23
თებ
2018

VooDoo-სა და Toi Toi Musik-ის ერთობლივი მუსიკალური ღონისძიება SpaceHall-ში

23 თებ 2018

2 მარტს VooDoo, ლონდონურ პროექტ Toi Toi Musik-თან ერთად, Spacehall-ში მუსიკალურ ღონისძიებას გამართავს. „ივენთზე“ Akufen, Ion Ludwig, Vincent Lemieux, Tomma და Bacho დაუკრავენ.

BOG name
Bog name mob

 

VooDoo 2016 წელს არტისტებმა ბაჩო და თომა ჩალაძეებმა და პრომოუტერმა გეგი ვასაძემ დააარსეს.

„პროექტი მალევე იქცა „ივენთების“ წარმატებულ სერიად, რომელიც 20-ზე მეტ  საღამოს ითვლის, ისეთ ცნობილ არტისტებთან ერთად, როგორებიც Audio Werner, Sammy Dee, Losoul, Bill Patrick, Anthea, Bella Sarris  არიან. VooDoo-ს ვიზუალური მხარე ყოველთვის გამოირჩევა თავისი გემოვნებითა და კრეატიულობით, რაც ჩვენი გუნდის წევრის, მსახიობისა და მხატვარი ნუცა კუხიანიძის დამსახურებაა. სივრცის მუდმივ ცვლილებას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ახალ გარემოში ახალი ენერგიისა და მუხტის ცირკულაცია განსხვავებულ გამოცდილებებს ქმნის“ – ამბობენ ორგანიზატორები“.

Marc Leclair (Akufen)-ის შემოქმედებითი საქმიანობა ბევრ სხვადასხვა ფსევდონიმს მოიცავს, თუმცა Akufen ის პროექტია, რომელმაც „ივენთის“ ორგანიზატორების თქმით, მისი, როგორც სოლიდური არტისტის რეპუტაცია განსაზღვრა.

Marc Leclair (Akufen)

„Akufen მიკროჰაუს მიმართულების ერთ-ერთი პიონერი არტისტია, რომლის მუსიკალური კარიერა მუდმივად ექსპერიმენტებს და მუსიკის შექმნის ინოვაციურ მეთოდებს ეძღვნება. მისი 2002 წლის ალბომი My Way ერთ-ერთი პირველი სტუდიური ნამუშევარი იყო, სადაც სემპლინგის ახლებური ტექნიკა, მიკროსემპლინგი, დიდი დოზით გამოიკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ Leclair უკვე 15 წელია რაც კანადაში დაფუძნებულ ლეიბლს Musique Risquée ვინსენტ ლემიუსთან ერთად ხელმძღვანელობს, ის ხშირად თანამშრომლობს სხვა მუსიკალურ პლატფორმებთანაც, რომელთაგანაც აღსანიშნავია Perlon და Fabric“.

საღამოზე კანადის მუსიკალური სცენის კიდევ ერთი წარმომადგენელი და ფესტივალ MUTEK-ის და Musique Risquée თანადამფუძნებელი Vincent Lemieux დაუკრავს.

Vincent Lemieux

„ლემიუს მუსიკალური საქმიანობა არა მხოლოდ პერსონალურად მისი, არამედ მონრეალის სცენის დიდი კატალიზატორია. შეიძლება ითქვას, რომ Mutek ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც მონრეალი გლობალური ელექტრონული მუსიკის სცენაზე მოინიშნა. მისი მარათონული, მრავალფეროვანი და ეკლექტური DJ Set-ები, უკვე რამდენიმე წელია ლემიუს საცეკვაო ელექტრონული მუსიკის გამორჩეულ არტისტად აქცევს“.

VooDoo-ს კიდევ ერთი სტუმარი ვეტერანი მუსიკოსი და შემსრულებელი Ion Ludwig  იქნება.

Ion Ludwig

„ლუდვიგის ადრეული მუსიკალური გამოცდილება აკუსტიკურ ინსტრუმენტებზე დაკვრას მოიცავს, რომელიც მის შემდგომ კარიერაშიც მნიშვნელოვნად აისახა. Fabric, ARMA17, Berghain/Panorama Bar, Robert Johnson – ეს იმ კლუბების მცირე ჩამონათვალია, სადაც Ion Ludwig-ს საკმაოდ ხშირად მოისმენთ. ის თბილისში „ლაივს“ შეასრულებს“.

ღონისძიების ქართველი მასპინძლები Bacho და Tomma იქნებიან, რომლებიც, როგორც ორგანიზატორები ამბობენ, დაარსების დღიდან განსაზღვრავენ VooDoo-ს სერიების მუსიკალურ ხასიათს.

„ მორიგი საღამოს „სფეისჰოლში“ ჩატარება, გარკვეულწილად, ახალ ეტაპთან ასოცირდება. თუმცა, მასშტაბების ზრდა არ გულისხმობს, რომ ის შეგრძნებები, რომლებიც მსმენელისთვის VooDoo-სთან ასოცირდება, რამენაირად შეიცვლება. პირიქით, ახალი სივრცეების და ადგილების ათვისების მიზანი ის არის, რომ ის მუსიკა და ენერგია, რომელიც VooDoo-ს სერიებს ახასიათებს, კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს და შეიგრძნოს. სწორედ ამ მიზნით, ყოველთვიური სერიების გარდა, VooDoo პერიოდულად შედარებით დიდი მასშტაბის ღონისძიებებსაც (მათ შორის მუსიკალურ ფესტივალსაც) გამართავს. Toi Toi-სთან ერთად ჩატარებული კოლაბორაციული საღამოს შემდეგ, VooDoo-ს ახალი „ივენთები“ ევროპის რამდენიმე ქალაქში გაიმართება, მათ შორის, კოპენჰაგენსა და ბერლინში“, – ამბობს ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი ბაჩო ჩალაძე (Bacho).

განხილვა