტე, კამპანიის ავტორი AlmapBBDO-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი.