in

Volvo-ს ახალ, თვითმართვად Ride Pilot-ს კალიფორნიაში დატესტავენ

2022 წლის ბოლოსკენ გამოვა Volvo-ს ელექტრო ფლაგმანის, SUV-ის პროგრამა, რომელიც გამოწერის სისტემას ეფუძნება

Volvo ემზადება ელექტრომობილების მორიგი თაობისთვის და საინტერესო დებიუტს გვთავაზობს – ახალი ელექტრო მანქანის მოდელი, სახელად Ride Pilot, რომელიც თვითმართვად ტექნოლოგიას გამოიყენებს. მასთან ერთად, მძღოლებისთვის შემუშავებულ იქნა გამოწერის სერვისიც, რომლითაც შეეძლებათ ამ მოდელით სარგებლობა. სანამ სხვა ბაზრებზე გაიყიდება, Ride Pilot-ს ჯერ კალიფორნიაში დატესტავენ, რადგან, როგორც ამბობენ, აქაური კლიმატი და მოძრაობის პირობები ავტონომიური მართვის მოწყობილობების გამოსაცდელად იდეალური ადგილია.

კომპანიას ამ ახალი პროდუქტის რეალიზაციამდე რამდენიმე ნაბიჯი აქვს დარჩენილი, რომ Ride Pilot მძღოლებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. პირველ რიგში, Volvo-მ უნდა გამოუშვას წლის ბოლოს ახალი ელექტრო ჯიპი, შემდეგ კი დარწმუნდეს, რომ ამ პროგრამის მიხედვით, Ride Pilot-ის მართვის ტექნოლოგია ისე მუშაობს, როგორც დაგეგმილი იყო. აღსანიშნავია, რომ კომპანია მას უკვე ამოწმებს შვედეთში, თავის პარტნიორ Zenseact-თან ერთად. და მესამე, ასევე მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ Volvo-მ უნდა დაარწმუნოს მომხმარებლები, რომ აიღონ სააბონენტო გადასახადი Ride Pilot-ის გამოსაყენებლად.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რა ეღირება ეს ახალი სერვისი. ბოლოს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ: “Ride Pilot-ის მიზანია, გაუფრთხილდეს მომხმარებლების დროს და გახადოს ვოლვოს მართვა კიდევ უფრო მოსახერხებელი და სასიამოვნო“.

უნდა აღინიშნოს, რომ მართვისას დროის დაზოგვაზე წარსულში ავტომობილები ნამდვილად არ საუბრობდნენ ხშირად, მაგრამ დროთა განმავლობაში მსგავსი სარეკლამო ტექსტებიც შეიცვლება, თუკი ინდუსტრია ავტომობილების ელექტრო და ავტონომიურ მოდელებზე გადავა. ბრენდის განცხადებაში ასევე ნახსენებია, რომ დროის დაზოგვით, მძღოლი შეძლებს სხვა აქტივობებით დაკავდეს, მაგალითად, კითხვით, მუშაობით ან უბრალოდ კომუნიკაციით. დანიშნულების ადგილამდე ადამიანი მივა დასვენებულ მდგომარეობაში, გონებრივი დაძაბულობის გარეშე, რადგან მის საქმეს ავტომობილი დამოუკიდებლად შეასრულებს. მოდელები შედგება 5 რადარის, 8 კამერისა და 16 ულტრაბგერითი სენსორისგან.

უსაფრთხოება

რაც შეეხება Ride Pilot-ის უსაფრთხოებას, Volvo ამბობს, რომ თავდაპირველად, ეს მანქანა დიდ მაგისტრალებზე არ იქნება გამოყენებადი. ამასთან, ავტომობილი ექსპლუატაციაში მხოლოდ მას შემდეგ შევა, რაც ის გაივლის Volvo Cars-ის მკაცრ შემოწმებას და ყველა დარწმუნდება, რომ ის აკმაყოფილებს პროტოკოლით გათვალისწინებულ ყველა ნიუანსს. სხვა მსგავსი სისტემებისგან, მაგალითად, Tesla’s Autopilot-ისგან განსხვავებით, Ride Pilot-ის მოდელის მართვისას მძღოლს არ მოუწევს გზისთვის ყურება და შეეძლება მშვიდად მიანდოს ეს საქმე მთლიანად ავტომობილს.

საინტერესოა, რომ ახალი ელექტრო მობილი სახელის ტიპითაც განსხვავებული იქნება აქამდე არსებული სხვა მოდელების სახელებისაგან. Volvo Cars-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰაკან სამუელსონმა განაცხადა, რომ ბრენდი არ გამოიყენებს ისეთ ანბანურ დასახელებას, როგორებიცაა: XC60 ან XC90, არამედ ეს იქნება სახელი, რომელსაც ბავშვსაც კი დაარქმევდნენ მშობლები და, დიდი ალბათობით, ის ხმოვნით დაიწყება.

ბოლო წლებში ბევრი მითქმა-მოთქმა და ხმაური იყო თვითმართვადი ავტომობილების სისტემების ირგვლივ, მაგალითად იმის გამო, რომ უმეტესობის აზრით, რაც არ უნდა ავტონომიური იყოს მანქანა, მას მაინც ყოველთვის სჭირდება ადამიანის ზედამხედველობა საიმისოდ, რომ გამართულად იმუშაოს, თუმცა ავტომწარმოებლები ნელ-ნელა იწყებენ ამ მიმართულებით მწვერვალების დაპყრობას და Volvo-ს მიზანია, რომ მათ რიგებში მოხვდეს.

მანეკენების მთა, რომელიც დამთვალიერებლებს ელოდება

ნახეთ: ქუჩის ფოტოგრაფი პარიზის მეტროს ესთეტიკას ასახავს