in

We’re back, baby! — Voyager 1 დაბრუნდა

ხმა, რომელსაც ამდენი ხანი ველოდით, 24 მილიარდი კილომეტრის მოშორებით გაისმა — ადამიანების მიერ შექმნილი ყველაზე შორეული ობიექტი Voyager 1 ახლა უკვე ჩვეულებრივ დაუბრუნდება საქმიანობას. ნასას მეცნიერები აღფრთოვანებულნი არიან და ეს იმ პოსტშიც შესამჩნევია, რომლითაც გვეუბნებიან, რომ კოსმოსური ხომალდი 2023 წლის ნოემბრის შემდგომ პირველად შეძლებს სამეცნიერო ოპერაციების გაგრძელებას, რა დროსაც ოთხივე ინსტრუმენტს გამოიყენებს, იქნება ეს პლაზმური ტალღების, მაგნიტური ველების, ნაწილაკებისა თუ სხვა საკითხების შემსწავლელი:

M2
M2

ამდენი ხნის მანძილზე ეს პირველი შემთხვევაა, როცა 46 წლის ზონდს შეუძლია, გააზიაროს ყველაფერი, რასაც მზის სისტემის თითქმის გაყინულ საზღვრებზე იკვლევს. ამას კი წინ უძღოდა 2023 წლის ნოემბერში Voyager 1-ის გაუჩინარება, რაც მეცნიერებისთვის აუხსნელი, უცნაური მონაცემების მოწოდებით დაიწყო. ფიქრობდნენ, რომ პრობლემა ზონდის მეხსიერების სისტემაში იყო, რაც მისი ასაკის ან ვარსკვლავთშორის სივრცეში არსებული ენერგო ნაწილაკების ბრალი უნდა ყოფილიყო.

აღსანიშნავია, რომ 19 მაისს ნასას გუნდმა წარმატება მიაღწია 4 სამეცნიერო ინსტრუმენტიდან 2-ში, რითაც წაკითხვადი მონაცემები დააბრუნა დედამიწაზე. ახლა კი უკვე ვოიაჯერის ოთხივე სამეცნიერო ინსტრუმენტი ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია, გამოსადეგი ინფორმაციები მოგვაწოდოს.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ზონდები ერთადერთი გზაა, რომლითაც მეცნიერებს ვარსკვლავთშორისი სივრცის შესწავლა შეუძლიათ. თანაც მიღებული მონაცემები უკვე მნიშვნელოვან დეტალებს გვთავაზობს იმის შესახებ, თუ როგორ ყალიბდება მზის სისტემა და რამდენად შორს ვრცელდება Solar Bubble. 

მართალია, ბევრჯერ ისიც ითქვა, რომ Voyager-ის ზონდებმა დატოვა ჩვენი მზის სისტემა, მაგრამ ისინი მხოლოდ ჰელიოპაუზიდან გამოვიდნენ და ჯერ კიდევ არ მიუღწევიათ ჰიპოთეტურ Oort-ის ღრუბლამდე, რომელზეც ფიქრობენ, რომ გრავიტაციულად შეკრული სისტემის გარე ზონაა. სამწუხაროა, რომ ვოიაჯერებიდან ვერცერთი მიაღწევს ყინულოვან ზღვარს, რადგან მათი გენერატორები ენერგიას კარგავს. ნასას ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამჟამინდელი სიჩქარით Voyager 1-ს სამი საუკუნე დასჭირდება აღნიშნულ ღრუბლამდე მისაღწევად. ღრუბლის მეორე მხარეს მოხვედრას კი კიდევ 30 000 წელი…

კვლავ ვარაუდების მიხედვით, Voyager 1-ს 2025 წლისთვის მინიმუმ ერთი ინსტრუმენტი ექნება, რითაც ნასას Deep Space Network-თანაც შეძლებს 2036 წლამდე საუბრის გაგრძელებას. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი ენერგია ექნება ზონდს დარჩენილი იმ დროისთვის. იმასაც ამბობენ, რომ ბოლო წლებში Voyager 1-ს დაბერების ნიშნები აღენიშნება — მაგალითად შეტყობინებების გადმოცემისას რამდენიმე პრობლემა წარმოიშვა, მართალია, მალევე მოგვარდა, მაგრამ დედამიწამდე ინფორმაციის მოწოდებას 22.5 საათი დასჭირდა.

ნასას გუნდი კი ამჯერად Voyager 1-ის ციფრულ ჩანაწერზე ზრუნავს, რომელიც ბორტზე მყოფი პლაზმური ტალღის ხელსაწყოდან კვირაში 3-ჯერ იწერს მხოლოდ 48 წამის მონაცემებს. ეს იმას ნიშნავს, რომ როცა ვოიაჯერი დაკარგავს სათანადო კომუნიკაციის უნარს, სხვა ინფორმაციებიც დაიკარგება… აქ მეცნიერებსაც ის კითხვა გაუჩნდათ, რაც ახლა თავში გიტრიალებთ: ნეტავ ვინ იცის, რა გამოვტოვეთ ბოლო 6 თვეში?! თუმცა ვოიაჯერი რომ დაბრუნდა, ეს უკვე ძალიან კარგი ამბავია.

კანის საერთაშორისო ფესტივალზე AI Prompt Battle გაიმართება

უქომაგე ევროპის ჩემპიონატს მუზეუმიდან! – ეთნოგრაფიული მუზეუმის ტეროტორიაზე მატჩების დიდ ეკრანზე ყურებას შეძლებთ!