21
Nov
2019

ხელოვნური კანი, რომლითაც დისტანციური კომუნიკაციისას, ადამიანის შეხებას იგრძნობთ

21 Nov 2019

veon
veon


სილიკონისგან შექმნილ და სენსორებით დაფარულ ხელოვნურ კანს შეუძლია სხვადასხვა ნივთისა თუ ადამიანის შეხების შეგრძნების საშუალება მოგცეთ მაშინ, როცა მათთან კომუნიკაციისთვის ვირტუალურ რეალობას (VR), ან გაფართოებულ რეალობას (AR) იყენებთ. გუშინ, ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, ამერიკული Northwestern-ის უნივერსიტეტისა და ჰონგ-კონგის Polytechnic-ის უნივერსიტეტის მკვლევარები საუბრობენ მრავალშრიანი მასალის შექმნაზე, რომელიც აერთიანებს ჩიპს, სენსორებსა და აქტივატორებს, რომლებსაც ვიბრაციის გზით, შეუძლიათ ტაქტილური, ანუ შეხებითი შეგრძნებების აღძვრა.

ხელოვნური კანი უსადენოა და მას არც ელემენტი სჭირდება. ტექნოლოგია კი გვაძლევს კითხვის დასმის საშუალებას – არის, თუ არა ეს გზა, რომლის დახმარებითაც, სხვადასხვა დისტანციაზე მყოფი ადამიანები, ვირტუალური რეალობის გამოყენებით კომუნიკაციისას, სმენისა და დანახვის პარალელურად, შეხებასაც შეძლებენ? მაგალითად, შეგვეძლება, თუ არა ჩავეხუტოთ მეგობარს, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს? მეცნიერები ამბობენ, რომ დიახ, ეს შესაძლებელია. სხვა მხრივ კი, ვიდეოთამაშების მოყვარულთათვის იხსნება ახალი განზომილება – მათ შეიძლება იგრძნონ ტყვიები, თუ ვიდეოთამაშისას, მოწინააღმდეგე მათი მისამართით ისვრის და მიზანშიც მოარტყამს… უფრო სხვა მხრივ, ადამიანები, რომლებიც პროთეზს ატარებენ, შეძლებენ შეხება პროთეზითაც იგრძნონ.

იმ ფონზე, როცა მსოფლიო საუბრობს, რომ VR არც ისე ფართოდგამოყენებადი ტექნოლოგია აღმოჩნდა, შეხების კომპონენტი შეიძლება იყოს ის, რაც ამ ტექნოლოგიისკენ მომხმარებელს შემოაბრუნებს. რაც აქცევს VR-ს ყოველდღიური მოხმარების ტექნოლოგიად.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ერთადერთი გუნდი, რომელიც მსგავსი მასალის შექმნაზე მუშაობს. მაგალითად შეგვიძლია Soft Robotics მოვიყვანოთ. ერთი თვის წინ, შვეიცარიელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევის შედეგი, რომელზე დაყრდნობითაც 500 ნანომეტრიანი ხელოვნური კანი შექმნეს. ასე რომ, ამ მიმართულებით ჯერ კიდევ მიმდინარეობს მუშაობა და ამ მიმართულებით ინოვაციის შექმნას არაერთი კომპანია ცდილობს.

განხილვა