სულ ცოტა ხნის წინ, Volvo-მ ლოგო განაახლა. ახალი სიმბოლო ავტომწარმოებლის საკომუნიკაციო არხებში ყოველგვარი ხმაურის გარეშე გამოჩნდა. შვედურმა ბრენდმა ლოგოს მთავარი კონცეფცია დატოვა, თუმცა, ის 2D დიზაინში წარმოადგინა. საერთო ჯამში, სიმბოლო უფრო თხელი და მინიმალისტურია. სიახლეა ფერების კუთხითაც – თუკი, ათწლეულების მანძილზე, ლოგო ლურჯსა და ნაცრისფერ ფერებში იყო გადაწყვეტილი, ახლა წინა ხაზზე შავ-თეთრი წამოწიეს. 1930 წლიდან, ბრენდის ემბლემა წრიდან მარჯვნივ, დიაგონალურად ამოსული ისარია, რაც ორმაგი მნიშვნელობისაა – ერთი მხრივ, მასკულინობაზე მიგვანიშნებს და ომის ღმერთის, მარსის სიმბოლოა, მეორე მხრივ, ძველ დროში, ამგვარად რკინას გამოსახავდნენ. 2D დიზაინი მეშვიდე განახლებაა Volvo-ს ლოგოს თითქმის ასწლიან ისტორიაში. ბოლოს, ვიზუალში ცვლილება 2014 წელს შეიტანეს. განახლებული ლოგო ავტომობილებზე 2023 წლიდან გამოჩნდება. საინტერესოა, რომ ლოგოს ანალოგიური განახლება აქვთ ბრენდებს Volkswagen, Mini, Audi, Nissan, და Toyota.
Volvo-მ ლოგო განაახლა
