როდესაც ბრენდი „მომავლის სამოსზეა“ ორიენტირებული, რეკლამირებისთვის იმაზე კარგი გზა არ არსებობს, ვიდრე კაცობრიობის მომავლის ერთ-ერთი სავარაუდო ალტერნატივით „თამაში“. ალბათ, სწორედ ამას ეფუძნება Vollebak-ის ახალი რეკლამა, რომლის მიხედვითაც, კომპანიამ მარსის პირველი ბილბორდი შექმნა — აქვე თავისი განახლებული, 3D ლოგოც წარადგინა.

იმისათვის, რომ დედამიწის ფარგლებს გარეთ გასულიყო და საკუთარი სამოსის კონცეფცია კოსმოსამდე განეზოგადებინა, ბრენდმა ანოდირებული ალუმინი 6082T6 გამოიყენა. სწორედ ამ მასალით დაამზადეს NASA-ს როვერი Curiosity. იმის გათვალისწინებით, რომ მარსის ატმოსფერულმა გაზებმა, რადიაციამ და ნიადაგმა შეიძლება, დიდი გავლენა იქონიოს ამა თუ იმ ობიექტზე, ამ ყველაფრისადმი მდგრადი მასალის გამოყენება ლოგიკურია.

ბილბორდი 11 ინდივიდუალური ნაწილისგან შედგება, რომელთა დაშლა და კვლავ აწყობაც ნებისმიერ დროს შეიძლება. ამგვარი მიდგომის უკან რეალური მიზნები დგას: თუ ბილბორდს წითელ პლანეტაზე გააგზავნიან, რობოტები მარტივად ააწყობენ ადგილზე.

აღნიშნული შემთხვევა ნათელი მაგალითია იმისა, რომ ტექნოლოგიებთან ერთად, დედამიწის ფარგლებს მარკეტინგისა და რეკლამების ინდუსტრიაც ცდება…











