მიტოვებული ადგილები და ადამიანები ადგილების გარეშე
ერთმანეთის შემჩნევის გარეშე ქუჩაში გადაადგილებასაც კი ვერ შევძლებდით. როგორ გრძნობენ თავს ის ადამიანები, რომლებიც საზოგადოებისთვის უჩინარნი არიან? რომლებსაც არ უსმენენ, არ უყურებენ და არც არაფერს ეუბნებიან? როგორ გრძნობენ თავს ადგილები ადამიანების გარეშე და ადამიანები ადგილების გარეშე?
აფხაზეთში თუ ყოფილხართ? მიწისძვრისგან განადგურებულ სომხურ სოფელში? თუ გიგრძნიათ თავი უჩინარ ადამიანად, უმცირესობის წევრად ან წარმოგიდგენიათ, რას განიცდის ეტლით მოსარგებლე, როცა დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია?

როცა 25 იანვარს, „ფაბრიკაში“ მოწყობილ, სამხრეთ კავკასიის რეგიონის ვირტუალური რეალობის გამოფენაზე მივდიოდით, ვერც კი ვიფიქრებდით, რომ ეს ღონისძიება ამდენი კითხვის დასმის საშუალებას მოგვცემდა. მიუხედავად ბევრი ინფორმაციისა, მაინც, VR ჩვენთვის თამაშთან, ვირტუალურ მოგზაურობასთან ასოცირდებოდა და არა სოციალური პრობლემების, სივრცეების, ადამიანების ისტორიების საკუთარ ისტორიად განცდის საშუალებასთან. დარბაზში შესვლის შემდეგ „მოგზაურობის“ მსურველთა რიგში ჩავდექით. პირველად, აფხაზეთის ნახვა გადავწყვიტეთ. ერთი მხრივ, გვინდოდა გამოგვეცადა, გვქონდა, თუ არა ემოციური კავშირი ამ ადგილებთან, მიუხედავად იმისა, რომ იქ არასდროს ვყოფილვართ. გვაინტერესებდა, თუ არა ამბავი იმ ხალხზე, რომელსაც არ ვიცნობდით. აღმოჩნდა, რომ მათ ადგილას ყოფნა, მათი თვალებიდან ყურება და მათი ხმით საუბარი შეგვეძლო. შემდეგი ვიდეოს ნახვისას, ცხადად ვიგრძენით, რა განცდაა, როცა პარკში, უპანდუსო კიბის წინ, ეტლით დგახარ, ფიქრობ, თუ როგორ ვერ იტან კიბეებს და ყურსასმენებში, ხმაც იმავეს იმეორებს. შემდეგ, მოდის ორი ადამიანი, შენს ეტლს ხელში იჭერს, კიბეზე აჰყავხარ და გერიდება, ძალიან გერიდება, ძალიან ბრაზობ.

რამდენიმე ვიდეოს ნახვის შემდეგ, VR სათვალე და ყურსასმენები რიგში ჩვენ შემდეგ მდგომ ადამიანებს დავუთმეთ და ღონისძიებასთან დაკავშირებით გაჩენილი რამდენიმე კითხვით პროექტის ინიციატორს – ნინუცა ნანიტაშვილს მივმართეთ:
M: PeaceVR-ზე მოგვიყევით.. მის ინიცირებასთან დაკავშირებულ დეტალებსა და მიზნებზე..
ძალიან დიდი ხანია, ვირტუალური რეალობის მიმართულება მაინტერესებს და 2 წლის წინ, ჩემს კოლეგას ვუზიარებდი იდეას იმის შესახებ, თუ როგორ შეგვეძლო ამ ტექნოლოგიის გამოყენებით, კონფლიქტურ სიტუაციებში, ახალგაზრდებისა და სივრცეების დაკავშირება. შარშან ზაფხულში, ციურიხში, კონფერენცია Build Peace-ზე გამოვედი ამ ინიციატივით, დაინტერესდნენ და შევძელით ის, რომ შეგვეკრა ეს იდეა, როგორც პროექტი და მოგვეპოვებინა დაფინანსება. ამ ეტაპზე, გავაერთიანეთ ათი ახალგაზრდა, თბილისიდან, სოხუმიდან და ერევნიდან. შეიქმნა 12 ვიდეოფილმი, 4 თემის ირგვლივ. ყველა ფილმი არ არის კონფლიქტის შესახებ და სოციალურ თემებს მოიცავს. გამოფენა ეწყობა საერთაშორისო ორგანიზაცია „ელვას“ ნდობის აღდგენის პროექტ PeaceVR-ის ფარგლებში.

M: ყელა ვიდეოს ნახვა ჯერ ვერ მოვასწარით.. კონკრეტულად, რა თემებს მოიცავს აღნიშნული 12 ვიდეო?
აქ არის მიტოვებული ადგილები აფხაზეთში, ბავშვები წყალტუბოს სანატორიუმში, ასევე, სომეხმა არტისტებმა გადაიღეს ვიდეო გვიმში, ეს არის ადგილი, სადაც იყო დიდი მიწისძვრა და 50 წელია, ადამიანები ძალიან ცუდ პირობებში ცხოვრობენ. ერთ-ერთი თემა გვქონდა „უჩინარი“, რომელიც გამოხატავს ადამიანებს, რომლებიც შეიძლება საზოგადოებაში არ ჩანდნენ. ძალიან საინტერესო არის ამაში VR ტექნოლოგიის გამოყენება, რადგან ერთ-ერთ შემთხვევაში, შენ ხარ ის უჩინარი ადამიანი, ძალიან დატვირთულ ადგილებში დადიხარ და ვერავინ გამჩნევს, წინ გიდგანან, მაგრამ არც გელაპარაკებიან. ასევე, ერთ-ერთი ვიდეოს ნახვისას ხარ ეტლით მოსარგებლე. თვითონ იგებ, რას ნიშნავს კიბეებთან იდგე და ვერ ადიოდე, ან ქუჩაზე გადასვლა გინდოდეს და დამოუკიდებლად ვერ გადადიოდე. ერთ-ერთ ვიდეოში ბათუმელ მეზღვაურებთან ერთად ზღვაში გადიხარ და გიყვებიან იმაზე, რამდენად განსხვავებულია ურთიერთობა ზღვაში, სადაც ყველა არის ეროვნებით მეზღვაური. ასევე, ერთ-ერთი ემოციურია ვიდეო აფხაზეთიდან, მთის გიდების შესახებ, რომლებიც ყვებიან, რომ მთა არის თავისუფლება, აფხაზები კი მთის სულის მატარებელი ხალხია. სომხებმა ამ თემაზე გააკეთეს მეწაღის ისტორია, რაც სომხურ კულტურაში საკმაოდ აქტუალური სოციალური თემაა. გარდა ამისა, გვაქვს არტის თემა, რომლის ფარგლებშიც, აფხაზმა ახალგაზრდებმა გადაიღეს როგორ მღერის ფოლკ ჯგუფი მთის სიმღერას. სიმღერა არის ორ ძმაზე, რომლებმაც გაუგებრობის გამო ერთმანეთი დახოცეს.

M: რამდენი მონაწილე იყო აფხაზეთიდან და როგორი იყო 360 გადაღების სწავლებასთან დაკავშირებული დეტალები?
ჩვენი ორგანიზაცია წლებია, მსგავს პროექტებზე მუშაობს და კავშირები დაგვიგროვდა, მეც ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, რომელიც ცხოვრობს სოხუმში. მათი დახმარებით, დავუკავშირდი ადამიანებს, რომლებსაც VR საერთოდ გაგონილი არ ჰქონდათ. ესეც მიზანი იყო, რომ გარკვეული არხი და შესაძლებლობა, სიახლე გაგვეხსნა მათთვის. სოხუმელ მონაწილეებს უფრო გაუჭირდათ ვიდოებზე მუშაობა, ვიდრე სხვა არტისტებს, თუმცა, ჩვენი პროექტი 360 VR გადაღების სწავლებასაც მოიცავდა. აფხაზეთიდან ჩართული იყო 5-6 ადამიანი, რომლებიც მუშაობდნენ სცენარზე, ხმაზე, გადაღებაზე. ოთხი ვიდეოა სოხუმიდან, ამდენივე თბილისიდან და ერევნიდან.
M: ამ ღონისძიებას თუ ესწრებიან სოხუმელი ახალგაზრდები ან, თუ იგეგმება მსგავსი გამოფენები ერევანსა და სოხუმში?
სამწუხაროდ, ამ ღონისძიებაზე არ იმყოფებიან. ასეთივე გამოფენები იგეგმება სოხუმსა და ერევანში. გვინდა, რომ არა მხოლოდ ჩვენ ვუყუროთ მათ, არამედ ვუზიარებდეთ განცდებს და ყველას ჰქონდეს საშუალება ერთმანეთის ადგილას აღმოჩნდეს.










