ღონისძიებაზე – VR NOW CONFERENCE & AWARDS, მსოფლიო მასშტაბით, 40-მდე სპიკერი მიიწვიეს, მათ შორის კი ქართველი ვიზუალური არტისტი – თაკაკა აბრამია, რომელიც ბერლინში, 15-16 ნოემბერს, VR-ით დაინტერესებულ აუდიტორიას 360 ვირტუალური ვიდეო თხრობის კულტურასა და უპირატესობაზე ესაუბრება. VR NOW პირველი ევროპული დაჯილდოებაა, ვირტუალური რეალობის მიმართულებით. წელს ის მეორედ ტარდება და მოიცავს კონფერენციას, ვორქშოფებს, დაჯილდოებასა და გამოფენას. კონკრეტულად, რა გამოცდილება აქვს არტისტს ამ სფეროში და როგორ მიიღო მან ევროპულ დაჯილდოებაზე სპიკერობის მიწვევა – ამ საკითხებზე მარკეტერი თაკაკა აბრამიას ესაუბრა:

M: საიდან იწყება თქვენი, როგორც ვიზუალური არტისტის გამოცდილება? რა მოლოდინებს გიქმნით ამ სფეროში თქვენი თავი?
ისევე, როგორც უმრავლესობა, ბავშვობიდან ვხატავ. მიყვარდა მარკერებით ხატვა და ფერადი ფურცლებისგან სხვადასხვა ფორმის გამოჭრა. ვფირქობ, ჯერ კიდევ მაგ დროიდან იწყება ჩემი, როგორც ვიზუალური არტისტის ფორმირება. აკადემიაში ჩაბარების შემდეგ, გრაფიკული დიზაინის მიმართულებით განვავითარე უნარები. მას მერე, ჩემი პროფესიით 6 წელი ვიმუშავე და შარშან გავაცნობიერე, რომ გრაფიკული დიზაინი კი კაია, მაგრამ არ მყოფნის საკუთარი თავის გამოსახატად. სულ მაწუხებდა სხვადასხვა ქაოტური იდეები, რაც გრაფიკულ დიზაინს სცდებოდა და გადავწყვიტე, რომ ჩემი შემოქმედება მრავალფეროვანი გამეხადა. რადგან ახალ გამოწვევებს 0 გამოცდილებით დავხვდი, გავაცნობიერე, რომ საჭირო იყო სწავლა. მაშასადამე, ჩავაბარე CCA-ში (თანამედროვე ხელოვნების ცენტრი), ხელოვნების მედიაციის სამაგისტრო პროგრამაზე. CCA-ს კურსის ფარგლებში, გავაკეთე რამდენიმე ნამუშევარი ურბანული, ვიდეო-არტის, სოციალური ინოვაციის და სხვა მიმართულებით. მივიღე მონაწილეობა რამდენიმე გამოფენაში. ასევე, ჩემი ნამუშევრები გამოქვეყნდა რამდენიმე პუბლიკაციაში. პროცესში მივხვდი, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი. მომავალში, აქტიურად ვხედავ საკუთარ თავს თანამედროვე ხელოვნებაში, რადგან სათქმელი ბევრი მაქვს და იდეებსაც რა დალევს. ძალიან მეხმარება სარეკლამო სფეროში მუშაობის გამოცდილება და ასევე Forward-ის შეხვედრები მარკეტინგის მიმართულებით. ეს გამოცდილება საშუალებას მაძლევს საკითხს სხვადასხვა კუთხიდან შევხედო და ობიექტურად გავაანალიზო.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/tako.abramia/videos/10214759155520813/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
M: როგორი მიიღეთ VR NOW Conference & Awards-ის სპიკერობის მოწვევა და რა თემით უნდა წარსდგეთ ბერლინში?
2016 წლიდან აქტიურად ვმუშაობ ვიდეო არტის მიმართულებით. მიყვარს ექსპერიმენტების კეთება. წელს ზაფხულში, ჩემმა მეგობარმა მითხრა PEACE VR პროექტის შესახებ, რომელსაც ორგანიზაცია ELVA ახორციელებს EU და UNDP-ის მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს ქართველი და აფხაზი არტისტების დამეგობრებას და კოლაბორაციას, 360 VR ვიდეო თხრობის საშუალებით. პროექტით ძალიან დავინტერესდი, რადგან ქართველი ვიზუალური არტისტები იშვიათად იყენებენ ნამუშევრებში თანამედროვე ტექნოლოგიებს. არადა, მაგარი სინთეზი შეიძლება გამოვიდეს. 360 ვირტუალური თხრობის კულტურა ძალიან საინტერესო მიმაჩნია, რადგან მაყურებელი აღარაა მაყურებელი და ხდება მონაწილე იმისა, რასაც აჩვენებ. შემდეგ პროექტის პირობებს გავეცანი. გასაუბრების და პორთფოლიოს საფუძველზე, ამარჩიეს პროექტის ერთ-ერთ მონაწილედ თორმეტიდან. მონაწილება მივიღეთ ვორქშოფში, სადაც თავისი გამოცდილება გაგვიზიარეს NowHere Media-ს წარმომადგენლებმა. შემდეგ, ეს გამოცდილება თბილისში ჩამოვიტანეთ და Impact Hub-ში გავაკეთეთ ვორქშოფი 360 VR ვიდეო თხრობის შესახებ.
PEACE VR პროექტში მონაწილეობისას, შემომთავაზეს ჩემი გამოცდილების VR NOW კონფერენციაზე გაზიარება. ვისაუბრებ 360 VR-ის უპირატესობებზე. ასევე, შევეხები peacebuilding-ს და VR-ის მნიშვნელობას მაგ მიმართულებით.