in

ხალხის სამსახურისთვის შექმნილი ბრენდი – Volkswagen-ის ავტოისტორია

როგორც უკვე სათაურიდანვე მიხვდებოდით, დღეს Volkswagen-ზე მოგიყვებით. ბრენდი, რომელიც მსოფლიო ავტოინდუსტრიის ბაზარზე ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია, ნამდვილად იმსახურებს ჩვენს ყურადღებას. მისი სათავო ოფისი გერმანიაში, ვოლფსბურგში მდებარეობს. პირველი წარმოების ინიციატორი გერმანიის მთავრობა იყო, რომელსაც მიზნად ჰქონდა ბიუჯეტური მანქანების წარმოება, რომლის ყიდვასაც ნებისმიერი ადამიანი შეძლებდა. მანქანა ხალხისთვის – ასე უწოდებდნენ მაშინაც და დღესაც. 

დაარსება

ოფიციალურად ყველაფერი 1937 წელს იწყება. გერმანიის შრომის ფრონტი სათავეს უდებს ახალი საწარმო ქარხნის მშენებლობას, რომლისთვისაც ცნობილი საავტომობილო ინჟინერი, ფერდინანდ პორშე მოიწვიეს. მას მოეთხოვებოდა მანქანის ორიგინალური დიზაინის შემუშავება. 1938-ში ქარხანა უკვე მზად იყო, თუმცა მალევე დაიწყო პირველი მსოფლიო ომი და მისი დანიშნულება შეიცვალა – ის სამხედრო აღჭურვილობის დასამზადებლად გამოიყენეს. ომის პერიოდში ქარხანა ბომბებმა ნანგრევებად აქცია. შემდეგ იგი აღადგინეს ბრიტანეთის ზედამხედველობითა და ჩარევით, 1946 წელს კი წარმოებაც დაიწყო. 

ლოგო

Volkswagen-ის ლოგო კომპანიის ინიციალებს შეიცავს. “V” მოთავსებულია “W”-ზე – და ორივე ეს ასო შესანიშნავად ურთიერთქმედებს ერთმანეთთან. ლურჯი ფერი Volkswagen-ის ლოგოში ბრწყინვალების, საიმედოობისა და კლასის სიმბოლოა, ხოლო თეთრი ფერი ასახავს კეთილშობილებას, სიწმინდეს და მომხიბვლელობას. 

შემდგომი პერიოდი

Volkswagen-ის წარმოება სწრაფად გაფართოვდა 1950-იან წლებში. კომპანიამ წარმოადგინა Transporter van 1950 წელს და Karmann Ghia კუპე 1955 წელს. მანქანები ევროპაშიც იყიდებოდა, თუმცა აშშ-მდე მისვლა თავდაპირველად გაუჭირდა, რადგან ნაცისტურ გერმანიასთან ასოცირდებოდა და მასზე მოთხოვნა არ იყო, თუმცა ეს მოცემულობაც ძალიან მალე შეიცვალა და პირველი Volkswagen of America დაარსდა 1955 წელს. ამ დროს გამოვიდა ბრენდის ცნობილი „ხოჭოც”, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იყო ყველაზე პოპულარული იმპორტირებული ავტომობილი შეერთებულ შტატებში. მიუხედავად იმისა, რომ Volkswagen-მა ბევრი დეტალური ცვლილება შეიტანა Beetle-ში, უკანა ძრავის ძირითადი დიზაინი და მომრგვალებული ფორმა იგივე დარჩა.

ამ პერიოდში სხვა ავტომწარმოებლებიც იწყებენ პატარა, მომრგვალებული ფორმის მქონე მანქანების წარმოებას, ამიტომ კონკურენცია საკმაოდ გაიზარდა. კომპანიას კორპორატიული ფილოსოფიის ცვლილება და უფრო თანამედროვე, სპორტული ავტომობილების მოდელების შემუშავებაზე ფიქრი მოუხდა. შედეგად, 1970 წელს K70 გამოუშვა, რომლის სიცოცხლეც შედარებით ხანმოკლე იყო, თუმცა საფუძველი უფრო ლეგენდარულ მოდელს Passat-ს ჩაუყარა, რომელიც 1973 წელს გამოვიდა. 1974 წელს გამოვიდა კიდევ უფრო მოთხოვნადი და დღემდე ძალზე პოპულარული Golf, რომელსაც შეერთებულ შტატებში კურდღლის სახელით მოიხსენიებდნენ. გოლფმა მალე ჩაანაცვლა ჟუკის მოდელი გაყიდვების რაოდენობით და გახდა Volkswagen-ის ყველაზე გაყიდვადი მოდელი მსოფლიოში.

90-იანი წლები

1997 წელს გამოდის Golf Mk4, რომელმაც თავის „კლასში” ხარისხის საზღვრები გაარღვია და ყველანაირი კომფორტი გაითვალისწინა იმ დროისთვის მომხმარებლისთვის. პირველად სწორედ ამ მოდელს ჰქონდა აუდიომოწყობილობა სალონში, რომელსაც აქვს როგორც CD, ისე კასეტების მხარდაჭერა. იმავე მოდელში ინტეგრირებული იყო ფერადი სანავიგაციო რუკა, რომელიც ასევე სიახლეს წარმოადგენდა.

Volkswagen-მა თავისი კომპაქტური სედანის ხაზის მეოთხე თაობა 1998 წელს წარადგინა სხვადასხვა სახელწოდებით სხვადასხვა ბაზარზე. ესენი იყო: Jetta, Bora და Vento, იგივე პლატფორმაზე დაფუძნებული, როგორც Golf MK4. გერმანელ ავტომწარმოებელს არ სურდა მოდელებს შორის რაიმე დაბნეულობა გამოეწვია, ამიტომ, ამ მოდელებით, მკვეთრად შეცვალა მანქანის ექსტერიერი. 

2000-იანები

ორიათასიანი წლები ისევ Golf-ით იწყება, ოღონდ უკვე განახლებული Mk5. იგი აღჭურვილი იყო მხოლოდ ორმაგი DIN მოწყობილობებით. მას ჰქონდა თანამედროვე სანავიგაციო სისტემა, დიზაინი და ციფრული MP3 ფლეიერის მოწყობილობასთან დაკავშირების შესაძლებლობა. 

2008 წლიდან გამოშვებულ მანქანებში ბრენდი უკვე DVD დისკის პრემიერას სთავაზობდა მომხმარებელს და საუბრობდა პირველ მულტიმედია სისტემაზე. იგი აღჭურვილია USB პორტით, ციფრული რადიოს მიმღებით (DAB), დინამიკური ნავიგაციითა და 30 გბ მყარი დისკით სხვა ტექნოლოგიებთან ერთად. 2008-ში უკვე სრული კომფორტით შეეძლოთ მგზავრსა და მძღოლს იმ დროის მსოფლიო ჰიტების Coldplay-ის Viva la Vida-სა და პოპის დედოფლის, მადონას 4 minutes-ის მოსმენა. 

2012 წელს კომპანია უშვებს Mk7-ს, რომელსაც უკვე 3D რუკა და Bluetooth და Hotspot სისტემები აქვს. ამ პერიოდიდან ბრენმდა უკვე დაიწყო ისეთ მოდელებზე ზრუნვა, რომლებსაც ხმის კონტროლი აქვთ. 

ელექტრომობილების პიონერი

დღეს ელექტრომანქანები სულ უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭენ და თითქმის ყველა ავტომწარმოებელი ზრუნავს მათ გამოშვებაზე, თუმცა ბევრმა ალბათ არ იცის, რომ ამ ფუტურისტულ ტექნოლოგიას, რომელზეც დღეს როგორც სიახლესა და ინოვაციაზე ისე ვწერთ, ფესვები ჯერ კიდევ 70-იანი წლების Volkswagen-ისგან მოსდევს. ამ წლებში საწარმომ პირველად შეიმუშავა ბატარეა, რომელიც დამონტაჟდა მანქანაზე T2 Camper. 

საწარმო დღესაც აქტიურად ზრუნავს და მუშაობს ელექტრომობილების წარმოებაზე. ჯგუფი წინ მიიწევს სისტემის ფუნდამენტური ცვლილებებით ინდივიდუალურ მობილურობაში და სისტემატურად უერთდება ელექტროძრავებს. ვარაუდობენ, რომ ელექტრო პლატფორმებზე აშენებული მანქანების სავარაუდო რაოდენობა 15 მილიონიდან 22 მილიონამდე გაიზრდება. ელექტრომობილებიდან ბრენდის ყველაზე პოპულარული მოდელია Volkswagen e-Up. 

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ფინტექების და ტექნოლოგიების ეპოქა – Visa კავკასიის რეგიონში

სპეციალურად SOLO მომხმარებლებს – ზურა შევარდნაძის მასტერკლასი გარდენიაში